Wizz Air-ი 18-25 წლის ახალგაზრდებს კონკურსში „WIZZ-ის ახალგაზრდული გამოწვევა“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. კონკურსის გამარჯვებულები ერთწლიანი შეუზღუდავი მოგზაურობის პაკეტით დასაჩუქრდებიან.
მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ასავე მაგისტრატურის სტუდენტებს. გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 4 მონაწილისგან. ინდივიდუალური მონაწილეები კონკურსზე არ დაიშვებიან.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
იღბლიანი გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან Wizz Air-ის ერთწლიანი ულიმიტო უფასო ფრენით და გამგზავრებას არსებული 147 მიმართულებიდან სასურველი მიმართულებებით შეძლებენ. ასევე პირველ ადგილზე გასული გუნდი პირადად შეხვდება კომპანიის აღმასრულებელ ხელმძღვანელს. ისინი ასევე მიიღებენ შესაძლებლობას, რეალურად განახორციელონ საკუთარი იდეა.
კონკურსის მონაწილე გუნდები 31 ივლისიდან 1 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე https://www.wizzyouthchallenge.com სადაც ასევე გაეცნობიან დამატებით დეტალებს.რეგისტრაციის შემდეგ თქვენ იხილავთ დავალებას, რომელიც რეალურ ქეისსზე დაყრნობით არის შედგენილი. კონკურსზე მონაწილეებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და ბიზნესის მართვის უნარების გამოვლენის საშუალება რეალური ბიზნესქეისის გადაწყვეტის გზით აქვთ. ქეისები შედგენილია Wizz Air-ის ხელმძღვანელთა გუნდის მიერ. საბოლოოდ გუნდმა სწორედ ამ ქეისის გადაწყვეტის გზები უნდა წარადგინოს.
ფინალისტები თავიანთ იდეებს კომპანიის ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლებს 2019 წლის 14-15 ოქტომბერს ბუდაპეშტში წარუდგენენ.
წლევანდელი კონკურსი სტუდენტებს მთავარ ამოცანად შემოქმედებითი, ინოვაციური და უნიკალური იდეების მოფიქრებას უსვამს, რომელიც მომავალში შეიძლება Wizz Air-ის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში ინტეგრირდეს. მნიშვნელოვანია, იდეამ უზრუნველყოს WIZZ-ის მთავარი მიზნის, ევროპაში ყველაზე მწვანე ავიახაზის სტატუსის შენარჩუნება.
WIZZ-ის ახალგაზრდული გამოწვევა უნიკალური შესაძლებლობაა უნივერსიტეტისა და კოლეჯის სტუდენტებისთვის, რომ რეალური გავლენა მოახდინონ რეალურ ბიზნესზე. სტუდენტებს არა მხოლოდ შანსი აქვთ მიიღონ პროფესიონალური გამოცდილება, არამედ აქვთ შესაძლებლობა, საავიაციო ინდუსტრიაში ღრმად ჩაიხედონ, რჩევები კი Wizz Air-ის გამოცდილი მენეჯმენტისგან მიიღონ.