სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“ წელს პირველად გაიმართება. პროექტი ხუთი ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლობით განხორციელდება.
„ოქროს რტო“ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით განხორციელდება და ყოველწლიური სახე ექნება.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
„ოქროს რტო“ გაიცემა საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში, ასევე ოთხ წელიწადში ერთხელ დაჯილდოების მთავარი პრიზი და სიგელი გადაეცემა საუკეთესო ანიმაციის ავტორს.
სხვა საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულები, როგორიცაა: საუკეთესო დოკუმენტური, ოპერატორული ნამუშევარი, მხატვრობა, რეჟისურა, ხმის რეჟისურა, ორიგინალური მუსიკა, მონტაჟი და საუკეთესო მსახიობი ქალი და მამაკაცი, დაჯილდოვდებიან სპეციალური სიგელებით.
სტუდენტური კინოდაჯილდოების პირველი ცერემონია 23 თებერვალს გაიმართება.
წყარო: 1tv.ge