გურამ სულხანიშვილი – „სტუდენტობა არ ნიშნავს, რომ 24 საათი წიგნში იჯდე“

ინტერვიუ

გურამ სულხანიშვილი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და  სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის  ლექტორია, რომელიც კითხულობს სალექციო კურსებს სამართლის მიმართულებით. ასევე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში უკავია იურიდიული სამსახურის უფროსისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობა. პარალელურად ეწევა საადვოკატო საქმიანობას.

2010 წელს წარჩინებით დაასრულა  ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ეგიდით 1 წელის განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა და სწავლობდა Monash–ის უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამაზე საერთაშორისო კერძო სამართალის მიმართულებით. 2012 წელს საქართველოს უნივერსიტეტში  დაასრულა  სამართლის სამაგისტრო კურსი კერძო სამართლის განხრით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

როგორი უნდა იყოს კარგი  ლექტორი, თქვენი აზრით?

პირველ რიგში, ლექტორს უნდა ჰქონდეს კვალიფიკაცია, შესაბამისი გამოცდილება და ადვილად უნდა შედიოდეს აუდიტორიასთან კონტაქტში. ზოგს ჰგონია, რომ ლექტორობა არის ადვილი პროფესია, მაგრამ რეალურად, ასე არ არის  იმიტომ,  რომ რამდენი ადამიანიცაა იმდენი ინდივიდუალური აზრია (განსაკუთრებით იურისტებში ,, იქ სადაც ორი იურისტია სამი აზრია“), ყველას უნდა მოუსმინო, ყველას, რა თქმა უნდა, უნდა გაუგო.  პლუს ამას, უნდა დააინტერესო შენი სალექციო თემატიკით. ლექტორმა მაქსიმალურად თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევები უნდა მიაღებინოს სტუდენტს,  უნდა დაიხარჯოს ბოლომდე, რომ გაადასცეს  საკუთარი ცოდნა და გამოცდილება . ამასთან, არ უნდა აგრძნობინო, რომ შენ მათზე რაღაცით მაღლა დგახარ, იმიტომ რომ რამდენიმე წლის შემდეგ, შეიძლება, აქეთ დაგცინონ თავისი ცოდნით.

გახსოვთ თქვენი პირველი დღე ლექტორის ამპლუაში? როგორ გაიხსენებთ თქვენს ემოციებს?

კი მახსოვს კარგად. ეს იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში,  2012 წლის  21 სექტემბერს. ნერვიულობის მომენტი არ მქონია, რადგან მანამდეც ვატარებდი ხოლმე ლექციებს ჩემი ლექტორების ნაცვლად და მთლად ახალი არ იყო ჩემთვის ეს ამპლუა. მახსოვს, როდესაც ლექციაზე შევდიოდი წავიკითხე, რომ გამოკრული იყო  – „პროფესორი გურამ სულხანიშვილი“. იქ იყვნენ ჩემი მეოთხე კურსის სტუდენტები,  ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა  დაახლოებით,  2 წელი იყო  და მესმოდა ასეთი კომენტარები:  „აუ ეს ბებერი ვინ იქნება ახლა“ ,, ნეტა თუ ჩაგვჭრის“ და ა.შ. ლექციაზე სანამ შევიდოდი  რამდენიმემ სიგარეტიც კი მთხოვა, მახსოვს. ლექტორობა არის ისეთი პროფესია, თუ დაიწყე ვეღარ დაამთავრებ. თუ იგრძენი აუდიტორიის მხარდაჭერა და მათი დაინტერესება, შეუძლებელია, ეს საქმე არ გააგრძელო. ჩემ შემთხვევაში  ნამდვილად ვიგრძენი, როგორც აუდიტორიის მხარდაჭერა, ასევე უფროსი კოლეგების თანადგომა.

3. მკაცრი ლექტორი ხართ?

მკაცრი ლექტორი არ ითქმის, უფრო სამართლიანი ვარ, თუმცა სამართლიანობა ხშირად სიმკაცრესაც გულისხმობს. არ მიყვარს, როდესაც სტუდენტი არ არის მოწესრიგებული, ვერ ვხვდები რატომ იხდიან სწავლაში ფულს თუ სწავლა არ უნდათ. სამწუხაროდ, დღესაც არიას სტუდენტების კატეგორია,  რომელსაც  დიპლომი მხოლოდ მშობლისთვის საჩვენებლად უნდა.  ჩაჭრაზე ორიენტირებული ნამდვილად არ ვარ. პირიქით, მაქსიმალურად ვცდილობ დავეხმარო  და სტიმული მივცე მათ.  სასწავლო პროცესში აუცილებლად ვიცავ დისციპლინას. მე თითოეულ მათგანს მეგობრულად ვუდგები და ვუყურებ, როგორც ჩემს მომავალ კოლეგას.

  ☼  გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე 

თქვენმა ყოფილმა ლექტორებმა გავლენა იქონიეს თქვენი, როგორც ლექტორის ჩამოყალიბებაზე?

კი, რა თქმა უნდა. ჩემი, როგორც იურისტის, ლექტორის და პიროვნების ჩამოყალიბებაში მათ დიდი წვლილი შეიტანეს. პირველად, სწორედ, ჩემი ყოფილი ლექტორის მიწვევით მოვხვდი ამ ამპლუაში.  ზოგადად, ქართველებს გვაქვს ხოლმე ასეთი პრობლემა, რომ  რატომღაც რჩევის მიღება არგვიყვარს, მაგრამ მე პირიქით, ვისმენ მათგან რჩევებსაც და შენიშვნებსაც.

როგორი სტუდენტი იყავით?

ამბობენ, რომ კარგი სტუდენტი ვიყავი, ნიშნებსაც თუ ჩავხედავთ კი, ასეა. (იღიმის)

როგორ გესმით თანამდერდოვე განანათლების მნიშვნელობა?

თანამედროვე განათლება ესაა დაუსრულებელი პროცესი. სახელმძღვანელო, რომლითაც  ისწავლება პირველ კურსზე, მეოთხე კურსზე  უნდა იქცეს  მაკულატურად იმიტომ,  რომ თანამედროვე განათლებაში მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიო, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და შესაბამისად 4 წლის წინანდელი ლიტერატურაც ხშირად ძველია. სამწუხაროდ,  ქართული რეალობა ვერ უწყობს ხელს ადეკვატურ განათლებას, ჩვენ გვაქვს ბევრი უნივერსიტეტი, თუმცა  რეალურად ისინი ვერ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს რომლებიც,  წესით,  უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს. უნივერსიტეტი ხომ უნივერსალური განათლებას ნიშნავს. თანამედროვე განათლება გულისხმობს ასევე უცხო ენების ცოდნას, დღეში მინიუმ 3 საათიან მეცადინეობას, სიახლეებისაკენ სწრაფვას, მუდმივ განვითარებას, მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში, კონფერენციებში და ა.შ. მეც ხშირად ვეცნობი უახლეს ლიტერატურას, სტატიებს, ვინაიდან ლექტორსაც სჭირდება ,,ფორმაში“ ყოფნა და ვცდილობთ, ერთმანეთს გავუზიაროთ საინტერსო ინფორმაცია და სასამართლო პრაქტიკა.

გინანიათ თქვენი პროფესიის არჩევა?

არასდროს, ვინაიდან ვთვლი, რომ იურისტობა ყველაზე საინტერსო პროფესიაა, რომელიც ადგენს ადამიანის ქცევის ზოგად წესს. ასევე იურისტებს ფულს გვიხდიან იმაში, რომ სხვის მაგივრად ვიაზროვნოთ.

ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდით?

ბავშვობაში მინდოდა გავმხდარიყავი ექიმი, მაგრამ დაახლოებით 13 წლის ასაკში ჩამოვყალიბდი რომ მინდოდა იურისტობა. ასევე,  ვოცნებობდი სხვა პროფესიაზეც, კალათბურთს ვთამაშობდი პროფესიულ დონეზე და შესაბამისად, მართლა მინდოდა, გავყოლოდი სპორტს. აქვე გეტვით, რომ სპორტის გამო სწავლისთვის თავი არასოდეს  არ დამინებებია.

ახლა თუ უთავსებთ ერთმანეთს სპორტსა და ლექტორის საქმიანობას? და ზოგადად რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

კი, ბევრ რამეს ვუთავსებ. ლექტორობა არ გულისხმობს მხოლოდ  ერთი მიმართულებით განათლებას. ადამიანის არ შეიძლება გქონდეს მხოლოდ ერთი დაინტერესება. სხვა შემთხვევაში  შენი  გონება უკვე ვეღარ აზროვნებს. თავისულალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ კაფე იქნება ეს ბარი, კლუბი თუ რესტორანი. პარალელურად, სპორტსაც მივყვები,  ძალიან მიყვარს თეატრი, კლასიკური მუსიკა ა.შ.

რას ურჩევდით სტუდენტებს?

სტუდენტებს რას ვურჩევდი? … სტუდენტებს ვურჩევდი, რომ გაიაზრონ  რატომ მოდიან უნივერსიტეტში, გაითავისონ  დროის ფასი, არასოდეს არ თქვან, რომ რაც  დღეს არის სასწავლი ისწავლის შემდგომ  და ორიენტირებულნი  იყვნენ მაქსიმალურად შედეგზე. სტუდენტობა არ ნიშნავს, რომ 24 საათი წიგნში  იჯდე.  პარალელურად, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეთ სხვა ინტერესებიც  და ჰყავდეთ  მეგობრები. პლუს ამას, ვურჩევდი, რომ იმუშაონ მეტყველებაზე, წერონ და ისაუბრონ სწორი ქართულით. დღეს, სამწუხაროდ, კურსელები ერთმანეთს არ ესაუბრებიან (ხშირ შემთხვევაში არ კადრულობენ) ან მეორე უკიდურესობა– კონტაქტობენ მხოლოდ სოციალური ქსელით, რაც ხელს უშლის რეალური კომუნიკაციის დამყარებას.

ავტორი: ელისაბედ ებრალიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები