როგორ გავიუმჯობესოთ წერის უნარები

სასარგებლო რჩევები

თუ ხშირად გიწევთ თემების, სტატიების და აკადემიური ნაშრომების წერა, დაგვეთანხმებით, რომ წერის პროცესი საკმაოდ შრომატევადია და უამრავი დეტალის გათვალისწინებას გულისხმობს, რომელთა უყურადღებოდ დატოვებაც მთლიანობაში ნაშრომის უხარისხობამდე მიგვიყვანს. შესაბამისად წერის დროს, ალბათ, სულ ფიქრობთ ხარისხსა და მისი გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა დახმარებითაც თქვენ შეძლებთ დახვეწოთ წერის ტექნიკა და ყურადღება იმ დეტალებზე გაამახვილოთ, რომელსაც შეიძლება აქამდე უგულებელჰყოფდით. ამას გარდა წერის ტექნიკის დახვეწით თქვენი ნაშრომები მკითხველთათვისაც სასიამოვნო წასაკითხი გახდება.

  1. იფიქრეთ თქვენი მკითხველების მოთხოვნებზე

პირველ რიგში იფიქრეთ მკითხველზე და გაითვალისწინეთ მათი მოთხოვნები. თქვენი მკითხველების მოთხოვნების გათვალისწინება, დაგეხმარებათ თქვენი წერითი უნარების განვითარებასა და ნაშრომის – როგორც მთლიანის, ისე მისი თითოეული მონაკვეთის გაუმჯობესებაში. თქვენი მიზანი უნდა იყოს, გახადოთ ტექსტი რაც შეიძლება ნათელი. ამისათვის:

  • გადმოეცით აზრი გასაგებად და მოკლედ;
  • თავიდან აიცილეთ ორაზროვნება და  ზედმეტად გრძელი წინადადებები;
  • ნუ გამოიყენებთ რთულ სიტყვებს იქ, სადაც მარტივის გამოყენებაც შეიძლება;
  • აუცილებელია სწორი პუნქტუაცია და ტექსტის ლოგიკურ პარაგრაფებად დაყოფა.

გახსოვდეთ, რომ ყოველი ნაშრომი რაღაც ამბავს გადმოსცემს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეპილოგისა და პროლოგის გამოყოფა, თავების სათაურები და ქვესათაურები.

  1. დაიმახსოვრეთ მართლწერის ძირითადი წესები

ალბათ, ყველამ იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ,,ოქროს წესს“, რომ მნიშვნელოვანია მართლწერისა და გრამატიკის წესების დაცვა. გრამატიკული შეცდომების თავიდან არიდება ყურადღებიანი, დაკვირვებული კითხვით შეიძლება. ნურასოდეს ენდობით მხოლოდ WORD-ის მართლწერის შემოწმების ფუნქციას. ტექსტის შესამოწმებლად გადაკითხვა აუცილებელი პროცედურაა, ამიტომაც ნუ ჩათვლით მას უმნიშვნელო პროცედურად. აუცილებლად დაუთმეთ დრო ტექსტის გადაკითხვას. შემოწმება განსაკუთრებით საჭიროა, როცა იმ ენაზე წერთ, რომელიც თქვენი მშობლიური ენა არ არის.

  1. წერეთ რეგულარულად, რათა გაიუმჯობესოთ ხარისხი და თავდაჯერებულობა

თუ აკადემიურ ნაშრომს წერთ და მის შესაქმნელად გარკვეული პერიოდი გაქვთ, ნუ დაელოდებით დედლაინის მოახლოებას. მკვლევარ სტუდენტებს ნაშრომის მომზადების დაწყებას სემესტრის დასაწყისიდანვე თხოვენ,რადგან ეს, პირველ რიგში, დედლაინის მოახლოვების დროს შრომის წნეხს შეამცირებს. გარდა ამისა, ვარჯიშისა და ტექნიკის დახვეწის შესაძლებლობას მოგცემთ. რეგულარულად წერა დაგეხმარებათ ნაშრომზე კონცენტრირებაში და საკუთარი აზრების სიტყვებით გადმოცემას გაგიადვილებთ.

განსაკუთრებით სასარგებლოა კრიტიკული წერა: თეზისებზე დათანხმება ან უარყოფა; ნათელი და გასაგები არგუმენტების მოყვანა საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად; მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვა; დასკვნის გაკეთება.

  1. იმუშავეთ ესკიზებსა და მონახაზებზე

ვრცელ ნაშრომზე მუშაობის დროს, პირდაპირ სუფთა და საბოლოო ვარიანტის დაწერა შეუძლებელია. აუცილებელია, იმუშაოთ დრაფტებით. ასე, საშუალება და დრო გექნებათ, უფრო ყურადღებით იფიქროთ ნებისმიერ ახალ იდეაზე და ნებისმიერ დროს შეიტანოთ ცვლილებები.

კარგი იქნება, თუ დრაფტებისა და რე-დრაფტების კონკრეტულ სტრუქტურასაც შეიმუშავებთ. მაგალითად, მიჰყვეთ საფეხურებრივად მათ ცვლილებებს:
I რე-დრაფტი – აკადემიური გამართულობა
II რე-დრაფტი – ზედმეტი მონაკვეთების მოცილება
III რე-დრაფტი – თანმიმდევრულობის გასწორება
IV რე-დრაფტი – მართლწერის კორექტირება
V რე-დრაფტი – საბოლოო შემოწმება და შესწორებები

  1. მიიღეთ შეფასეფა და შესწორებები

ლექტორისგან, მასწავლებლისგან ან ნაშრომის ხელმძღვანელი პირისგან შესწორებებისა და შეფასებების მიღება სამუშაო პროცესის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ხელმძღვანელი უკეთ შენიშნავს თქვენი ნაწერის სუსტ მხარეებს და მისგან მიღებული შენიშვნის გამოსწორებას მაქსიმალურად უნდა ეცადოთ.
ხელმძღვანელის გარდა შეგიძლიათ მეგობრები და ჯგუფელები დაიხმაროთ, რომელთა შეფასებებიც დაგეხმაროთ ნაშრომის გაუმჯობესებაში.

ხელმძღვანელებისა თუ სხვების შეფასების მეშვეობით დარწმუნდით, რომ თქვენი ნაწერი საჭირო სტანდარტებს შეესაბამება.

  1. რეალურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები

ნაშრომის ხარისხზე ნერვიულობა ბუნებრივია, მაგრამ,  ნუ მისცემთ ემოციებს საშუალებას, შეგაჩეროთ და მახეში გაგაბათ. იქონიეთ რეალისტური მოლოდინები საკუთარი ნაშრომის შესახებ. ეს თავიდან აგაცილებთ უსარგებლო ნერვიულობაზე დროის ხარჯვას.

და ბოლოს:

გახსოვდეთ, რა არის მნიშვნელოვანი მოცემულ წერის სტილში – ნუ დაკარგავთ დროს ზედმეტ პერიფრაზებზე. თქვენი ნაშრომი თავის საქმეს გააკეთებს, თუ თქვენს სათქმელს გასაგებად გადმოსცემთ საკუთარი სიტყვებით.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები