თბილისში ფეხით მოსიარულეები სულ უფრო ხშირად აწყდებიან გადაადგილების პრობლემებს. ამის მიზეზი, ძირითადად, ტროტუარებსა და გადასასვლელებზე პარკირებული ავტომობილებია. თუმცა აქვე თავს იჩენს სხვა სახის პრობლემაც _ სად დააყენონ ავტომობილები მათმა მფლობელებმა, როდესაც არ არის გამოყოფილი პარკირებისთვის შესაფერისი ოდენობისა და სიდისდის ადგილი. ამ მხრივ გამონაკლისს არც უნივერსიტეტები წარმოადგენენ. საპარკინგე ადგილების შეზღუდული რაოდენობა თუ მათი საერთოდ არ არსებობა გარკვეული სახის პრობლემებს უქმნის როგორც სტუდენტებს, ისე ლექტორებსაც.
,,პარკინგი თბილისში ზოგადად პრობლემაა. მე მახსოვს, როცა ,,სითი პარკი“ შემოვიდა, აცხადებდნენ, რომ ოფისების და სხვა სახის ინსტიტუციების შენობების წინ პრივილეგიებით ისარგებლებდნენ იმ კონკრეტულ შენობებში დასაქმებული ადამიანები. რეალურად ასე არაა. ნებისმიერი სამსახურის წინ მანქანის გაჩერება პრობლემაა და ამას იწვევს არასწორი დაგეგმარება. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის წინ, სადაც ლექციების ჩატარება მიწევს, ვერასოდეს ვაჩერებ მანქანას, რადგან აქ შემოსაზღვრულ პარკინგის ადგილზე მუდმივად დგას მეზობელ კორპუსებში (მაგალითად, რამდენიმე ვიცი, რომ კეკელიძის ქუჩაზე ცხოვრობს და ეზოც აქვს) მცხოვრებთა მანქანები. ამის გამო ლექციაზეც დამიგვიანია, რადგან სამი-ოთხი წრე უნდა დავარტყა კორპუსს, რომ სადმე, მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანა გავაჩერო. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ უნივერსიტეტს აქვს ეზო, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პირველ და მეორე კორპუსის ეზოში მანქანის გაჩერება ისეთივე პრობლემაა, როგორც ქუჩაში. მე ვფიქრობ, მეექვსე, მეოთხე და იმ კორპუსების წინ, რომელთაც ეზო არ აქვთ, უნდა დაიდგას ნიშანი ,,მხოლოდ უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის“,- აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ.
პარკირების არასწორი დაგეგმარება პრობლემაა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვისაც. იმის გამო, რომ აკადემიის ძველი შენობის რესტავრაცია მიმდინარეობს, სტუდენტებს შენობაში შესვლა უკანა მხრიდან უწევთ, სადაც მუდმივად დგანან მანქანები. ერთი შეხედვით, პრობლემა არ არსებობს, რადგან კანონის დარღვევა არ ხდება, უნივერსიტეტის შესასვლელთან შესაბამისი წყვეტილი ზოლით აღნიშნულია საპარკინგე ადგილი, თუმცა ფაქტია, რომ სტუდენტებისთვის გადაადგილლება ჭირს. გარდა ამ პრობლემისა, სტუდენტები საუბრობენ რომ ვიწრო გზა, რომლის ორივე მხარეზეც ავტომობილებია განთავსებული, ხელს უშლის მათ უსაფრთხო გადაადგილებას, რადგან ზოგჯერ რთულია გზაზე მოძრავი ავტომობილისთვის გვერდის ავლა.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ავტომობილების სიმრავლეს უჩივიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
,,მე, როგორც ქვეითად მოსიარულეს, არ მომწონს ბარდიულებზე მდგომი ავტომანქანები, რადგან გადაადგილებაში მიშლიან ხელს. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლებს, ასეთ შემთხვევაში, მცირე დაზიანების მიყენება შეუძლიათ ფეხით მოსიარულეებისთვის, რადგან გადაადგილებისას ნელა მოძრაობენ, მაინც დიდ დისკომფორტს მიქმნის’’,- გვითხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა მირზა თხელიძემ.
ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებმა ნიკა მელიქიშვილმა, რომელსაც ყოველდღიურად უწევს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება, გვითხრა რომ ხშირია ტროტუარებზე ავტომობილების გაჩერება, იმ შემთხვევაშიც კი როცა ამის ნებართვა არ არსებობს.
,,განსაკუთრებულად გადატვირთულია უნივერსიტეტებისა და სავაჭრო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიები, ზოგჯერ გასავლელი ადგილიც არ რჩება, უამრავი წრე უნდა დაარტყა უამრავ მანქანას რომ დანიშნულების ადგილზე მიხვიდე. გარდა ამისა, ავტომობილების გადადგილება ტროტუარიდან სავალი გზისკენ საფრთხის შემცველია, გამვლელები ხშირად ვერც ხვდებიან მძღოლები რომელი მიმართულებისკენ იღებენ გეზს’’,- აღნიშნა ნიკა მელიქიშვილმა.
იმისი ფონზე, რომ ქალაქში ავტომობილთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, პარკინგის პრობლემა, ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩება მოუგვარებელ პრობლემად. სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სიტუაციისგან თავის არიდება კი როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე ავტომობილის მძღოლებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
ავტორი: ნათია დაშნიანი