ქართველი სტუდენტის გზა კომაროვიდან კემბრიჯის უნივერსიტეტამდე

ინტერვიუ

გიორგი კერატიშვილი კემბრიჯის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტია. ის მეორე ქართველია, ვისაც ოდესმე კემბრიჯში ბაკალავრის საფეხურზე უსწავლია.

გიორგი საქართველოში კომაროვის სკოლის მოსწავლე იყო, 2016 წელს კი HMC პროექტის გამარჯვებული გახდა და 2-წლიანი დაფინანსება მოიპოვა, რის შედეგადაც ინგლისში კიმბოლტონის სკოლაში გააგრძელა სწავლა. მას ე.წ. A Level გამოცდებზე საუკეთესო შეფასებები ჰყავს უმაღლეს მათემატიკაში, ფიზიკასა და ეკონომიკაში.  ასევე, კიმბოლტონის სკოლაში სწავლის პერიოდში დასახელდა საუკეთესო მოსწავლედ ფიზიკაში.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

რატომ დაინტერესდა ეკონომიკით, როგორია მისი შთაბეჭდილებები პირველი სასწავლო დღიდან და რა მოსწონს ინგლისური სწავლების მეთოდში, ამაზე გიორგი ინტერვიუში გესაუბრება.

– გიორგი, როდის გაგიჩნდა განსაკუთრებული ინტერესი მათემატიკისა და ფიზიკის მიმართ?

– საერთოდ მათემატიკისადმი ინტერესი მანამდე გამიჩნდა სანამ სკოლაში შევიდოდი. ადრეული ასაკიდანვე მიყვარდა მათემატიკური მაგალითებისა და ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, მაგრამ ამან უფრო სერიოზული სახე მაშინ მიიღო, როცა კომაროვში ჩავაბარე. რაც შეეხება ფიზიკას, ამით უფრო მოგვიანებით დავინტერესდი, როცა უკვე სკოლაში დავიწყე მისი სწავლა.  გამიმართლა იმაშიც,  რომ ორივე საგანში ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. ისინი სწავლის პროცესს ბევრად უფრო საინტერესოს ხდიდნენ.

როგორ შეაფასებ კომაროვისა და კიმბოლტონის სკოლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას?

– კიმბოლტონი და კომაროვის სკოლა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩემს აკადემიურ წინსვლაში ორივემ უდიდესი როლი ითამაშა. პირადად ჩემთვის, კომაროვი საქართველოში საუკეთესო სკოლაა. იქ შექმნილია არაჩვეულებრივი ატმოსფერო, რომელიც მოსწავლეებს  მაღალი დონის განათლების მიღებაში ყველანაირად უწყობს ხელს. ყველაზე აშკარა სხვაობა ამ ორ სკოლას შორის ისაა, რომ კიმბოლტონში შესაძლებლობა მქონდა მესწავლა მხოლოდ 4 საგანი. ამიტომ შემეძლო მეტი დრო დამეთმო ამ საგნებისთვის და არსებული ცოდნა გამეღრმავებინა. ასევე ვფიქრობ რომ, ინგლისში, მშობლების გარეშე გატარებულმა ამ ორმა წელმა უფრო დამოუკიდებელი გამხადა  და მასწავლა როგორ მივიღო და ასევე  პასუხი ვაგო ჩემს გადაწყვეტილებებზე.

– ეკონომიკის ფაკულტეტი რატომ აირჩიე?

– ეკონომიკით, ალბათ, მაშინ დავინტერესდი, როცა ინგლისში ჩამოვედი სასწავლებლად. ძალიან დამაინტერესა იმ ფაქტმა თუ რატომ იყო ინგლისში ცხოვრების სტანდარტები ბევრად უფრო მაღალი ვიდრე საქართველოში და რამ გამოიწვია ინგლისის ასეთი განვითარება. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ეკონომიკის სწავლა კიმბოლტონის სკოლაში დავიწყე. სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ ეკონომიკა პასუხობს არა მარტო ამ კითხვებს, არამედ მრავალ სხვას, რომლებიც  დღევანდელ რეალობასთან პირდაპირ კავშირშია. რაც უფრო მეტს ვსწავლობდი ეკონომიკის შესახებ, მით უფრო მეტი კითხვები მიჩნდებოდა და ამიტომაც ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე.

– კემბრიჯის უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხს ელოდი თუ მაინც მოულოდნელი იყო?

– კემბრიჯში ჩაბარება ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია. პირველი ეტაპი ტესტირებაა, მეორე- გასაუბრება. ტესტირების შემდეგ, ასე თუ ისე ველოდი, რომ გასაუბრებაზე დამიბარებდნენ, მაგრამ გასაუბრებიდან რომ გამოვედი ნამდვილად არ ვიცოდი რა მოხდებოდა. თუმცა, ეს, ალბათ, კემბრიჯისგან მოსალოდნელიცაა.  გასაუბრებაზე პროფესორები მაქსიმალურად ცდილობენ არ გაგრძნობინონ პასუხი დადებითი იქნება თუ უარყოფითი.

– მოგვიყევი პირველი სასწავლო დღის შთაბეჭდილებებზე…

– ჩემთვის პირველი დღე ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო. საერთოდ პირველ დღეს, პირველკურსელები სპეციალურ მანტიას ვიცვამთ და მივდივართ ცერემონიალზე. ამ ცერემონიალის დროს ყველა პირველკურსელი რიგ-რიგობით მიდის და ხელს აწერს წიგნში, რის შედეგადაც ოფიციალურად ხდება კემბრიჯის უნივერსიტეტის წევრი. ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ამ დღიდან ისაა, როცა ქუჩაში გამოდიხარ და უამრავი ტურისტი გიღებს ფოტოებს.

– რა მოგწონს ყველაზე მეტად სასწავლო პროცესში?

– კემბრიჯში სწავლისადმი მიდგომა ძალიან განსხვავებულია. სკოლაში ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ თუ რამეს ვერ გავიგებთ მასწავლებელს ვკითხავთ და ისინი აგვიხსნიან, მაგრამ აქ ეს პირიქითაა. მაგალითად სანამ ჩემს ნაშრომს არ ჩავაბარებ გასასწორებლად, პროფესორები არაფრით არ დამეხმარებიან. რაც იმას ნიშნავს რომ თუ რამე გაუგებარია დავალებიდან, იძულებული ვარ თვითონ მოვიძიო და წავიკითხო მეტი მასალა.  ამიტომ ხშირად მიწევს ისეთ ამოცანებთან შეჭიდება, რომელსაც ადრე, უბრალოდ, მასწავლებელს ვკითხავდი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ნაშრომის გასწორების შემდეგ ხშირად მაქვს ინდივიდუალური შეხვედრები პროფესორებთან, სადაც დეტალურად ვარჩევთ დავალებას. ჩემთვის ასეთი სწავლის სტილი და პროცესი ახალია, თუმცა ძალიან მომწონს. მიუხედავად იმიას, რომ მეტი მუშაობა მიწევს, ვფიქრობ, მომავალში საბოლოო შედეგი უკეთესი იქნება.

– სწავლის გარდა კიდევ თუ გაქვს გეგმები ინგლისში?

– ჯერ სულ 1 თვეა, რაც კემბრიჯში დავიწყე სწავლა და სიმართლე რომ გითხრათ, უნივერსიტეტის შემდგომ გეგმებზე არც ვფიქრობ. წინ კიდევ სამი რთული აკადემიური წელია და ამიტომ ჯერჯერობით მთლიანად სწავლაზე ვარ კონცენტრირებული.

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები