„ზუსტად ისეთია როგორიც ოთხი წლის წინ იყო, უბრალოდ უფრო საშინელი სუნი დგას.“ – რიგითი მაღლიველის კომენტარი.
დადგა ლეგენდარული დღე მაღლიველი სტუდენტებისთვის, საშველი დაადგა ყველა მათგანის დაცარიელებულ კუჭს, რომლის ამოსავსებათაც გოლგოთას აღმართის ჩავლა-ამოვლა უწევდათ! მაღლივში კვების ობიექტი გაიხსნა!
მაღლიველები ბედნიერებას ვერ მალავენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე მათგანმა სიხარულის ყიჟინაც კი დასცხო, რომელიც მაღლივის უკიდეგანო სივრცეში ექოდ ჩაინთქა.
-როგორც იქნა, ბოლო მოეღო შიმშილის თამაშებს! აქამდე ისეთი დამშეულები ვიყავით, ერთმანეთთან რაციონალური დისტანციის დაცვას ვცდილობდით, კანიბალიზმის პრეცედენტი რომ არ დაფიქსირებულიყო, თუმცა ამ მეთოდმა რიგ შემთხვევებში ვერ გაამართლა.. ეჰ, ქეთი, ქეთი… მაგრამ ახლა, როგორც იქნა, გვაქვს შესაძლებლობა ლექციებს შორის შესვენებების დროს ადამიანურად ვისადილოთ! – განაცხადა ერთ-ერთმა მაღლიველმა.
-ეს იმდენად კარგი ამბავია, ახლა ნაკლებად მძულს ცხოვრება, როცა ყოველ დილით მაღვიძარა მაფხიზლებს და მახსენებს რომ მაღლივისკენ მიმავალ მოყინულ გზას უნდა გავუდგე! – აღნიშნა მეორე მაღლიველმა.
-მმმ მმმმ მმ მმმ, მმმმმ მმმმმმ, მმ! – თქვა მესამე მაღლიველმა, რომელიც უკვე სარგებლობდა ახლად გახსნილი კვების ობიექტით და პირი ნაირნაირი საჭმლით ჰქონდა გამოტენილი.
მაღლივში ზეიმია! შიმშილისა და სტუდენტის ისტორიულ ომში ამ უკანასკნელმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა!
[textmarker color=FE9A2E]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
-ახლა გამოცდებიც აღარ მაღელვებს! არა, როგორ არ მაღელვებს, ვიცი რომ რამდენიმე საგანი აუცილებლად შემეტენება, მაგრამ ნაკლებად ვნერვიულობ! მაძღარ კუჭზე ცხოვრება მშვენიერია. – თქვა ეკონომიკისა და ბიზნესის მერვე კურსის სტუდენტმა და მადიანად ჩაკბიჩა ჰამბურგერი.