,,მათ ხომ, უბრალოდ, ერთ შეხედვას გადამაყოლეს…’’

აქტუალური

ავტორი: ნათია დაშნიანი


ირაკლისტუდენტობა ის პერიოდია, როდესაც საკუარი თავის ძიებაში აღმოჩენილ პრიორიტეტებსა თუ სისუსტეებს რაღაც მიმართულებას აძლევ, რაც ახალი ,,მეს’’ ჩამოყალიბებაში გეხმარება. სწავლის ეროვნული უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა, ირაკლი ჭიკაიძემ გადაფასების პროცესში აღმოაჩინა, რომ პროფესია (არქიტექტორი), რომელიც დედის თხოვნით აირჩია, აბსოლუტურად ზედგამოჭრილია მისთვის. გარდა ამისა, მიხვდა, რომ ფიქრები, რომლის გამოხატვაც ხშირად სიტყვებითა თუ ქმედებით შეუძლებელია, კარგად აისახება ნახატებს, პროზასა და პოეზიაში. არის ბევრი ლექსისა და ორი მოთხრობის – ,,ამქვეყნიური სამოთხის’’ და ,,წარსული ექოს’’ – ავტორი. ახლა რომანზე მუშაობს და დრო და დრო პოეზიის საღამოებსაც აწყობს. მისი პიროვნული ღირებულებები და ინტერესები კი ჩვენი ბლიც-ინტერვიუდან შეიტყვეთ:

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

– ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა,  რომ…

– დავმჯდარიყავი ღრუბელზე, დაუღლელად მექანავა ფეხები და დედამიწისთვის გადმომეხედა. არ გამიმართლა, მგონი.

– ჩემში გარდატეხა მოახდინა…

– რეალობის მძაფრმა შეგრძნებამ, რომელმაც წერა დამაწყებინა.

– რომ არ ვყოფილიყავი არქიტექტორი, ვიქნებოდი… 

– იურისტი, რომელიც გულის სიღრმეში ასტრონავტობაზე იოცნებებდა.

– არქიტექტურა არის…

– ქვაში გამოხატული პოეზია, მითუმეტეს თუ ანტიკურ შედევრებს გადავავლეთ თვალს. ანტიკურ ხანაში ესმოდათ ყველაზე კარგად არქიტექტურის არსი, დღეს მშენებლობასაც კი არქიტექტურას ეძახიან.

– არქიტექტურული შედევრია…

– ანტონიო გაუდის ,,საგრადა ფამილია’’.

– ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს…

– კავშირი პოეზიასთან.

– ხელოვნება არის…

– დიალოგის ყველაზე მარტივი ფორმა, მაშინ როცა არ იცი რა თქვა…

– ჩემი პირველი წარმატება…

– დაბადება. ისე რთულად გავჩნდი და დედაჩემი ისე ვაწვალე, რომ ნამდვილად ”წარმატება” უნდა ეწოდოს, სხვანაირად არ შეიძლება.

– ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ…

– მადლიერების გრძნობას.

– მჯერა,რომ…

– ღმერთი იმაზე ბევრად ახლოსაა, ვიდრე წარმომიდგენია.

– ის,რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში…     

– მიზანმიმართულება.

– რაც ყველაზე მეტად არ მომწონს  საკუთარ თავში…

– ის, რომ ამ მიზნისთვის მომკალით და მაინც ვერ ვამართლებ ყველა საშუალებას.

– ჩემი სუსტი წერტილი…

– იმაზე მეტად ვენდობი ხალხს, ვიდრე იმსახურებს.

– ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის…

– არის არც მეტი, არც ნაკლები – წერა…

– ვწერ…

– და გწერ (შენ, ანუ იმას, ვისაც ჯერ არ შევხვედრილვარ)…

ნახატი

,, გულში წვიმს,
გარეთ ქარია,
ალყას მარტყამენ ღონემიხდილს, ძველი ფიქრები.
ჭიქა არაყმაც ყველაფერი სულმთლად არია,
არ ვიცი, რა ვარ,
რა ვიყავი, ან რა ვიქნები.
რითმაც არ მოდის,
დამსხვრეული, გმირის ფარივით.
არც ვარსკვლავი სჩანს, ცაზე მნათი,
ცალკე, ეულად.
თითქოს, სხეულში, გამჩენია რაღაც ბზარივით,
თითქოს, ქვეყანაც მოძრაობას გადაჩვეულა.
ქარებს დაყავხარ,
აქეთ-იქით ხელკავგაყრილებს,
და არც არავის ანებებენ შენთვის შეხედვას.
შენ გარიდებენ, ანგელოზო, ფლიდებს, გარყვნილებს,
მიწასთანაც კი არ გიშვებენ ფეხით შეხებას.
ასე, ლანდივით ჩამიქროლე ერთ დროს, თვალებთან,
გონმა დამტოვა,
ჩუმი მზერაც გამოგაყოლე.
უმალ შენიშნეს და ჩამავლეს შენმა ქარებმა,
იმ ერთ შეხედვას,
ჩემო კარგო, გადამაყოლეს!
აი, კვლავ ვდგავარ,
დანგრეული, იმავ ადგილას,
სადაც გაჰქროდი,
სადაც თავი დამაკარგინე.
ქარის ხმა მესმის,
შენ მოჰყავხარ, ვფიცავ საფიცარს.
ქარწაღებული, ერთი ლოთი გადამარჩინე..
გულში წვიმს,
გარეთ, ალბათ, ისევ ქარია,
ვეღარც ვატოკებ გადამტვრეულ ჩემსავ ნაფოტებს.
მე ხომ არ მითქვამს,
-ანგელოზო, კოცნა მწადია.
მათ ხომ უბრალოდ,
ერთ შეხედვას გადამაყოლეს…’’

 

ქოხი– ჩემს ცხოვრებაში შევცვლიდი…

– არაფერს, ძალიან მდიდარი ვარ_ მყავს ოჯახი და თითზე ჩამოსათვლელი მეგობრები, მეტი რა მინდა. ამ ყველაფერს ვერ დავაყენებ შეცვლის რისკის ქვეშ.

– ყოველთვის უნდა მახოვდეს…

– რომ არასოდეს დავივიწყო ის, რომ ერთი უბრალო მოკვდავი ვარ.

– ნიჭი,  რომელსაც მინდა ვფლობდე…

– პიანინოზე დაკვრა.

– ყველაზე ხშირად მავიწყდება…

– დონ კიხოტის ცხენის სახელი.

– მრცხვენია, როდესაც…

– მაქებენ.

– ყველაზე მეტად მიყვარს…

– იმ სამყაროში შესვლა, რომელსაც მესამე წელია აგურ-აგურ ვაშენებ, ანუ რომანი, რომელზეც ვმუშაობ და რომელშიც ჩემი სამყარო, ლოკაციები და პერსონაჟები მყავს გამოგონილი. რომანი სამ ნაწილიანი იქნება, ცალ-ცალკე წიგნებად. მთლიანი სათაური არის ,,უღირსნი’’. პირველ წიგნს ჰქვია ,,სამართლის ფერფლი’’, რომელიც თითქმის დავამთავრე. მეორეს_ ,,გამოძახილი’’. შეიძლება ითქვეს რომ სამივე ნაწილზე ერთდროულად ვმუშაობ, რადგან რაღაცებს ვცვლი, ახალს ვამატებ და ა.შ. მესამე ნაწილი ჯერ არ დამიწყია.

– რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ…

– გრცხვენოდეს, ადამის მოდგმავ!

– სიყვარული არის…

– საპირისპირო სულების შეხვედრა და ერთმანეთის შევსება.

– როდესაც ცუდად ვარ…

– ვცდილობ, რაც შეიძლება ხმამაღლა ჩავრთო მუსიკა ყურსასმენებში…

– მეშინია…

– სიკვდილის, (ოღონდ არა საკუთარის)…

– ,,ამქვეყნიური სამოთხე’’…

– არის ადგილი, სადაც ყოველთვის სიხარულით მელიან.

– არასდროს მინანია…

– რომ ვარ ის, რაც ვარ.

– მინდა დამიმახსოვრონ, როგორც…

– ირაკლი ჭიკაიძე და არა როგორც თაროზე შემოდებული, მტვერდადებული წიგნის ავტორი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები