,,ე.წ. მუნჯი მსახიობი ვარ’’

აქტუალური

ავტორი: ნათია დაშნიანი


სინდი ტატამოდელი სინდი კროუფორდი, მსახიობი ევა მენდესი და მომავალი ჟურნალისტი ტატა ნაკანი. ერთი შეხედვით, სამივე მათგანის საერთო ნიშანი მხოლოდ ეშხიანი თვალები და მარცხენა ლოყაზე ხალია, თუმცა ასე არ არის. გარდა იმასა, რომ ტატას ორივე მათგანს ამსგავსებენ, მათთან კიდევ ერთი საერთო აქვს – უყვარს კარგად ჩაცმა და მსახიობის  თამაშის ხელოვნება. ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ტატა ნაკანიტატა ნაკანი 1994 წლის 27 მაისს დაიბადა თბილისში. სკოლა-კომპლექს  „სადუნში“ ბაღიდან მოყოლებული სწავლობდა. მის პიროვნებად ჩამოყალიბებას ამ კომპლექსს უკავშირებს. ,,დღეს ჩემი საქმიანობა და ზოგადად, ის ვინც დღეს ვარ  ჩემი სკოლისა და მშობლების დამსახურებაა. ბავშვობიდანვე აქტიური ვიყავი, ხელოვნებასთან მუდამ ახლოს, ეს დამეხმარა ჩამომყალიბებოდა გემოვნება, ინტერესები, სურვილები, მიზნები’’, – ამბობს ტატა. ბოლო წელს მე-18 საჯარო სკოლაში გადავიდა, თუმცა მისი თქმით, ამ სკოლიდან მხოლოდ ატესტატი დარჩა.

მამა სვანი ჰყავს, დედა კი ქართლელი. ამბობს, რომ მათი თვისებები დაბალანსირებულად ერგო. ,,ხშირად მეუბნებიან რომ არ მეტყობა „სვანობა“, თუმცა მაინტერესებს ხოლმე ამაში რას გულისხმობენ. სტერეოტიპული ,,სვანი’’ რა ცნებაა? ვფიქრობ, სვანები ნიჭიერები არიან, თუნდაც ხელოვნების სფეროში ხშირად შეხვდებით სვანურ გვარებს, რაც ყველაზე მეტად მახარებს’’, – გვითხრა მან.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერი პროფესიის არჩევაზე მიდგა. როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული არ ყოფილა. ,,ბავშვობიდან მიყვარს წერა. საუბარს ყოველთვის მოსმენა და წერა მერჩივნა. ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა თუ არა ბევრი არ მიფიქრია. ეს დროდადრო  თავისით მოვიდა, ალბათ, მე-9 კლასიდან უკვე ვიცოდი რომ ეს მინდოდა’’, – გვითხრა ტატამ.

ახლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ ტელევიზიაში მუშაობის სურვილი არასდროს ჰქონია და არც ახლა აქვს. მისთვის ნამდვილი ჟურნალისტიკა ბეჭდურ მედიასთან ასოცირდება. ,,საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი რომ ჟურნალისტიკა მხოლოდ ტელევიზიას უკავშირდება, ნამდვილად მცდარია. პროფესიონალურად წერას უფრო მეტი ინტელექტი სჭირდება, სამწუხაროა, რომ ამას ბევრი ვერ აფასებს. ვფიქრობ, რომ აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას ბეჭდურ მედიაში’’, – თქვა მან.

გარდა იმისა, რომ სწავლობს, 14 წლიდან არის სტილიზებული ფოლკლორული თეატრის „ნაბადის“ დასის წევრი. ცეკვა 6 წლის ასაკიდან დაიწყო და დღემდე აგრძელებს. როგორც თავად ამბობს, მოყვარული არსდროს ყოფილა, ბავშობიდან ორიენტირებული იყო პროფესიონალურ შედეგებზე.

ტატა

პატარ-პატარა მიღწევები ბავშობიდანვე ჰქონდა – სხვადასხვა სიგელი, კონკურსებში გამოსვლის გამოცდილება, ასევე, საუკეთესო მოცეკვავის ტიტული ბულგარეთში, ვარნაში ჩატარებული ფესტივალიდან. 16 წლის ასაკიდან თეატრ ,,ნაბადის’’ ანაზღაურებადი მსახიობი და მოცეკვავეა. დღეს კი თეატრს ასე აფასებს: – ,, თეატრი ჩემი სივრცეა, რომლიდანაც სულ სხვა ენერგიას ვიღებ. ფიზიკურად ვიღლები, თუმცა სულიერად ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა. ყველაზე დიდი სიამოვნება სწორედ იმაშია, რომ საუბრის ნაცვლად, ქორეოგრაფიით ვყვები ჩემი ქვეყნის ისტორიას. ე.წ. მუნჯი მსახიობი ვარ, რომლის ემოციიდან უფრო მეტს გაიგებთ, ვიდრე სიტყვების რახარუხით’’.

სპექტაკლის ბოლოს, როდესაც ძალიან დაღლილია, ყველაზე დიდ ბედნიერებას გრძნობს, რადგან ისმენს მაყურებლის აპლოდისმენტს, რაც მისი შრომის დაფასებას გულისხმობს. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი დაუვიწყარი დღეც თეტრს და სცენას უკავშირდება. ,,ჩემს დაბადების დღეზე სპექტაკლი მქონდა. სპექტაკლის დამთავრებისთანავე სცენაზე შემომიტანეს ტორტი და მომილოცეს. მახსოვს, ინგლისელები იყვნენ ჩვენი სტუმრები და ისინი ინგლისურად მიმღეროდნენ. ეს იყო ნამდვილად დაუვიწყარი დაბადების დღე ჩემს ცხოვრებაში’’, – გვითხრა მან.

ტატა ვებ-გვერდ Angel.ge-ზე ჟურნალისტად მუშაობს. ხშირად, სხვადასხვა სერიალისა და რეკლამის გადაღებაშიც მონაწილეობს. გარდა ამისა, დაინტერესებულია ფოტოების გადაღებით. ,,ძალიან მიყვარს გადაღება. ყველაზე მეტად მსიამოვნებს ადამიანების ემოციების დაჭერა და დაკვირვება. ჩემთვის ადამიანის ემოციასა და გამომეტყველებაში უფრო ბევრი რამ იკითხება, ვიდრე მისი საუბარში. მიყვარს ფოტოები, რომლებიც ისტორიას ყვებიან, ადამიანურ ისტორიას, ზოგჯერ რეალურს, ზოგჯერ კი მისტიკურს,’’_ აღნიშნა ტატამ.

რობერტ კაპამ თქვა: – „ორიოდე ფოტოსურათით მე უფრო მეტს გამოვხატავ, ვიდრე ჟურნალისტი, რომელიც ათასამდე სიტყვას წერს“. ამ ფრაზას ეთანხმება ტატა და ამბობს, რომ დრო მიდის, კადრი კი რჩება. ,,ფოტოგრაფია უდიდესი ისტორიაა. ხშირად ვაწყობ ფოტოებიდან ვიდეოებს. მიფიქრია ცალკეული ფოტო სჯობს თუ ვიდეო. ვიდეოში ვიყენებ მუსიკას და ფოტოს შინაარს რაღაც მიმართულებას ვაძლევ. მხოლოდ ფოტოს ხილვისას არის ადამიანი თავისუფალი, მან შეიძლება სულ სხვა რამე ამოიკითხოს ფოტოდან და ავტორის სათქმელის მიღმა სხვა რამ აღმოაჩინოს. მულტიმედია  საინტერესოა, თუმცა მაინც მინდა ჩემს ფოტოში ადამიანებმა  დაინახონ რაღაც სხვა, იმის მიღმა, რასაც მე ფოტოს სათაურით ვთავაზობ”, – გვითხრა მან.

მამაკაცი მეტროშიმას აქვს რამდენიმე საყვარელი სურათი, რომლებიც გადაღების მომენტიდან შეუყვარდა. ერთ-ერთი ასეთი სურათია მამაკაცი მეტროში, რომელსაც მაშინვე მიუსადაგა Tom Waits-ის სიმღერა “If I have to go (https://www.youtube.com/watch?v=0jyVZNrWkow)”. ახლახან, დაიწყო მუშაობა რეპორტაჟზე, რომლის მთავარი გმირი დედამისია. უპირატესობას შავ-თეთრ ფოტოებს ანიჭებს. ფიქრობს, რომ ასეთი სურათები უფრო ემოციური და სიღმისეულია. ამ საქმიანობასაც სრული პასუხისმგებლობით ეკიდება და სურს, რომ მასაც სრულყოფილად დაეუფლოს.

ტატას დედა

როგორც თავად ამბობს,  ყოველი დღე დაკავებული აქვს, თუმცა დროს კარგად ანაწილებს და მეორე დღესაც გეგმავს: – ,,ძალიან რთულია ყველაფრის ერთად კეთება, თუმცა ვახერხებ. ზოდიაქოთი ტყუპები ვარ, ბევრი საქმის კეთება მიყვარს და მომწონს. ყოველი დღით ვცხოვრობ, ყოველი მეორე დღე გონებაში დაგეგმილი მაქვს და ცხოვრებაც ჩვეული სისწრაფით მიდის’’.

მიუხედავად მოუცლელობისა, საკუთარი თავის მოსაწესრიგებლად დრო არ ენანება. ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის მოვლის კულტურა და 10 წუთი იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს. ,,ზოგადად, მოსამზადებლად ადრე გაღვიძებაც არ უნდა ეზარებოდეს ადამიანს. ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტია, როცა მოწესრიგებული ვარ.  მიყვარს 60-იანი წლების სტილი. ქალური, სადა და დახვეწილი, ასევე ვინტაჟური სამოსი. მეორეულ მაღაზიებშიც, ხშირად, ვპოულობ სასურველ და განსხვავებულ სამოსს’’, – აღნიშნავს ტატა.

მიაჩნია, რომ ჩაცმის ლამაზად აღქმა სუბიექტური მიდგომაა და მისთვის ლამაზია ის, რაც თავად მოსწონს და რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს. უყვარს ლამაზი აქსესუარები და დიდ ყურადღებას უთმობს ყოველდღიურ სამოსს, რადგან თვლის, რომ გამოიყურებოდეს მოწესრიგებულად ეს მისი პასუხისმგებლობაა მისი ხასიათისა და პროფესიიდან გამომდინარე. მისთვის ტანსაცმელს გარდა სამოსის ფუნქციური დატვირთვისა სხვა მნიშვნელობაც აქვს:

,,მრავალფეროვნება მიყვარს, ერთ დღეს შეიძლება მხოლოდ კლასიკურად მეცვას, მეორე დღეს სპორტულად, მესამე დღეს კი კომბინაცია გავაკეთო ორივე სტილის. მოდა არ ითვალისწინებს ჩარჩოში ჩასმულ ,,გაყინულ’’ სტილს. ინდივიდუალური და თავისუფალი სტილი აღწერს ადამიანის პიროვნებას. ჩემთვის ადამიანების სტილი მეტყველებს მათ ხასიათზე, განწყობაზე, ინტერესებზე. რაც უფრო განსხვავებულია  ადამიანის სტილი,  ჩემთვის მით უფრო საინტერესოა’’, – გვითხრა მან. არ ჰყავს გამორჩეული დიზაინერი, რადგან ბევრი მოსწონს. წლევანდელი მოდის კვირეულებიდან კი მისთვის სასურველი Celine იყო.

ტატამოსწონს, როდესაც სინდი კროუფორდსა და ევა მენდესს ამსგავსებენ. თითოეულ მათგანს კრიტიკულად აფასებს და მაბობს, რომ ევა როგორც მსახიობი ძალიან კარგია, თუმცა მიაჩნია, რომ მეტი შეუძლია და ელოდება მის ფილმს, რომელშიც უკეთ გამოჩნდება მისი მსახიობური ნიჭი და არა უბრალოდ სექსუალური მხარე. სინდი კი  უფრო მეტია მისთვის ვიდრე 90-იანი წლების სუპერ მოდელი: – ,,სინდი ჩემთვის ძალიან ძლიერი და მისაბაძი ადამიანია. მისი კარიერით, ოჯახით და დღევანდელი საქმითაც(ინტერიერის დიზაინერი) აღტაცებული ვარ. ასეთი კარიერის მიღმა, გყავდეს ასეთი ოჯახი, იყო ქველმოქმედი და აკეთებდე საყვარელ საქმეს დასაფასებელია ნამდვილად. დიდი კომპლიმენტია ჩემთვის როცა მათ მამსგავსებენ, რა თქმა უნდა, მეტ სტიმულს მაძლევს , გამოვიყურებოდე უფრო კარგად’’.

გარდა იმისა, რომ სწავლობს, მუშაობს, იღებს ფოტოებს და ზრუნავს საკუთარ თავზე, მეგობრებისა და ახლობლების კეთილ განწყობასაც იმსახურებს. როგორც ისინი ამბობენ, არის ძალიან მეგობრული, კეთილი და სანდო ადამიანი:

,,მაისში დაბადებული, გაზაფხულსა და სიყვარულზე შეყვარებული, გაზაფხულივით თბილი გოგოა, მეგობრული და უზომოდ ერთგული. ყოველთვის მოგცემს კარგ რჩევას და შეგიძლია თვალდახუჭული ენდო. ბევრ რამეს ასწრებს ერთდროულად და ყველა საქმე, რასაც ხელს ჰკიდებს, ძალიან კარგად გამოსდის’’, – გვითხრა ტატას მეგობარმა ანა ბარისაშვლმა. თუმცა აქვე ისიც აღნიშნა, რომ მისთვის ტატას ერთადერთი უარყოფითი მხარე მისი მორიდებულობაა, -,,მინდა, უფრო თამამი იყოს. მიზანდასახულია და დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს უფრო სწრაფად მიაღწევდა მეტად თამამი რომ იყოს’’.

ღირებულება, რომლითაც ცხოვრებაში ხელმძღვანელობს – სიყვარულია. მიაჩნია, რომ ბოროტი აზრებით შებყრობილი ადამიანი ვერასდროს იგრძნობს თავს კომფორტულად. მიაჩნია, რომ ქალებატონების ყველაზე ძლიერი მხარე უზომო სიყვარულია: – “სიყვარულის შედეგად ხდება ქალი ძლიერი და უშიშარი. ვაფასებ ქალბატონებს, რომლებიც დამოუკიდებლები და ინდივიდუალურები არიან. მგონია, რომ უსიყვარულოდ არაფერი არ არსებობს. ყოველი დღის გატარება, წარმატების მიღწევაც   შეუძლებელია უსიყვარულოდ”.

როგორც თავად ამბობს, საკუთარ თავში ბევრი რამ არ მოსწონს: – ,,მეტისმეტიც არის ჩემი სიჩუმე ხშირ შემთხვევაში, მაგრამ უაზრო საუბარს ყოველთვის ვამჯობინებ დუმილს’’.

სამომავლოდ, გეგმები არ აქვს, მიიჩნევს, რომ გეგმები შორს წაიყვანს, საჭიროა, მოვლენების ყოველდღიური განვითარება. ყოველი დღით ცხოვრობს.  მხოლოდ მოქმედება, ახალი უნარებისა და შესაძლებლობების აღმოჩენაა მისთვის მთავარი.

ყოველდღიური საქმის კეთებაში კი რწმენა ეხმარება. კულისებს მიღმა, სცენაზე, ქუჩაში თუ ნებისმიერ ადგილას გრძნობს უფალს და ფიქრობს, რომ ის თითოეული ნაბიჯის გადადგმაში ეხმარება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები