ქართველი სტუდენტი, რომელიც გერმანიაში სტუდენტური ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს

ინტერვიუ

თეონა ცომაია ამჟამად გერმანიაში იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საფეხურზე, პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს. მისი პროგრამის სახელწოდებაა დემოკრატია და სახელმწიფო მართვაა.

ამ მიმართულებით დაინტერესდა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ის პოლიტიკური მეცნიერებების სხვადასხვა დისციპლინის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს.

თეონა ახლახანს სტუდენტური ორგანიზაცია Stube-Hessen-ის მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს და მის გეგმებს ორგანიზაციული საქმიანობაც დაემატა.

როგორც ცხოვრობს და სწავლობს საზღვარგარეთ, რას საქმიანობს, ამის შესახებ იგი ინტერვიუში დაწვრილებით გვესაუბრება.

როდის გადაწყვიტე საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა და რატომ აირჩიე გერმანია?

10556376_766506053388684_4457278650803619013_nსაზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაზე ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე ფიქრი, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, თუმცა ადრე მიზანი საფრანგეთი იყო. ბაკალავრიატის ბოლო კურსიდან ვორიენტირდი გერმანიაზე, მიზეზი განათლების სისტემისა და ცხოვრების დონის თვალსაზრისით ამ ქვეყნის შედარებითი უპირატესობაა. ასევე ისტორიული და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით გერმანული სახელმწიფოს, გერმანული საზოგადოებისადმი ჩემი დიდი ინტერესია. გარკვეული გამოწვევაც იყო ჩემთვის გერმანიაში განათლების მიღება, ვინიდან უნივერსიტეტში სწავლა ენის ორწლიანი ცოდნის პირობებში დავიწყე.

სად ცხოვრობ და როგორია შენი სასწავლო განრიგი? რამდენად დატვირთული ხარ?

ვცხოვრობ ფრანკფურტის სტუდენტურ საცხოვრებელში უცხოელ სტუდენტებთან ერთად. უნივერსიტეტამდე 1 საათი მჭირდება. კვირაში სამჯერ მაქვს ლექციები, თუმცა უნივერსიტეტში გაცილებით მეტ დროს ვატარებ, რადგან აქ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სტუდენტებისათვის მეორე სახლია.

რას გამოარჩევდი გერმანული განათლების სისტემაში? მეთოდი, წესები, გარემო და ა.შ.

გერმანულ განათლების სისტემაში სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოს გამოვარჩევდი, არსებული პირობები სტუდენტებს არა მარტო პროფესიული უნარ-ჩვევების მაქსიმალურად განვითარების საშუალებას აძლევს, არამედ სწავლის პარალელურად კულტურული, სპორტული, სოციალური აქტივობებით მრავალფეროვანს ხდის სტუდენტურ ცხოვრებას. აქვე მინდა გამოვყო ის გარემო, რომელიც უცხოელ სტუდენტებს ექმნებათ გერმანულ უნივერსიტეტში. სასწავლო ბარიერების დაძლევისათვის განათლების სისტემა გვთავაზობს პროგრამათა მრავალფეროვან ნუსხას, ამავდროულად პროფესურისა და თანაკურსელების დახმარებისათვის მუდმივი მზადყოფნა გაცილებით გიადვილებს უცხო ენაზე სწავლის სირთულეებს.

გერმანიის სტუდენტური ორგანიზაცია Stube-Hessen-ის მრჩეველთა საბჭო… როგორია მისი საქმიანობა და მიზნები?

Stube-Hessen არის ორგანიზაცია World University Service-ის პროგრამა განვითარების პოლიტიკის საკითხებზე, რომელიც უცხოელ სტუდენტებს ხელს უწყობს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებში. ორგანიზაციას ჰესენის მიწის გარდა გერმანიის 10 მიწაზე აქვს მსგავსი პროგრამები.
პროგრამა გვთავაზობს სემინარებს, ე.წ ვორკშოფებს, 5 დღიან აკადემიებს. ხელს უწყობს სტუდენტებს საკუთარ უნივერსიტეტებში კონკრეტული პროექტების განხორციელებაში, აფინასებს პროფესიულ პრაქტიკას როგორც სამშობლოში, ასევე გერმანიაში, თავად ამ ორგანიზაციაში.

საბჭოს წევრის მოვალეობაში რა შედის? შენ რის გაკეთებას აპირებ?

