“ლისის ტბაზე სტუდენტურ საცხოვრებელში მსურველები ორი კრიტერიუმით შეირჩევიან”

აქტუალური

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ლისის ტბაზე სტუდენტური საცხოვრებელი სამინისტროს იურიდიულად მომავალ კვირაში გადაეცემა.

☼ გსურს მაგისტრატურაზე ჩაბარება? შეარჩიე სამაგისტრო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების მსურველები ორი კრიტერიუმით შეირჩევიან: ესაა მაღალი აკადემიური მოსწრება და სოციალური საჭიროება.

„სერიოზულად ვაპირებთ უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლის ხელშეწყობას. დაახლოებით 110-120 ადგილი გვინდა დავუთმოთ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო პროგრამებზე ისწავლიან. ორი მესამედი დაეთმობა ორი კრიტერიუმით შერჩეულ სტუდენტებს: ეს არის სოციალური საჭიროება და წარჩინებული ანუ მაღალი აკადემიური მოსწრება. სტუდენტები იმ პირობით იცხოვრებენ საერთო საცხოვრებელში, თუ მათ აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, ასევე თუ მათ სოციალურად არ აქვთ საშუალება ცხოვრება დააფინანსონ. ამ წესის შემუშავებით თავად სტუდენტები არიან დაკავებული,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით, 10 000 განაცხადია შემოსული და ლაპარაკია 300 ადგილზე. ანუ, როგორც ჯეჯელავა განმარტავს, გაცილებით მეტი სტუდენტური საცხოვრებელია საჭირო, ვიდრე არსებობს.

„ამას შეხედეთ როგორც არა გაჭირვებულების ქალაქს, არამედ საოცრად მაგარი სტუდენტების ქალაქს. ყველა კურსის სტუდენტები განთავსდებიან და არამხოლოდ პირველკურსელები”, – განაცხადა მინისტრმა.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები