ხათუნა კაჭარავა – “თანამედროვე განათლება არის მოაზროვნე სტუდენტი”

ინტერვიუ

ასოცირებული პროფესორი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა კაჭარავა დაიბადა 1961 წლის 16 ივლისს ქალაქ თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ჟურნალისტიკათმცოდნეობაში, ჟურნალისტიკის პროფესიული ეთიკის, კინოდოკუმენტალისტიკისა და ჟურნალიზმის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის შესახებ. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში. ასევე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

მისი მრავალი მიღწევისა და თვალშისაცემი პიროვნული თვისებებისგან გამომდინარე გადავწყვიტე გამეცნო თქვენთვის ხათუნა კაჭარავა, როგორც ლექტორი, რომლის კარებიც ჩვენთვის, მისი სტუდენტებისთვის მუდამ ფართოდ არის გაღებული.

-თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს კარგი ლექტორი?

-ძალიან რთული პროფესიაა და ძალიან ბანალურ ჭეშმარიტებას ვამბობ, რადგან გარდა იმისა, რომ თავის სფეროში უნდა იყოს სპეციალისტი და ძალიან კარგად უნდა იცოდეს თავისი კონკრეტული მიმართულების სპეციფიკა, ასევე მას უნდა შეეძლოს სტუდენტებთან პირველ რიგში კოლეგიალური ურთიერთობის დამყარება, სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების სტიმულირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვარ მომხრე სტუდენტებსა და ლექტორებს შორის ძალიან გახსნილი, ასე ვთქვათ ‘’ფამილიარული’’ ურთიერთობის, მაგრამ ყოველთვის ვთვლი, რომ კეთილგანწყობილი და საქმიანი ურთიერთობა აუცილებლად უნდა იყოს მათ შორის და ყველა ლექტორს უნდა ახსოვდეს, რომ დღეს მისი სტუდენტი ხვალ მისი კოლეგა გახდება და ამ ფაქტის წინაპირობა არ უნდა იყოს რაიმე სახის უხერხულობა.

-ოდესმე გინანიათ თქვენი პროფესიის არჩევა?

-არა, არასდროს.

-ჟურნალისტის სპეციალობა რომ არა, რა იქნებოდა სფერო, რომელში საქმიანობაც დაგაინტერესებდათ?

-მედიცინა. ერთმნიშვნელოვნად ვიქნებოდი ექიმი. მე ვარ ექიმების ოჯახიდან და მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ყველაზე ჰუმანური საქმე, სხვათა შორის ძალიან ხშირად ვავლებ პარალელს ექიმისა და ჟურნალისტის პროფესიებს შორის, ბევრი რამე აქვთ საერთო.

-როგორ გესმით თანამედროვე განათლების მნიშვნელობა?

-მე სხვათა შორის ამ თემაზე როგორც მიმუშავია, ასევე ძალიან ბევრი მიფიქრია და ვცდილობ, რომ განვახორციელო. ჩემთვის თანამედროვე განათლება არის მოაზროვნე სტუდენტი. წავიდა ის დრო, როდესაც ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ცოდნის დაგროვებაზე, ანუ როდესაც შენ იცი ინფორმაცია, რომლის რამესთან შედარება ან გამოყენება არ შეგიძლია, ამ შემთხვევაში ასეთ დაგროვილ ცოდნას გაცილებით უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს ვიდრე სხვა მიდგომას და ეს მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტს უნდა შეეძლოს საკითხის გააზრება, უნდა შეეძლოს სხვადასხვა თემების ერთმანეთთან დაკავშირება და უნდა შეეძლოს კრიტიკული აზროვნება ანუ გარკვეული დამოკიდებულების ჩამოყალიბება კონკრეტული მოვლენის მიმართ. ცოდნა არ უნდა იყოს როგორც აქსიომა, არამედ ეს უნდა იყოს აზროვნების პროცესი, რომელიც პირველ რიგში თანამედროვე განათლებით მიიღწევა. სწორედ ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

-როგორი იქნებოდა გადაცემა, რომლის ავტორი და წამყვანიც იქნებოდით?

-მე გავაკეთებდი გადაცემას და საზოგადოებას წარვუდგენდი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ყოველდღიურად ჩადიან გმირობას, მაგრამ მათ შესახებ არავის არ სმენია.

-ქართულ ტელესივრცეში „იმედის გმირების“ სახით  გვხვდება მსგავსი გადაცემა, რა იქნებოდა თქვენი ინოვაციური სხვაობა?

-ძალიან გამიხარდა, როდესაც ეს გადაცემა გამოჩნდა ტელევიზიაში, მისი ავტორი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტია, მაგრამ „იმედის გმირები“ ცოტა ჩაიკეტა გარკვეულ ჩარჩოებში. მე უფრო გავხსნიდი გადაცემის იდეას. რატომ არ შეიძლება გმირი იყოს კარგი ექიმი, კარგი ინჟინერი და ასე შემდეგ? მე გავაკეთებდი გადაცემას იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავიანთ პროფესიაში ან ცხოვრებაში ჩაიდინეს უხმაურო გმირობა.

-რა არის მიზეზი იმისა, რომ ქართული ჟურნალისტიკა სავსეა გონზო ჟურნალისტებით.

-გონზო ჟურნალისტიკა გარკვეულწილად კარგიც არის და ცუდიც. ეს ის თემაა, როდესაც უნდა ვახსენოთ სიტყვა – ეთიკა. გონზო ჟურნალისტი არ ცნობს ეთიკას და ის მაქსიმალურად დემოკრატიულად და ხშირად ენით, რომლითაც ქუჩაში საუბრობენ ადამიანები და იყენებენ ჩვეულებრივ ლექსიკაში, ესაუბრება თავის მკითხველს ან მაყურებელს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მას მიაჩნია მნიშვნელოვნად. გონზო ჟურნალისტიკა კარგია იმ მხრივ, რომ არის მეტი გახსნილობა და თავისუფლება, რაც მკითხველსაც და მაყურებელსაც მოსწონს, მაგრამ როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ შენ ხარ კარგი ჟურნალისტი, უნდა ითვალისწინებდე ეთიკურ ჩარჩოებს.

-ცუდია როდესაც დამწყები ჟურნალისტი ბაძავს პროფესიონალს?

-სუფთა ფურცლიდან დღეს ვეღარავინ ვეღარ იწყებს, ასეა ხელოვნებაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ასე შემდეგ. მთავარია შენ გაიზიარო წინა გამოცდილება, თუნდაც გააკეთო მსგავსი რამ, მაგრამ აუცილებლად უნდა გააუმჯობესო და დაამატო შენი, აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს შენი პიროვნება და შენი პროფესიონალიზმი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ადამიანს დღეს შეუძლია შექმნას ისეთი რაღაც, რაც არავის გაუკეთებია. კაცობრიობა უკვე არის იმ „ასაკში“, რომ თითქმის ყველაფერი ნაფიქრი და გაკეთებულია.

-ახალგაზრდა თაობაში რამდენად დიდია შიდა კონკურენცია?

-კონკურენცია უნდა იყოს, ეს ძალიან კარგია, როდესაც მას აქვს ჯანსაღი ფორმა. მაგრამ, როდესაც კონკურენცია იღებს ცუდ სახეს, მე ვგულისხმობ იმას, რომ შენ გყავს მფარველი ადამიანი, რომელიც შენს გვერდით მყოფ ნიჭიერ ადამიანზე უფრო ადვილად წაგწევს წინ, ეს უკვე ჯანსაღი კონკურენცია არ არის. ტედ ტერნერი, ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩამოაყალიბა „CNN“, ის სპორტსმენი იყო და ხშირად ამბობდა „მე აფროსანი ვიყავი და იქ ვისწავლე, რომ ყველას უნდა გაასწრო და უნდა იყო პირველი“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაცნობიერებული ქონდეს ყველას.

-რას ურჩევდით სტუდენტებს?

-სტუდენტებს ვურჩევდი, რომ ცოტა მეტი სერიოზულობით მოეკიდონ თავიანთ პროფესიას. უნდა ახსოვდეთ, რომ ყოველი დაკარგული დრო და უსწავლელი მასალა მათ აუცილებლად წინ დახვდებათ და მიხვდებიან, რომ თავიანთ პროფესიაში აქვთ ხარვეზები და ეს ძალიან ცუდია.

ავტორი: ლევან ლომიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები