როცა გშია, შენ შენ არ ხარ ანუ უფულო სტუდენტი

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტი ვინ არ ყოფილა და თან სხვა ქალაქში, ოჯახისგან მოშორებით, მარტო, საკუთარ თავზე და მშობლების ფულზე მინდობილი. რომელ სტუდენტს არ ჰქონია აღმა და დაღმა სვლები?! გატენილი და ცარიელი მაცივარი, ცხელი თონის პური და 2 კვირის ობმოდებული მჭადი (მიყვარს სიტუაციების დრამატიზება) 🙂 , ალბათ აქვე ყველა სტუდენტი დამეთანხმება, რომ ეს ორი უკიდურესობები, ისევ და ისევ ერთი ჩვენთვის ყველაზე დიდი უკიდურესობის შედეგია, ფულის გამოგზავნის შემდეგ და ფულის გამოგზავნამდე.

Untitled

ის პერიოდია, მშობლებმა ფული ცოტა ნის წინ გამოგვიგზავნეს და უკვე აღარ გვაქვს. ასეა სტუდენტი, ფულს რომ დაინახავს ჰგონია, რომ სულ ექნება, ჰოდა მიდგება და უკან მოუხედავად ხარჯავს ათასგვარ სისულელეებსა და კუჭის ამოსაყორებელ ტკბილეულობებში. სულ რაღაც ორი დღის წინ მაცივარი გავსებული გვქონდა ათასნაირი საჭმელებით და სასუსნავებით, მაგრამ ახლა რომ შეიხედოთ ერთ კვერცხს ვერ ნახავთ ზედმეტად. ერთი სიტყვით, კაი „ნაგულავები“ და უკაპიკოდ დარჩენილები ვართ. უკანასკნელი მარაგი წინა დღით გავაქრეთ და ახლა მთელი დღეა უნებურ ჩაის დიეტაზე ვართ სამივე.

Untitled1

აქვე, თუ კი ძალიან მთხოვთ, ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ თუ როგორ გაუმკლავდეთ შიმშილს და როგორ ვაქციოთ „ინტერნეტი ვჭამო ახლა?“ ჭეშმარიტებად.

  1. გამოაღეთ მაცივარი და ყველა კარადა, რათა დარწმუნდეთ რომ საჭმელი აღარ არის.
  2. აიღეთ კარგად დატენილი ლეპტოპი ან პირდაპირ შეაერთეთ დასატენად, რათა შემდგომში არ გიმტყუნოთ და უცებ არ გამოირთოს.
  3. დარწმუნდით რომ ინტერნეტი/Wi-Fi გაქვთ.
  4. მოკალათდით მყუდროდ და მოხერხებულად.
  5. ჩართეთ Youtube
  6. გაიხსენეთ თქვენი ყველაზე საყვარელი კერძი, მაგალითად ხინკალი და აკრიბეთ შემდეგი „How to make khinkali“
  7. ჩართეთ ის ვიდეო, რომელზეც ხინკალი უფრო მადიანად გამოიყურება
  8. გემრიელად უყურეთ!

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

გარწმუნებთ გამოცდილი ხერხია და საკმაოდ ეფექტურიც. 🙂 თუმცა მისი გამოყენება ყოველდღიურად არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა მიზეზების გამო, რომლებზეც თუ სურვილი გექნებათ, შემდეგ სტატიაში მოგახსენებთ.

ერთი სიტყვით, უკვე მთელი დღეა ზემოხსენებულ რეცეპტს ვიყენებთ და სასიამოვნოდ დავნაყრდით… მორალურად! მაგრამ ფიზიკური ნაწილი აგერ უკვე 24 საათია, დარწმუნებულები ვართ, დედას გვაგინებს! უცებ, ჩემდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გამახსენდა დილის შემოთავაზება ჩემი მეგობრისგან, „გამოდი, მაგარ სპაგეტს გაჭმევ“ და ჩემი პასუხი – „აუჰ!

მეზარება“… ამ ფიქრის ხმამაღლა განცხადება და უწმაწური სიტყვების კორიანტელი ჩემი დაქალებისგან ერთი იყო „წათრეულიყავი, ჩვენც წამოგყვებოდით!“ უცებ გაგვახსენდა ის პასტა, დღეს „ლანჩზე“ რომ გვქონდა კომპიუტერში და ნერწყვებმა ლამის დაგვახრჩო.

ღამის პირველი საათია. ჩნდება კითხვა რა ვქნათ? გვშია და ვერც ვიძინებთ. სამივეს ერთი იდეა გვიტრიალებს თავში, მაგრამ ამ იდეის განუხორციელებლობაში დარწმუნებულებს ხმამაღლა გამოხატვის სურვილი არ გვიჩნდება. თუმცა ბოლოს ერთი ბედავს და

„მიდი დაურეკე, გამოვიდეს და ის საჭმელი გამოგვიტანოს“

„აუჰ, არა. შანსი არაა, არ გამოვა ეგ, ხო ვიცი, შეეზარება“

„მიდი, კაცო, მიდი, დაურეკე, გამოვა“ – არ ნებდება მეორე. მეც ვიღებ ტელეფონს და ვრეკავ. 1 საათი სატელეფონო საუბრის და დარწმუნების შემდეგ, რომ არ „ვეღადავებით“, გვნებდება და ღამის 3 საათზე კარზე კაკუნია. კართან კი ჩვენი მეგობარი და მამა-მარჩენალი, ორი დიდი პარკით ხელში დგას და ჯერ კიდევ არ ჯერა, რომ მთელი დღის მშივრები მართლაც მის სპაგეტს ველოდებოდით. ჩვენ კი ვდგავართ და აი, ეს ის შეგრძნებაა, ბებია რომ სოფლიდან ჩამოდის დატვირთული და იცი, რომ იმ ძველებურ ლილოს ჩანთებში სულ ახალ-ახალი დედლები, კვერცხი, ყველი, რძე და ათასი რამე უდევს. ჰოდა ეს ჩემი ბავშვობის მეგობარიც ბებიის თუ არა სულ მცირე სანტა-კლაუსის როლშია და ისღა დაგვრჩენია ბედნიერმა ბავშვებმა ნაძვის ხეს სიმღერ-სიმღერით შემოვურბინოთ და კეთილ ბაბუს სელაპებივით ტაში ვუკრათ. თოვლის ბაბუც უფროსობას იშნობს და ჩვენს მუსიკალურ გემოვნებაზე დომინირებას ცდილობს. გვირთავს მადონას სიმღერას და გვეკითხება „აუ, ეს სიმღერა არ მოგწონთ?“  ჩვენ კი, ერთი კეი პოპის ფანი, მეორე ჰარდ როკის მსმენელი და მესამე ქართულ-თურქულ-არაბული სიმღერების მოტრფიალე ერთმანეთს საცოდავი ლეკვის თვალებით ვუყურებთ, თუმცა არ ვაყოვნებთ და თავს ვუკრავთ თოვლის ბაბუს და „ეგ-რა-კითხვაა-კაცო-მომწონს-კი-არა-ვგიჟდები“ სახით ვცდილობთ ჩვენს მამა-მარჩენალს ხასიათი არ გავუფუჭოთ.

Untitled2

ცალკე თემაა მშობლების რეაქცია ამ ყველაფრის გაგების შემდეგ 😉 დედა – „დედა, მოგიკვდი შვილო შენ“, მამა – „ე-ე! შეხედე ამას! ნწ ნწ ნწ“, ბებია – „ვაიმე ბებია, რა დაგმართნიათ ეს, გეთქვა მაინც, ბებია, გამოგიგზავნიდი რაცხას…“ და (ირონიულად) – „რა ქენით მერე, გეყოთ?“

„ეს ერთი და სხვა მრავალიო“ – ალბათ მოგვაწყევლა „ვინცხამ“. სხვა დროს უკვე წინდაწინ ვაწყობთ გეგმებს ვინ ვისთან შეჭამს. ასე, რომ ჭკუა ვისწავლეთ და ასეთ გამოუვალი სიტუაციები ხშირად აღარ გვაქვს, თუმცა ერთხელაც მახსოვს, ცოტა დიდი დასვენებები გვეწყებოდა და მხოლოდ ქუთაისამდე ჩასასვლელი ფული შემოვინახეთ. წასვლის წინ კი ბოლო თავი ხახვით, ძმრით და შავი პილპილით დავნაყრდით. პრაქტიკულად შეკმაზული ქამსა გამოგვივიდა ქამსის გარეშე. მაგრამ არაუშავს… დარწმუნებულები ვართ, რომ როცა სტუდენტობას მოვრჩებით, (ძალით თუ არ „მოგვარჩინეს“ და არ გამოგვყარეს უნივერსიტეტებიდან) ყველაზე კარგ მოგონებად სწორედ ეს „ინტერნეტი ვჭამო ახლა მე?“ დრო შემოგვრჩება.

და ბოლოს…მდიდარო და დანაყრებულო სტუდენტებო, გშურდეთ ჩვენი, ღარიბი და მშიერი სტუდენტების! რამეთუ თქვენ არ გესმით რა ბედნიერებაა სახლში მჭადის ფქვილის აღმოჩენა

ანა კალანდაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები