უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა დილით სტუდენტებს შეხვდა და მოუწოდა მათ, რომ მაქსიმალურად შეეცადონ ამ პროცესების პოლიტიზირება არ მოხდეს. მისი თქმით, ეს არის საუნივერსიტეტო პრობლემა და ამაში არანაირი პოლიტიკური ძალების მონაწილეობის საკითხი არაა გამართლებული.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“ჩვენ პოლიტიკური დაწესებულება არ ვართ. პოლიტიკოსების ადგილი თსუ-ის პრობლემების გადაწყვეტაში ნამდვილად არ არის. ეს არის პროფესორებისა და სტუდენტების გადასაწყვეტი. მე აკადემიური საბჭოს სხდომაზე ამ კანდიდატისთვის არ მიმიცია ხმა. თუმცა, საბჭოს უმრავლესობამ ესე გადაწყვიტა. სენატმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ახლა, დაამტკიცებს თუ არა. მე, როგორც რექტორი, სენატს სტუდენტებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად დავიცვათ ოფიციალურად დამტკიცებული რეგულაციები. ნებისმიერი კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს” – აღნიშნა ლადო პაპავამ.
მან არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია მის გადადგომასთან დაკავშირებით.
“კანცლერი არ ჰყავს უნივერსიტეტს და მე რომ გადავდგე, პრობლემა როგორ უნდა გადაწყდეს?! კიდევ მეტი პრობლემა შეიქმნება უნივერსიტეტში, ამას ნამდვილად არ განვიხილავ. ეს იქნება ჩემი მხრიდან მცდარი ნაბიჯი და უნივერსიტეტისთვის დარტყმის მიმყენებელი”. – განაცხადა პაპავამ.
ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი