შოთა ბალარჯიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტია. სწავლის პარალელურად ის ტელეკომპანია ,,იმედში” სტაჟიორად მუშაობს. მისი მიზანი ტელეწამყვანობაა.
სოფელ ქვემო ბოდბეში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის მოსწავლე იყო, როცა პროფესია აირჩია და მას შემდეგ საკუთარი ოცნების ასასრულებლად თავდაუზოგავად შრომობს.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
როგორ გაიარა გზა ქვემო ბოდბიდან ტელევიზიამდე? ამაზე შოთა ინტერვიუში გვიყვება.
შოთა, როდის და რატომ გადაწყვიტე, რომ ჟურნალისტობა გინდოდა?
მახსოვს, ბავშვობაში პირველად საინფორმაციო გამოშვებას რომ ვუყურე მეც მომინდა ტელეწამყვანების მსგავსად მესაუბრა, თუმცა ვერ ვაცნობიერებდი რა იყო ეს, ძალიან კი მომწონდა. შემდეგ ამ ყველაფერს სარკის წინ ჩემებურად ვიმეორებდი. 7 ნოებრის მოვლენებმა და ჟურანლისტებისადმი ასეთმა სისატიკემ ჟინი უფრო გამიმძაფრა.
საიდან დაიწყო უკვე რეალური ნაბიჯები მიზნისკენ?
სკოლაში სწავლის პარალელურად თბილისში, მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლეში, მედიასტუდია „დროს“ კაბინეტში დავდიოდი, სადაც პრაქტიკული ცოდნა შევიძინე. ასევე დავამთავრე კურსები, რამაც გამზარდა და ამყველაფერს საფუძველი მოუმზადა. რეალური ნაბიჯების გადაგმა კი ტელევიზიაში პრაქტიკანტად მოხვედრის შემდეგ გადავდგი. პირველად, მიკროფონი რომ დავიჭირე, რა კითხვა უნდა დამესვა არ ვიცოდი, ან სერთოდ როგორ, რა უნდა გამეკეთებინდა. დროთა განმავლობაში მეტი ვისწავლე.
როგორ მოხვდი ტელევიზიაში?
დავრეკე სანფორმაციო სამსახურში, სადაც „იმედის“ ყველა ნომერი მომცეს. მახსოვს, ტელეფონიც არ მქონდა. მაღაზიაში მივდიოდი, ვიხდიდი ფულს და იქიდან ვრეკავდი. ერთი თვის შემდეგ, ჩემს გაუთავებელ ზარებს სერიზულად შეხედეს, ტელევიზიის დათვალიერებაზე დამთანხმდნენ.
მეგონა, ამით დასრულდებოდა, მაგრამ ჩემი დიდი მცდელობის შედეგად, სტაჟიორად დამტოვეს. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი. ყოველ შაბათ-კვირას ბოდბიდან თბილისში სიხარულით დავდიოდი.
რა აღმოაჩინე ტელევიზიაში ისეთი,რამაც, ასე ვთქვათ, მიგაჯაჭვა იქაურობას?
თავდაპირველად რისი ინტერესიც ტელევიზიაში გამიჩნდა ეს იყო სანფორმაციო სამსახური. ის ადრენალინი, რაც იქ ტრიალებს. ყველა ცდილობს მოასწროს. დილიდან საღამომდე ფუტკრებივით შრომობენ. ადგილი, რომელმაც საბოლოოდ მიმაჯაჭვა იქაურობას ეს არის საინფორმაციო გამოშვების სტუდია. ერთ დღეს ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვე ჩემთვის სუფლიორი ჩაერთოთ, როდესაც კითხვა დავიწყე სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი უმაგრესი იყო. მას მერე ხშირად ვკითხულობდი ტექსტებს. ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი.
როგორი იყო ნაცნობებისა და უცნობების რეაქცია შენს ასეთ აქტიურობაზე?
ვისაც ნამდვილად სჯეროდა ჩემი, ეს დედაა. გარშემომყოფთაგან ბევრი სკეპტიკურად მიყურებდა. ტელევიზიაში გადაღებული სურათები სკოლაში რომ მივიტანე, მასწავლებელმა მითხრა, შენ იქ ვინ შეგიშვებდა ეს ფოტო მონტაჟი იქნებაო.
რა იყო ყველაზე რთული ამ წლების განმავლობაში?
თბილისში რომ მეცხოვრა და მესწავლა, ამის მატერიალური საშუალება არ მქონდა. ამიტომ, სამსახურის ძებნას შევუდექი, რომელიც მარჩენდა მეც, და ოჯახსაც დავეხმარებოდი. მუშაობა დასუფთავების სამსახურში დავიწყე, არც მიფიქრია იმაზე თუ რას იტყოდნენ სხვები, ისე ავიღე ცოცხი ხელში და ვგვიდი თბილისის ქუჩებს, ნაგვის ურნებს ვცლიდი. ეს სამსახური ფინანსურად ფეხდე დგომის საშუალებას მაძლევდა და მიორმაგებდა სტიმულს, ჩემი ოცნებისთვის მებრძოლა. იყვნენ ქუჩაში ისინი, ვინც მიღიმოდნენ, მაგრამ, პირს უკან,“ჩემს შვილს ცოცხს ხელში არ დავაჭერინებ“- ამ ფრაზას მაგონებდნენ
რა ისწავლე …
ამ წლებმა მართლა ბევრი მომცა, როგორც ცხოვრებისეული ისე პროფესული თვალსაზრისით. დამოუკიდებელი გავხდი და საკუთარ თავზე მუშაობას მივეჩვიე. ტელევიზიაში პრაქტიკული მუშაობის მცირე, მაგრამ, საჭირო გამოცდილება მივიღე.
დღეს რა ეტაპზე ხარ და რას გეგმავ სამომავლოდ?
დღეს ჯერ კიდევ პრაქტიკანტი ვარ. ვაცნობიერებ, რომ კარგი განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა მჭირდება. ჩემს მიზანს არ შევცვლი და მის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებ.
ავტორი: ნათია ზარიძე