23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, დავითიანში ჩატარდა ლიტერატურის კრიტიკოსის, მთარგმნელის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ლევან ბრეგაძის საჯარო ლექცია თემაზე – “ავტორი, წიგნი და მკითხველი”.
აღსანიშნავია, რომ ლევან ბრეგაძე, ასევე, გახლავთ გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და ლიტერატურული პრემია “საბას” სამგზის ლაურეატი.
ლექციაზე ლიტერატურის კრიტიკოსმა ისაუბრა მკითხველისა და ავტორის მუდმივ კავშირზე, რომელიც ტექსტიდან სიმბოლოების აღქმით იწყება და აზრის ჩამოყალიბებით მთავრდება.
“დისტანციის დამყარება შეჩვეულ საგნებთან რთულია, თუ ჩვენ ამას შევძლებთ, იმასაც აღმოვაჩენთ, რომ სასწაულების სამყაროში ვცხოვრობთ, გავიაზრებთ, რომ ყოველი მიახლოვება ტექსტთან ერთ დიდ სასწაულს უდრის”, – განაცხადა მან.
დაუფასებელია ლევან ბრეგაძის დიდი წვლილი “ქართული ჟარგონის ლექსიკონი”–ის შექმნაში. ამ წიგნით მან უსახლკაროდ დარჩენილი სიტყვები დააბინავა და მკითხველს საინტერესო მასალა შესთავაზა.
“ერთი კარგი წიგნის დაწერას წინ ათასი უსარგებლო წიგნი უძღვის და მაინც ორივე მათგანის წარმატება გარდაუვალია. ღმერთის გარეშე, თვით ღმერთისგან განდგომაც შეუძლებელია”, – ლევან ბრეგაძე.