აუდიტორია 115-ის წევრები უსაფრთხოების სამსახურს მათ ოჯახებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ოცამდე სტუდენტი აცხადებს, რომ სუს-ის წარმომადგენლები მათ ახლობლებს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუ ისინი აქტიურობას არ შეწყვეტდნენ.
☼ გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼
აუდიტორია 115-ის წევრები პრემიერს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო სექტორს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და მიმართვას ავრცელებენ, რომელსაც სტუდენტური ამბები უცვლელად გთავაზობთ:
,,აუდიტორია 115-ის წევრებზე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. ყოველდღიურად მიდიან აქტივისტების ოჯახის წევრებთან, რომელთაც აშინებენ. იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობის წევრები არ დაანებებენ თავს აქტიურ ბრძოლას ოდეერების წინააღმდეგ, მათი ახლობლები გათავისუფლებიან სამსახურიდან, ან მათ დაიჭერენ.
მუქარის გამო, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი აქტივისტი ღიად ვერ საუბრობს აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანი მზად არის ამ თემაზე სასაუბროდ. მაგალითად, დღეს ნათია ქარჩილაძის ოჯახზე განხორციელდა მუქარა, რომ თუ ის არ ჩამოშორდება აუდიტორია 115-ს, მაშინ მამამისი გათავისუფლდება სამსახურიდან.
მივმართავთ, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და დაცვა. ის პოლიციური რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში, არსებობას განაგრძობს დღესაც.
აუდიტორია 115 იწყებს ბრძოლას პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!
ჩვენ ვიბრვით თავისუფალი საზოგადოებისთვის!
ჩვენ არ გვეშინია!”, – აღნიშნულია განცხადებაში.