“მეგონა დაწვას მოისურვებდა ვინმე, მაგრამ გამიხარდა, რომ ამ დონეზე არ არიან შეშინებულები”.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ფერადი ხე გამოჩნდა. მისი მნიშვნელობა თითქმის არავინ იცოდა და დღემდეც, სტუდენტებსა თუ ლექტორებში, ეს ფერები სხვადასხვა ასოციაციას იწვევს. ბევრი ფიქრობს, რომ ხე ფერადი ძაფებით ლგბტ საზოგადოების მხარდასაჭერად მოირთო და ეს მათდამი სოლიდარობის ნიშანია. თუმცა, სინამდვილეში, ხის გაფერადების მიზეზი სხვა რამაა.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
„პოზიტივის ხე“ – ასე ეწოდება იმ ხეს, რომელმაც დიდი დაბნეულობა გამოიწვია საზოგადოებაში. მისი ავტორი კი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდები საქართველოსთვის” არიან. ორგანიზაცია წერეთლის უნივერსიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ახორციელებს პროეტს “ინსტაკლატორების კლუბი”. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა აღნიშნული ინსტალაცია -„პოზიტივის ხე“.
პროექტი მიზნად ისახავს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის თანამედროვე ხელოვნების მიმართულებების გაცნობას, გამომხატველობის ახალი სტილის დანერგვასა და მათთვის ინსტალაციის პროექტის აგებისა და შექმნის წესების სწავლებას. ასევე, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ინსტალაციას არ ექნება განმარტება, მნახველი თავად მისცემს მას ახსნას. შემქმნელთა ჩანაფიქრი მხოლოდ სურვილის შემთხვევაში იქნება გაჟღერებული.
„პირველი ინსტალაცია, – “პოზიტივის ხე”, საჩვენებელი ინსტალაციაა, რათა ნაცვლად სიტყვიერი გამოხატვისა, ვაჩვენოთ, თუ რა არის ინსტალაცია. ადამიანები ხშირად ვარქმევთ სახელებს რაღაცებს და ამ სახელების იდენტიფიკაციას ჩვენივე შიშების, ან ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობის ქვეშ ვაქცევთ, შესაბამისად, ნაწილმა დაინახა ის პოზიტივი, რაც უნდა შეემჩნია (ამ დროს, მოდის, გეკითხება, რა არის ეს?! რატომ არის?! და ა.შ.) ნაწილი კი, აგრესიულად არის განწყობილი, რადგან უბრალოდ ის უნდა იყოს, რასაც ფიქრობს, მაგალითად ლგბტ თემა. ამ მიდგომის გამო, მეგონა, დაწვას მოისურვებდა ვინმე, მაგრამ გამიხარდა, რომ ამ დონეზე არ არიან შეშინებულები”, – ამბობს ვეფხვია მხეიძე, „ინსტალატორების კლუბის“ წევრი და “პოზიტივის ხის“ ავტორი.
მსგავსი ინსტალაციების განხორციელება აწსუ-ს ტერიტორიაზე უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და ადმინისტრაციის დაფინანსებით კიდევ იგეგმება.
ავტორი: მარუსა ხურციძე