22-27 მაისს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლისა და ,,მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის” ორგანიზებით აღმოსავლეთ ევროპაში პირველად ჩატარდა ევროპის საბჭოსსაპარლამენტო ასამბლეის მოდელირება – Model PACE 2015. ორგანიზატორების თქვმით, ეს გახლდათ უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები სამი დღის მანძილზე მუშაობდნენ ევროპის საბჭოსა და გაეროს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. პროექტი იყო სრულად დაფინანსებული 300-მდე მონაწილისათვის, რომელთა ნაწილის სპეციალური მოწვევით ჩამოყვანა და დაბინავება მოხდა დედაქალაქში პანკისის ხეობიდან, ზემო სვანეთიდან, ცაგერიდან, ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან. ახალციხიდან, აჭარიდან და სხვ.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ღონისძიების მხარდამჭერები გახლდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლიტვის საელჩო, თბილისის მერია, გაერო, ეროვნული ბიბლიოთეკა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვ. 23-24 მაისს გაიმართა საკომიტეტო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; პრეზიდიუმს კი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 25 მაისს უმასპინძლა და ამავე საღამოს დიპლომატიური მიღება გაიმართა თბილისის საკრებულოში კონსერვატორიის კვარტეტის აკომპანიმენტით, სადაც ნინო გუგუშვილმა საქართველოს ჰიმნი დამსწრეებთან ერთად შეასრულა, რის შემდეგაც ჰიმნი გაჟღერდა საქართველოს მერე სახელმწიფო ენაზე – აფხაზურად. 25 მაისს, დიპლომატიურ მიღებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ.
26 მაისს რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები დაესწრნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და ასევე მოინახულეს თბილისში მდებარე სინაგოგა და მეჩეთი. დიპლომატიური მიღების ფარგლებში წარმატებულ დელეგატებს გადაეცათ ისეთი პრიზები, როგორიც არის რუმინეთში, ლიტვაში, ამერიკაში და იტალიაში დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობის მიღებაში მხარდაჭერა; ასევე, სხვადასხვა აკადემიურმა და სპორტულმა ცენტრებმა წარმატებული მონაწილეები უფასო სასწავლო პროგრამებით დააჯილდოვეს. რადარამმა და სხვადასხვა გამომცემლობებმა ყველა მონაწილის საინტერესო წიგნებით უზრუნველყოფა შეძლეს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები წარმოადგენდნენ არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს არამედ ქვეყნის კულტურულ, ენობრივ და რელიგიურ მრავალფეროვნებას, ასე რომ ბევრი მათგანი განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა იმით, რომ პირველად აღნიშნეს მათი სამშობლოს დამოუკიდებლობა ქვეყნის დედაქალაქში. საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ლაშა შაყულაშვილმა კი სხვადასხვა პრიზებით ის ახალგაზრდები დააჯილდოვა, რომლებსაც ის რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვდა და მათი სურვილების შესრულებას დაჰპირდა. გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის მანდატს მხარს უჭერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მისი პარტნიორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.