კინემატოგრაფის ისტორიაში სულ 27 ფილმია, რომელმაც გაყიდული ბილეთებით 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ამ ფილმების დიდი ნაწილი ტიპური ჰოლივუდური ბლოკბასტერებია, თუმცა მათ შორის ისეთებიცაა, რომლებმაც კინოაკადემიის 11 ჯილდოც მოიპოვეს. წარმოდგენილი მონაცემები Box Office Mojo-ს სტატისტიკას ეყრდნობა. სავარაუდოდ, მალე მილიარდიანი ფილმების რაოდენობა 28-მდე გაიზრდება, რადგანაც ვარსკვლავური ომების ფრენჩაიზის Rogue One: A Star Wars Story-ს მილიარდამდე მხოლოდ $13 მილიონი უკლია.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
მილიარდიანი ფილმების რეიტინგი:
1. შავი რაინდი – 2008 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 004 600 000
ფილმის ბიუჯეტი – $185 000 000
კრისტოფერ ნოლანის შავი რაინდის ტრილოგიის მეორე სერიამ, რომელიც 2008 წლის ივლისში გამოვიდა. ფილმი თავის დროზე DC-ის კომიქსების ყველაზე შემოსავლიანი ეკრანიზაცია იყო. შავ რაინდში შესრულებული ჯოკერის როლისთვის ჰიტ ლეჯერმა კინოაკადემიის ჯილდოც მოიპოვა.
2. ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა – 2012 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 021 100 000
ფილმის ბიუჯეტი – $180 000 000
პიტერ ჯექსონის ჰობიტის ტრილოგიის პირველმა სერიამ და შუა ხმელეთის ფილმების სერიის მეოთხე ფილმმა ტრილოგიიდან ყველაზე დიდი შემოსავლების მიღება შეძლო. ფილმებმა – “სმაუგის ნაოხარი” და “ხუთი არმიის ბრძოლა” $1 მილიარდიანი ზღვრის გადალახვა ვერ შეძლეს. ორივე ფილმმა დაახლოებით $960 მილიონი გამოიმუშავა. კრიტიკოსების შეფასებით, ჰობიტის ტრილოგიასა და ბეჭდების მბრძანებლების ტრილოგიას შორის მთავარი განსხვავება ამ უკანასკნელში პერსონაჟთა განვითარების სუსტი წარმოჩენაა.
3. ზუტოპია – 2016 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 023 800 000
ფილმის ბიუჯეტი – $150 000 000
დისნეის ზუტოპია მეოთხე ანიმაციური ფილმია, რომელმაც გაყიდული ბილეთებით $1 მილიარდზე მეტი შემოსავლის მიღება შეძლო. ანიმაცია რასობრივ, გენდერულ, ეთნიკურ და სხვა ტიპის სტერეოტიპებს ეხება.
4. ალისა საოცრებათა ქვეყანაში – 2010 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 025 500 000
ფილმის ბიუჯეტი – $150 000 000
ტიმ ბარტონის ალისა საოცრებათა ქვეყანაში თავის დროზე მეექვსე ფილმი იყო, რომელმაც გაყიდული ბილეთებით $1 მილიარდზე მეტი შემოსავლის მიღება შეძლო. ფილმის სიქველმა 2016 წელს გამოსულმა”ალისა სარკის მიღმა” პირველ სერიაზე სამჯერ ნაკლები შემოსავალი მიიღო.
5. ვარსკვლავური ომები: პირველი სერია – 1999 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 027 000 000
ფილმის ბიუჯეტი – $115 000 000
ჯორჯ ლუკასის ეპიკური კოსმოსური ოპერის პირველმა სერიამ ორიგინალი ტრილოგიის ყველა ფილმზე უფრო მაღალი შემოსავალი მიიღო. თუმცა, მეორე და მესამე სერიებმა $1 მილიარდიანი ზღვარის გადახალვა ვერ შეძლეს.
6. დორის ძიებაში – 2016 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 027 900 000
ფილმის ბიუჯეტი – $200 000 000
პიქსარის “ნემოს ძიებაშის” სიქველი 2016 წლის მანძილზე ზუტოპიას შემდეგ მეორე ანიმაციური ფილმი გახდა, რომელმაც გაყიდული ბილეთებით მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო.
7. იურული პერიოდის პარკი – 1993 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 029 200 000
ფილმის ბიუჯეტი – $63 000 000
სტივენ სპილბერგის იურული პერიოდის პარკის ფრენჩაიზის პირველმა სერიამ 1993 წლის პრემიერის დროს $1 მილიარდიანი ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო, თუმცა, 2013 წელს ფილმის 3D ვერსიის გამოსვლის შემდგომ მან $1 მილიარდიან ზღვარს გადააჭარბა.
8. კარიბის ზღვის მეკობრეები: შორუელ ნაპირებზე – 2011 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 045 700 000
ფილმის ბიუჯეტი – $378 000 000
კარიბის ზღვის მეკობრეები ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფილმია, $378 მილიონიანი ბიუჯეტით ფილმმა $1 მილიარდის მიღწევა შეძლო. უახლოეს წლებში კარიბის ზღვის მეკობრეების მეხუთე სერია გამოვა ეკრანებზე, მათგან ორს კი გაყიდული ბილეთებით $1 მილიარდზე მეტი აქვს გენერირებული.
9. კარიბის ზღვის მეკობრეები: მიცვალებულის ზარდახშა – 2006 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 066 200 000
ფილმის ბიუჯეტი – $225 000 000
2006 წლისთვის კარიბის ზღვის მეკობრეების მეორე სერია მესამე ფილმი იყო, რომელმაც გაყიდული ბილეთებით $1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.
10. სათამაშოების ისტორია 3 – 2010 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 067 000 000
ფილმის ბიუჯეტი – $200 000 000
სათამაშოების ისტორიის მესამე სერია სტუდია პიქსარის მიერ წარმოებული ყველაზე შემოსავლიანი ფილმია.
11. შავი რაინდის აღზევება – 2012 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 084 900 000
ფილმის ბიუჯეტი – $230 000 000
კრისტოფერ ნოლანის შავი რაინდის აღზევება თავის დროზე კინემატოგრაფის ისტორიაში მეცამეტე ფილმი იყო, რომელმაც $1 მილიარდიან ზღვარს გადააცილა.
12. ტრანსფომერები: გადაშენების ეპოქა – 2014 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 104 000 000
ფილმის ბიუჯეტი – $210 000 000
მაიკლ ბეის ტრანსფორმერების ფრენჩაიზის მეოთხე სერია 2014 წლის ბოქს ოფისის ჰიტი იყო. ფილმი სიქველიზაციის ყველა კანონის დაცვით იყო გადაღებული, მასში უფრო მეტი აფეთქება, უფრო მეტი რობოტი, უფრო მეტი ბრძოლა იყო. ფილმი დამატებითი შემოსავლების მიღებისთვის ჩინურ ბაზარზე მნიშვნელოვნად იყო გათვლილი.
13. Skyfall – 2012 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 108 600 000
ფილმის ბიუჯეტი – $200 000 000
ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზის მხოლოდ ამ სერიამ შეძლო $1 მილიარდზე მეტი შემოსავლის მიღება. Skyfall-ი Sony Pictures-ის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია. Skyfall პირველი ფილმი იყო, რომელმაც ბრიტანეთის ბაზარზე £100 მილიონის გენერირება შეძლო.
14. ბეჭდების მბრძანებლები: მეფის დაბრუნება 2003 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 119 900 000
ფილმის ბიუჯეტი – $94 000 000
პიტერ ჯექსონის ეპიკური ტრილოგიის მესამე სერიამ $1 მილიარდიანი შემოსავალი პრემიერიდან 10 კვირის მანძილზე მიიღო. ფილმმა კინოაკადემიის 11 ჯილდო მოიპვა, რითიც კინემატოგრაფის ისტორიაში (ტიტანიკის 1997) შემდეგ მეორე ფილმი გახდა, რომელმაც ეს რეკორდი გაიმეორა.
15. ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე – 2011 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 123 800 000
ფილმის ბიუჯეტი – $195 000 000
ტრანსფორმერების ფრენჩაიზის მესამე სერია Paramount Pictures-ისთვის პირველი ფილმი იყო, რომელმაც $1 მილიარდიანი შემოსავალი მოიტანა. ფილმის შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო ჰოლივუდისთვის შედარებით ახალი ბაზრებიდან – სამხრეთ აზია, ინდოეთი, ჩინეთი გენერირდა.
16. კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი – 2016 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 153 300 000
ფილმის ბიუჯეტი – $250 000 000
Marvel-ის Avenger-ების ფრენჩაიზის ფილმი 2016 წელს პირველი ფილმი იყო, რომელმაც $1 მილიარდის გენერირება შეძლო.
17. მინიონები – 2015 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 159 400 000
ფილმის ბიუჯეტი – $74 000 000
2015 წელს გამოსული Despicable Me-ს პრიკველი მინიონების წარმოშობას ეხება და ის illumination-ის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია.
18. რკინის კაცი 3
ფილმის სრული შემოსავალი – $1 214 800 000
ფილმის ბიუჯეტი – $178 000 000
ტონი სტარკის ფანებმა Marvel-ს რკინის კაცის პრემიერიდან 23-ე დღეს მოუტანეს $1 მილიარდიანი შემოსავალი.
19. გაყინული – 2013 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 276 500 000
ფილმის ბიუჯეტი – $150 000 000
Disney-ის გაყინული ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმია. frozen-მა ორი ოსკარიც მოიპოვა.
20. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: მეორე ნაწილი – 2011 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 341 500 000
ფილმის ბიუჯეტი – $250 000 000
ჰარი პოტერის ფრენჩაიზის დასკვნითი სერიის შემოსავალთან ყველაზე ახლოს პირველი სერიის “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის” შემოსავლებია – $975 მილიონი. ბოლო ორ სერიას კი ხშირად იმ მიზეზით აკრიტიკებენ, რომ ამ ორი სერიიდან ერთი სერიის გაკეთება იყო შესაძლებელი, თუმცა, სტუდიამ ჩათვალა, რომ “სიკვდილის საჩუქრების” ორად გაყოფით შემოსავლების გაორმაგებას შეძლებდა. სიკვდილის საჩუქრების პირველმა ეპიზოდმა $960 მილიონის შემოსავალი მიიღო.
21. Avengers: Age of Ultron – 2015 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 405 400 000
ფილმის ბიუჯეტი – $267 000 000
ალტრონის ერა Marvel-ის მესამე ფილმია, რომელიც ამ რეიტინგში მოხვდა, თუმცა, მასზე მაღალი შემოსავალი სტუდიის კიდევ ერთ ფილმს აქვს მიღებული.
22. Furious 7 – 2015 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 516 000 000
ფილმის ბიუჯეტი – $176 000 000
Furious 7-მა 2015 წელს რეკორდები მოხსნა, როდესაც პრემიერიდან მეჩვიდმეტე დღეს $1 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. Furious 7 ბოლო ფილმი იყო, რომელშიც პოლ უოკერმა ითამაშა.
23. Marvel’s The Avengers – 2012 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 518 000 000
ფილმის ბიუჯეტი- $220 000 000
Marvel-ის შურისმაძიებლები სტუდიის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და ამავდროულად კომიქსზე დაფუძნებულ ფილმებს შორის ყველაზე შემოსავლიანია.
24. იურული სამყარო – 2015 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $1 670 400 000
ფილმის ბიუჯეტი – $150 000 000
იურული პერიოდის პარკის თემაზე გადაღებულმა მეოთხე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა 2015 წელს ბოქს ოფისის რეკორდები მოხსნა, როდესაც გამოსვლიდან 13 დღეში $1 მილიარდი დოლარი შეაგროვა. თუმცა, ეს რეკორდი შემდგომში სხვა ფილმმა მოხსნა.
25. ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი VII – 2015 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $2 068 200 000
ფილმის ბიუჯეტი – $306 000 000
ვარსკვლავური ომების მეშვიდე სერიამ იურული სამყაროს რეკორდი მოხსნა, ფილმმა გამოსვლიდან 12-ე დღეს შეძლო $1 მილიარდიანი ნიშნულის გადალახვა, რის შემდეგაც ფილმმა მეორე მილიარდი დოლარიც მოიპოვა, შედეგად ფილმი ვარსკვლავური ომების ყველაზე შემოსავლიანი სერია გახდა.
26. ტიტანიკი – 1997 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $2 186 800 000
ფილმის ბიუჯეტი – $200 000 000
ჯეიმს კამერონის ტიტანიკის პრემიერიდან 20 წელი გავიდა, $2 მილიარდიანი შემოსავლის მიღება კი მხოლოდ ორმა ფილმმა შეძლო. ტიტანიკმა თავდაპირველი პრემიერის დროს $1.8 მილიარდი მოაგროვა, გემის ჩაძირვის 100 წლის იუბილეზე კი მისი 3D ვერსია გამოვიდა, რის შედეგადაც ფილმმა დამატებითი $200 მილიონი მოაგროვა.
27. ავატარი – 2009 წელი
ფილმის სრული შემოსავალი – $2 788 000 000
ფილმის ბიუჯეტი – $237 000 000
ჯეიმს კამერონის ავატარი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია, თუმცა, კინოთეატრის ბილეთების გლობალური გაძვირების და უფრო მეტი $200-250 მილიონიანი ბლოკბასტერების გამოსვლის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ავატარის რეკორდი რამდნენიმე წელში მოიხსნება.
შენიშვნა: აქ წარმოდგენილი მონაცემები ინფლაციის მაჩვენებლით არ არის გასწორებული. ინფლაციის გათვალისწინებით, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი 1939 წელს გამოსული ,,ქარწაღებულნია’’, რომელმაც თავის დროზე $390 მილიონი მოაგროვა, თუმცა ეს თანხა დღევანდელ დოლარებში $3 მილიარდს აღემატება.
მასალა მოამზადა ტაბულამ