მრჩეველთა საბჭოს მოვალეობა პროგრამის წლიური გეგმის შემუშავებაა, როგორც საბჭოს წევრი ვიქნები უცხოელ სტუდენტთა კოორდინატორი და ორგანიზაციის წარმომადგენელი საჯარო სივრცეში, სხვადასხვა სტუდენტურ ღონისძიებებზე.

პირველ რიგში, ჩემი მიზანია უცხოელ სტუდენტებთან ერთად ქართველი სტუდენტების დაინტერესება ამ ორგანიზაციით, მათი ჩართულობის ზრდა. წესდებიდან გამომდინარე ორგანიზაცია მიზნად არ ისახავდა ევროპელი სტუდენტების წახალისებას, თუმცა მას შემდეგ რაც აღმოსავლეთ ევროპელ სტუდენტთა ინტერესი ამ ორგანიზაციის მიმართ გაიზარდა, WUS -მა მათი მონაწილეობა დაუშვა. ის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი, როგორც საქართველოს წარმომადგენლის, საბჭოს წევრად არჩევა საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების შესაძლებლობას იძლევა.

ვგეგმავ ინტელექტუალური თამაშებისა და კულტურული საღამოების დანერგვას. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია დღესდღეობით განვითარების პოლიტიკის საკითხებით შემოიფარგლება, ვფიქრობ, ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარებისათვის მსგავსი საღამოების ჩატარება საკმაოდ ნაყოფიერი უნდა აღმოჩნდეს.

რა არის საზგვარგარეთ მიღებული განთლების მთავარი პლიუსი? 12094910_962110277161593_7576553231167076762_o

ისწავლო საზღვარგარეთ, იცხოვრო ოჯახისა და მეგობრებისგან მოშორებით, დაძლიო ყოველდღიური პრობლემები – საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს ყოველივე, ვფიქრობ, ადამიანს აძლიერებს, დაბრკოლებებისადმი გარკვეულ იმუნიტეტს უმუშავებს და საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანს ხდის. კონკრეტულად გერმანია ევროპული ღირებებულებების გათავისებაში გეხმარება, კანონის უზენაესობა იმპერატივი ხდება შენთვის. აქ მიღებული მსგავსი გამოცდილება კი მეტ მოტივაციას გძენს სამშობლოში სამოქალაქო თვითშეგნების გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანო: რომ აღარასოდეს განმეორდეს 17 მაისის მოვლენები, აღარ იყო იმ უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიც ადამიანს ეთნიკური კუთვნილებისა თუ რელიგიური აღმსარებლობის გამო არ აფასებს და რომ უბრალოდ, ახალგაზრდობამ მეტად გაითავისოს ადამიანის უფლებების ხელშეუხებლობა.

თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

თავისუფალ დროს ორგანიზაციას ვეხმარები სალექციო კურსების დაგეგმარებაში. ამჟამად ვემზადები ივლისში ხუთდღიანი აკადემიიის ფარგლებში უცხოელი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებათა და საწარმოთა პასუხისმგებლობაზე ლექციის ჩატარებისთვის. გარდა ამისა, ვცდილობ მეგობრებთან ერთად უკეთ გავიცნო გერმანია. შაბათ-კვირას ხშირად გავდივართ სხვადასხვა ქალაქის დასათვალიერებლად.

მივსდევ სპორტს, ფიგურული სრიალი ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ჰობია. ჩემი რამდენიმე გერმანელი მეგობარი ასევე დაინტერსებულნი არიან ჭადრაკით, ხშირად ვთამაშობთ ერთად და ვგეგმავთ სტუდენტურ შეჯიბრებაში მონაწილეობას.

როგორია შენი გეგმები დაბრუნების შემდეგ?

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოური მენტალიტეტი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად შესამჩნევია, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი საბოლოოდ გაითავისოს ევროპული ღირებულებები. ძალიან ბევრი ახალგაზრდა სწავლობს საზღვარგარეთ და ბევრი გეგმავს ევროპასა და ამერიკაში განათლების მიღებას. ვფიქრობ, განათლება უმნიშვნელოვანესი მექანიზმია საბჭოურ მანქანასთან საბრძოლველად. საქართველოში დაბრუნდების შემდეგ ვაპირებ აკადემიურ სფეროში მოღვაწეობას, ახალგაზრდა თაობასთან მუშაობას, განსაკუთრებული სურვილი მაქვს სკოლის მოსწავლეებთან ერთად რიგი პროექტები განვახორციელო.

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები