უნივერსიტეტში გატარებული წლები, განსაკუთრებით კი გამოცდების პერიოდი, იმ მხრივაცაა რთული, რომ სწორედ ამ დროს გამოსცდის ხოლმე სტუდენტთა უმრავლესობა შიმშილს მთელი სიმძაფრით. ვინც შიმშილს გადაურჩება, ხშირად არასწორად, საზიანოდ იკვებება სწრაფი კვების ობიექტებში ან მარკეტში ნაყიდი მზა პროდუქტით, რომელიც სხეულისთვის მხოლოდ მკვდარი მასაა და არანაირ ენერგიას არ აძლევს. ამ არაჯანსაღი კვების შედეგად ჯანმრთელობა საგრძნობლად ზიანდება, რაც მოგვიანებით მთელი სიმძიმით იჩენს თავს.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
სტუდენტებს შეიძლება დრო არ ჰქონდეთ იმისთვის, რომ ყოველდღე თავად მოიმზადონ ჯანსაღი საკვები, ეს გასაგებია. მაგრამ შეიძლება ისეთი საკვების შერჩევა, რომელიც ენერგიის რესურსს გააორმაგებს და ინტენსიური გონებრივი საქმიანობის შესაძლებლობას მისცემს.
ამ სტატიაში ენერგიის სწორედ იმგვარ წყაროთა ჩამონათვალს გაგაცნობთ, რომელთა ყოველდღიური, სათანადო გამოყენება სასარგებლოდ წაადგება თქვენს სხეულს და, პირველ რიგში, თქვენს ტვინს:
კოფეინი
აქ განსაკუთრებული არაფერია, ესპრესო ყავის წრუპვა სტუდენტთა უმრავლესობას ისედაც უყვარს და, მართლაც, კოფეინი ჩვენს ენერგიას ხშირად ბევრს ჰმატებს, მთავარია ის გადაჭარბებით არ მივიღოთ.
ვიტამინი D
ამ ვიტამინის სათანადო რაოდენობით მიღებას შეუძლია გააუმჯობესოს მეხსიერება და პრობლემათა მოგვარების უნარის გამომუშავებაში დაგვეხმაროს. ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ტვინის ჯანსაღი და ოპტიმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
ვიტამინი B1
ეს ვიტამინი ჩვენი ტვინისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი ნაკლებობა მეხსიერების დაკარგვასა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას იწვევს. შესაბამისად, მისი ყოველდღიური მოხმარებით შესაძლებელია კონცენტრაციის უნარის საგრძნობლად გაუმჯობესება.
შავი შოკოლადი
შავი შოკოლადი თავისი შემცველობით აუმჯობესებს ნევროლოგიურ და კოგნიტურ პროცესებს, ახდენს ტვინის სტიმულირებას და გვეხმარება ისეთი პროცესების დროს, როგორიცაა, მაგალითად რამის ათვისება ან დამახსოვრება.
ქოქოსის ზეთი
ეს ნივთიერება აუმჯობესებს ტვინის ეფექტურობას, ითავსებს თერაპევტულ ფუნქციასაც და წარმოადგენს ენერგიის ამაღლების ერთ-ერთ უძლიერეს წყაროს, ამიტომ სასურველია მისი შერევა სხვადასხვა საკვებთან და აქტიურად გამოყენება.
თევზის ზეთი
ენერგიის გაძლიერების ერთ-ერთი უმარტივესი მეთოდი სწორედ ამ ნივთიერების ჩვენს საკვებთან სინთეზირებაა. ომეგა – 3 თევზის ზეთი აუმჯობესებს ჩვენს კოგნიტურ შესაძლებლობებსაც, ამიტომ მისი აქტიური მოხმარებიდან მოკლე ხანშივე მარტივად შენიშნავთ, რამდენად უფრო გიადვილდებათ კონცენტრაცია და გიუმჯობესდებათ მახსოვრობა.
კრეატინი
კრეატინი უშუალოდ მოკლევადიანი მეხსიერების გაუმჯობესების დანიშნულებას ითავსებს. ამასთანავე, მისი მოხმარებით შეიძლება სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი უფრო განივითაროთ.
პირაცეტამი
ეს ნივთიერება, რომელიც პრეპარატის სახითაც იყიდება, აუმჯობესებს მეხსიერებას, მასალის სწრაფად ათვისების უნარს და სხვა კოგნიტიურ პროცესებს. ასევე აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას ტვინისათვის, რაც თავის მხრივ გრძელვადიანი მეხსიერებისთვის სასარგებლოა.
სანამ ამ ნივთიერებების მიღებას დაიწყებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია დიეტოლოგთან, ან უბრალოდ პირად ექიმთან, ჰკითხეთ მათ რჩევა, დააზუსტებინეთ დოზები და დღიური ნორმა, შეარჩევინეთ თქვენი შემთხვევისათვის საჭირო რომელიმე ვარიანტი. თუ ენერგიის ჩამოთვლილ წყაროებს გადამეტებულად მოიხმართ, ამან შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. გარდა ამისა, არ იქნება სასარგებლო თუ შვიდივე ნივთიერებაზე ერთდროულად კონცენტრირდებით, კომბინაცია დასაშვებია, მაგრამ ყველა მათგანის ერთდროულად მიღება – არა.
წყარო: collegecures.com
ავტორი: ქეთი ქურციკიძე