სტუდენტებს იმაზე მეტად სჭირდებათ ძლიერი ჯანმრთელობა, ვიდრე ამას თავად ფიქრობენ. მიუხედავად ამისა, ცუდი კვების, რეჟიმისა და დაძაბული გონებრივი თუ ფიზიკური საქმიანობის ფონზე ძალიან ადვილად შეიძლება თუნდაც ენერგიული ახალგაზრდის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქროს. ამიტომ გაგაცნობთ ხუთ საუკეთესო გზას, რომელიც დაგეხმარებათ მუდამ საუკეთესო ფორმის შენარჩუნებაში:
1. ყოველი ფინჯანი ყავის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი;
ყავა და კოფეინი,ალბათ, ყველა სტუდენტის ცხოვრების უცვლელი ნაწილებია, რომელსაც თავს ვერ დააღწევთ. ეს ჯადოსნური სითხე განსაკუთრებით მოთხოვნადი გამოცდის წინა პერიოდებში ხდება, როცა სტუდენტები ცდილობენ ძილის დათრგუნვას და მთელი სემესტრის მასალის ერთ ღამეში გადაკითხვას. კოფეინის დიდი დოზით მიღება საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ზიანი კიდევ უფრო მატულობს, როცა წყლის მაგივრადაც ყავას ვიღებთ, ან იმდენ ყავას ვსვამთ, რომ წყალი აღარ გვინდება. აუცილებელია ამ ორმა სითხემ ერთმანეთი დააბალანსოს. ამიტომ როცა ყავით იკლავთ წყურვილს, გაიხსენეთ, რომ ორგანიზმს წყალი ძალიან სჭირდება, მიუხედავად იმისა რომ ხმამაღლა არ გთხოვს, რადგან კოფეინით გაიჭყიპა.
2. მოიმარაგე ჯანსაღი საკვები გრძელი დღისთვის:
თუ ცხრილი ისე აგეწყო, რომ მთელი დღე უნივერსიტეტში გიწევს ყოფნა და სახლში დაბრუნებას მხოლოდ საღამოს (ან უარეს შემთხვევაში ღამით) შეძლებ, ნუ იქნები სწრაფი კვების ობიექტების (თუნდაც კეკელიძის ლობიანის) იმედად. ამას ჯობია, სახლიდან წამოიღო საკვები, რომლის გადამუშავებასაც ნორმალურად მოახერხებ და რომლისგანაც შენი ორგანიზმი საჭირო ვიტამინებს, ანუ სტიმულს მიიღებს. ორგანიზმის სათანადო ფორმაში შენარჩუნებით იზრდება გონებრივი პროდუქტიულობაც და არც მოტივაციის დონე დაეცემა ისე დაბლა, რომ კონსპექტების ხელში აღება კი არა, მათკენ გახედვაც შეგზიზღდეს.
3. ივარჯიშე და საკმარისად იძინე:
სრულყოფილ სამყაროში მანამდე გავიღვიძებდით, სანამ ჩვენი მაღვიძარა კივილს დაიწყებდა, არც თვალები გვექნებოდა ჩაწითლებული და განწყობაც მხიარული გვექნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, სრულყოფილ სამყაროში არ ვცხოვრობთ, ამიტომ ხშირად პირიქით ხდება – მაღვიძარას ხმის გაგონებაზე პირველი აზრი, რაც თავში მოგვდის ის არის, რომ დილით დანიშნული ლექციები უნდა გაუქმდეს, მათი მომგონი კი სიკვდილით დაისაჯოს. ორგანიზმი ძილს მოითხოვს და როცა დღის განმავლობაში ძილის ანაზღაურების საშუალება მოგეცემა, შანსი ხელიდან არ გაუშვა, არჩევანი ყოველთვის მის სასარგებლოდ გააკეთე.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
4. ხშირად დაიბანე ხელები:
როცა მეტროში, „მარშუტკაში“ ან ავტობუსში დგახარ (იმიტომ, რომ დასაჯდომი ადგილი არასოდეს არის) და უსაფრთხოებისათვის დამაგრებულ ხელსაკიდებს ხარ ჩაფრენილი, გახსოვდეს, რომ შენამდე მას უამრავი ადამიანი ჩააფრინდა და მათი ბაქტერიები ახლა შენი ბაქტერიებიცაა. ვირუსების გადატანა/გამრავლება ყველაზე ხშირად სწორედ ამ გზით ხდება, ამიტომ როცა ამის შესაძლებლობა მოგეცემა, გულმოდგინედ დაიბანე ხელი.
5. გასოციალურდი:
შეიძლება ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ესეც ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ბნელ ოთახში ჯდომა და კონსპექტების ზუთხვა სულაც არ არის სასარგებლო. ამას ჯობია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ეზოში თუ პარკში ჯგუფელებთან ერთად მოემზადო. ჰარვარდელი სტუდენტების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც მეცადინეობის ამ უკანასკნელ ხერხს მიმართავენ, გაცილებით უფრო იშვიათად ავადდებიან. ეს მხოლოდ სწავლის პროცესს კი არა, დასვენებასაც ეხება: როცა გამოცდებსა და შუალედურებს თავს დააღწევ და გადაწყვეტ თავისუფალი დრო ტელევიზორისა თუ კომპიუტერის წინ გაატარო, გაიხსენე რომ უმჯობესია მეგობრებთან კაფეში, პარკში ან თუნდაც კლუბში წახვიდე.
ავტორი: ქეთი ქურციკიძე