7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება

აქტუალური

პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი და Maroon 5 ესტუმრებიან.

პროექტთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მისმა მოადგილემ კახი კანდელაკმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

აღნიშნული პროექტი 2016 წლის აპრილიდან იწყება. ის მოიცავს კულტურული ღონისძიებების სერიას, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. პროექტს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს. კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. Сheck-in Georgia ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო ვარკვლავების მონაწილეობით, კერძოდ, ეროს რამაზოტი (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსი (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასი (18 ივნისი, ქუთაისი), Maroon 5 (7 ივნისი, ბათუმი).

რაც შეეხება ბილეთების ღირებულებას, როგორც ,,სტუდენტურმა ამბებმა” გაარკვია, ბილეთებზე სტუდენტური ფასდაკლება არ იმოქმედებს, თუმცა ფასი სიმბოლური იქნება. როგორც პროექტ Check-in Georgia-ს შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ბილეთების ფასი 20-30 ლარიდან დაიწყება. მათი მაქსიმალური ღირებულება 90 ლარი იქნება. 

ჯერჯერობით ბილეთების გაყიდვა მხოლოდ ეროს რამაზოტის კონცერტზეა დაწყებული და მათი შეძენა ფილარმონიის სალაროებში ან ონლაინ ვებგვერდზე TKT.ge არის შესაძლებელი. როგორც ,,სტუდენტურ ამბებს” TKT-ge-დან აცნობეს, ამავე ვებგვერდზე გაიყიდება Maroon 5-ის კონცერტის ბილეთებიც.

Check-in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს. ორგანიზატორების თქმით, ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმში საკონცერტო მოედნის მოწყობა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები