ხშირად მოგვისმენია ან წაგვიკითხავს, რომ სტუდენტობა ესაა ცხოვრების საუკეთესო ნაწილი, პერიოდი, როდესაც ახალგაზრდას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი – აისრულოს ოცნებები, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია, დაუშვას შეცდომები და მიიღოს გამოცდილება. რაც მთავარია, ესაა საუკეთესო დრო განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბებისთვის, მომავალი განვითარების გზაზე. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა დიდი სურვილი, მიზანდასახულობა და ბევრი სწავლა, თუმცა არსებობს რიგი ფაქტოორებისა, რომლებიც სტუდენტებს მოტივაციას უკარგავს.
რა აწუხებთ სხვადასხვა უნიუვერსიტეტის სტუდენტებს? რა სახის პრობლემების წინაშე დგანან და რაში ხედავენ ისინი გამოსავალს? ამის გარკვევას studinfo.ge შეეცადა.
ნინო ზურაბიშვილი, მე-4 კურსის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც კონკრეტულად ფარმაცევტებს აწუხებთ.
,,ფარმაცევტებისთვის გამოყოფილი კორპუსი, რომელიც პეროვსკაიას ქუჩაზე იყო, ვითომდა,
ავარიული მდგომარეობის გამო დაგვატოვებინეს, სინამდვილეში კი 7,5 მლნ ლარად გაყიდეს. ახლა ვაჟაზე არსებულ მე-2 კორპუსში ვსწავლობთ, რომელიც ნამდვილად ავარიულია. დაბზარული კედლები და კიბეები, ჭერიდან ჩამოსული წყალი, ნამდვილად საშინელი გარემოა სწავლისთვის, ამავდროულად ძალიან საშიშია, შიგნით შესული გარეთ ცოცხალი გამოვალ თუ არა არ ვიცი’’,- გვითხრა მან. სტუდენტების მოთხოვნაზე, გამოსწორონ არსებული ვითარება ან შეუცვალონ სასწავლო კორპუსი, პასუხი ადმინისტრაციას არ აქვს. როგორც ნინო, ამბობს ისინი ტრადიციულ მეთოდს (,,საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა’’) მიმართავენ.
განსხვავებულ პრობლემებზე გვესაუბრა ამავე უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ბაჩანა ლუკავა. იგი მედიცინის სტუდენტია და ამბობს, რომ ძირითადი მხარე, რაც სამედიცინო უნივერსიტეტმა უნდა გამოასწოროს, ფინანსურია.
,,ჩვენთან ჯავახიშვლის უნივერსიტეტისგან განსხვავებით ერთ ჩარჩენილ საგანზე 1125 ლარს ახდევინებენ, არ აქვს მნიშვნელობა საგნისთვის მინიჭებულ კრედიტთა რაოდენობას. ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა საერთოდ არ შეესაბამება ბოლონიის პროცესს. ამას გარდა, მინდა, რომ სამედიცინოს სტუდენტებს იგივე შემართება ჰქონდეთ, იგივე ერთობა, რაც თსუ-ის სტუდენტებს აქვთ’’,- აღნიშნა ბაჩანამ.
ალექსი სეფიაშვილი, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში, ვეტერინარია- -მეცხოველეობის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია, მთავარ პრობლემად არჩეულ სპეციალობასთან შეუსაბამო საგნების სწავლას ასახელებს.
,,საერთოდ არ მომწონს, რომ მასწავლიან ისეთ საგნებს, რომლებიც ჩემი სპეციალობით საერთოდ გამოუსადეგარია, მაგალითად, უმაღლესი მათემატიკა და მსგავსი საგნები. სწავლაში ხელს არაფერი მიშლის, რადგან ბენდუქიძის მიერ გატარებული რეფორმები საკმარისია იმისთვის, რომ სტუდენტმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს. უბრალოდ, უშუალოდ მე, პრობლემას მიქმნის ის ფაქტორი, რომ მიჭირს ჩემთვის უსარგებლო საგნების ათვისება. ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის ნება საგნებთან დაკავშირებით’’,- გვითხრა მან.
აგრარული უნივერსიტეტისგან განსხვავებით, თსუ-ის საერთაშორისო ტურიზმის სკოლის სტუდენტებს არა ერთი და ორი საკითხი აწუხებთ, არამედ მათ პრობლემებს კომლექტური სახე აქვს. უნივერსიტეტში საკვები ობიექტის არარსებობა, 4 კომპიუტერის გამო შექმნილი რიგები და რთულად ნათარგმნი ლიტერატურა სტუდენტების უკმაყოფილებას იწვევს.
,,პრობლემებს ვაწყდებით დეკანატთან ურთიერთობის დროსაც. მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ სტუდენტთა ინტერესი დააკმაყოფილონ. მაგალითად, სტიპენდიანტების სია მაინტერესებდა. სიის გამოქვეყნებას წინ უძღვის უნივერსიტეტის ბრძანებულება, იმის შესახებ, რამდენი სტუდენტი ფინანსდება, მათ ეს არ იცოდნენ, ჩემგან გაიგეს’’, – თქვა მეოთხე კურსის სტუდენმა მეგი კობაიძემ. მან ასევე ისაუბრა უნივერსიტეტში არსებულ კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც საპირფარეშოებს უკავშირდება:
,,2 საპირფარეშო გვაქვს, სტუდნეტებისთვის და თანამშრომლებისთვის. ამ უკანასკნელის ოთახი ყოველთვის სუფთაა და აღჭურვილია საჭირო ინვენტარით (საპონი, ქაღალდის ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდი). რაც შეეხება ჩვენს საპირფარეშოს, ზოგჯერ არც ზემოთ აღნიშნული საგნები გვაქვს და კარის საკეტიც წლებია გაფუჭებულია’’,- აღნიშნა მეგიმ.
,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ისეთივე უნივერსიტეტია, როგორიც სხვა. უბრალოდ, გარკვეული პერიოდი ჩავარდნა ჰქონდა და ამის გამო აგდებით იხსენიებენ. აქ სწავლისთვის შესაფერისი გარემოა, გვაქვს კარგი ლიტერატურა და ტექნიკა, იცველბა სიტუაცია, ლექტორები საკუთარ მოვალეობას ასრულებენ და ვისაც სწავლა უნდა ის ყოველთვის სწავლობს’’,- გვითხრა გეპეის 1-ლი კურსის სტუდენტმა დიტო ხუსკივაძემ. ერთადერთი რამ, რაც მას აწუხებს იმ ადამიანების დამოკიდებულებაა, რომლებიც გეპეის სტუდენტებს ალმაცერად მხოლოდ იმ მიზეზით უყურებენ, რომ იქ სწავლობენ. ,,რეალურად შიდა სამზარეულოში რა ხდება არავინ იცის. ამ უნივერსიტეტის ხსენებაზე ირონიული სიცილი უტყდებათ, განა იმიტომ, რომ მოვიდნენ, ნახეს და შეაფასეს სიტუაცია უნივერსიტეტში, არამედ იმიტომ რომ სხვისგან აქვთ მოსმენილი ცრუ ინფორმაცია და ამაზე დაყრდნობით თავს უფლებას აძლევენ დასცინონ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ეს არაადამიანურია’’,- გვითხრა მან.
[textmarker color=A9F5BC]✔გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
Studinfo გაცდა თბილისის საზღვრებს და დაინტერესდა იმ პრობლემებით, რომლებიც ხშირად აწუხებთ, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ხატია ღვინიანიძე ჯერ პირველ კურსზეა და მიუხედავად იმისა, რომ მოსწონს აქ სწავლა, გარკვეული სახის პრობლემები დისკომფორტს უქმნის.
,,ჩვენს უნივერსიტეტში სწავლებისთვის არ არის ცუდი პირობები, მაგრამ არც დიდად სასურველი. რაც მომწონს, გრაფიკია, რადგან დღის ერთი ნაწილი სრულიად დატვირთული გვაქვს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს სწავლასთან ერთად ვიმუშაოთ. ვისურვებდი, უფრო აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას, მეტად დატვირთული და მკაცრი სწავლების ფორმას. აქ სწავლის ხარისხი დამოკიდებულია ლექტორის კეთილ ნებაზე. არ ვამბობ, რომ გაუნათლებელი და ცუდი ლექტორები გვყავს, მაგრამ აქვთ მოძველებული სწავლების მეთოდები, რაც ნაკლებად საინტერესოა, თუმცა ამ მხრივ ვამჩნევ გამოსწორების მცდელობას, რაც ძალიან კარგია’’,- გვითხრა მან.
უნივერსიტეტი – უმაღლესი სასწავლებელი და სამეცნიერო დაწესებულება – არ გულისხმობს მხოლოდ აკადემირი ხარისხის მინიჭებას. იგი უნდა უქმნიდეს სტუდენტებს ისეთ გარემოს, რომელშიც დასვენება, კვება და ,გართობა ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც სწავლა-განათლების მიღება. ფაქტია, რომ უნივერსიტეტებში არსებული პრობლემები, რომლებზეც სტუდენტები საუბრობენ, გასათვალისწინებელი და გამოსასწორებელია.
იხილეთ ასევე: “გუდ ფუდი” მაღლივში, რაზე ჩივიან სტუდენტები (+ფოტოები)
ავტორი: ნათია დაშნიანი