სტუდენტური შემოქმედების სტუმარია – ბექა ბერულავა

სტუდZona

ოკუპირებული

ქუჩაში ვდგავარ. ჩემთვის ვდგავარ (ან სხვისთვის რატომ უნდა ვიდგე?). არც არაფერს ვაკეთებ (მართლა არაფერს, ვხედავ, მესმის და ვსუნთქავ, მაგრამ „კეთება“ არც ერთს ჰქვია), არც არაფერზე ვფიქრობ (ჩემი გონება სუფთა ფურცელივით კი არაა, პირიქით, სხვადასხვა ხაზებითაა გავსებული და ამ ნაჯღაბნებში ერთი კონკრეტული ხაზის გამორჩევა და მასზე კონცენტრირება შეუძლებელი ჩანს).

დავამთქნარე. ლამის პირი ჩამეხა, თურმე მეძინება.

კარი იღება და უსახური ხალხი შემოდის, ლექტორი ნაძალადევი აღტკინებით მეტყველებს თემაზე, რომელიც მეც და, როგორც ვატყობ, ჩემ გარშემო ბევრსაც ერთობ ფრიად და ძლიერ გვკიდია.

წამოვდექი.

ქუჩაში ვარ, ორ ჯეელს ქურთუკები ძირს დაუყრია და ერთმანეთს ხელდახელ შეჰბმია, თანაბრად იბრძვიან, თანაბრად ხვნეშიან, თანაბრად უსახურები არიან.

-სიჩუმე, რა! – წყენანარევი საყვედურით მოგვმართავს ლექტორი, აუდიტორიის უკანა რიგებში გოგონები ლაპარაკიდან ჩურჩულის რეჟიმზე გადადიან.

მშია.

შაურმა ძვირი ღირს, ხაჭაპური არც ისე.

-ერთი ლობიანი მინდა. – გამყიდველმა ისე უკმაყოფილოდ შემავლო თვალი, არ უთქვამს, მაგრამ იგულისხმა: გინდა კაია, უნდა გერგებოდესო და მეც, უსაფუძვლო ეჭვების გასაფანტად, ხუთლარიანი ცხვირწინ ავუფრიალე.

ცივი ლობიანი ჩავკბიჩე.

მატარებელს ველოდებით და, რა თქმა უნდა, აგვიანებს, მეექვსე წუთსაც გადასცდა, უკვე ორჯერ უნდა ჩამომდგარიყო ის ჩვენი ცოდვით სავსე. სადგური ხალხით გაივსო. უცნაურთვალება ხალხით. რაღაცისგან თვალებოკუპირებული ხალხით.

-ალეთიკური მოდალური მსჯელობები გამოიყენება (შეყოვნდა, ჩვენ „დაგვაცალა“ წინადადების დასრულება)… სად? (იხტიბარი არ გაიტეხა) მეცნიერებაში! (გაიტეხა)

-ჩვენ ვართ ყველა თაობის ყველაზე მოსაწყენი ახალგაზრდები. – გადავუჩურჩულე ჩემ გვერდით მჯდარ, აიფონში თავითფეხამდე ჩაფლულ გოგონას, რომელსაც დიდხანს ვაკვირდებოდი, მაგრამ სახე მაინც ვერ დავუნახე. დაბნეულად გაიღიმა და რაღაც ჩაიბურტყუნა.

როცა გვიან დაძინებულს ადრე გაგეღვიძება და არ იცი, რა ქნა, უნდა მიხვდე, რომ რაღაც ისე ვერაა, მაგრამ თუ უთენია თვალებდაჭყეტილმა უკვე ზუსტად იცი, რასაც იზამ, ყველაფერი გაცილებით უარესადაა.

საუზმე კარგია, საუზმე სასარგებლოა, მე დღეში ორჯერ მკენკავი ვარ და დილით კარგად რომ არ ვისაუზმო, აუცილებლად ისე მომივა, როგორც ახლა. რობოტები იღლებიან ხოლმე? მე ვიღლები. აი, ახლაც დაღლილი ვარ, იმიტომ რომ უმოქმედობა ყველაფერზე ქანცის გამწყვეტია. მივალ და აი, იმ სკამზე მივეგდები, მე, მაწანწალებს და ლოთებს რომ სასთუმლად გვესახება.

მივდივარ, ვწვები.

-შენი აზრით, რა არის ფაქტობრივად შეუძლებელი? – მეკითხება ლექტორი და ისე დინამიკურად ქშინავს (ჯიშიანი ცხენივით), ფაქტია, ჩემგან მყისიერ პასუხს ელის. ჰმ, ბოთე.

-რა აზრი აქვს აზრის გამოთქმას, როცა აზრი ისედაც გაგვაჩნია? – კითხვას ვუბრუნებ, თვალებს მიჭუტავს, მერე აფახულებს და შეჭმუხნულ შუბლს ისრესს.

აი, მგონი, ზუსტად ის დროა, გაზაფხულის შემოსვლა გოგოების ჩაცმულობას სასიამოვნოდ რომ ემჩნევა ხოლმე. ჩემი ლობიანი გემრიელზე მეტად სიმპათიური ყოფილა, მაინც ვიცოხნები. ვიღაც კაცი, გვერდზე რომ მიზის, რაღაცას ბუტბუტებს, გავხედე, გამომხედა და გამიღიმასავით (ვერ გავარჩიე რა ქნა, წარბები ზომაზე მეტად მიმოდაჰფანჩვია), თურმე ნუ იტყვი, მე მელაპარაკება.

-ჰა? – ამისი თვალებიც ოკუპირებულია და რა ვქნა? მაგრამ რისგან, ვისგან?

რატომ არ შეიძლება, რობოტებს მაშინ მივბაძოთ, როცა მატარებელი ჩამოდგება და სინქრონული რიგი დავიცვათ? მაგრამ არა. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ისეთი, რომელსაც ჰგონია, რომ კარის დახურვამდე ვაგონში ვერ შეასწრებს და ამიტომ ენერგიული მუჯლუგუნებით მიიკვლევს გზას, მერე ამ ვიღაცას სხვები ამოუდგებიან უკან, თითქოს ფარი იყოს და ციხესიმაგრის აღებას ცდილობდნენ და სულ რამდენიმე წამში ყველა და ყველაფერი ერთმანეთში იგლისება:

-გამატარე კაცო ერთი! – ყვირიან ბრაზისაგან სახემოღრეცილი იქეთურები.

-სად გავიწიო, კაცო, ვერ ხედავ, ხალხი მაწვება?! – არც აქეთურები ვრჩებით ვალში.

შევდივართ.

ჰოდა, როცა დილით თვალს ახელ და უკვე გეძინება, უნდა მიხვდე, ქვეცნობიერი მამალივით ყივის – მეზარებააააააა! რა ეზარება? რობოტიცაცია. მაგრამ მე რისი მე ვარ, ყველა ყივილი თუ ყურად ვიღე? ერთადერთი ცვლილება დღიურ განრიგში ისაა, რომ კარგად ვერ ვსაუზმობ. საშუალოდაც კი ვერ ვსაუზმობ. ცუდად ვსაუზმობ. დილის სხვა რობოტულ რიტუალებს სანაქებო სიზუსტით ვიცავ (იქნებ მოწოდებით რობოტი ვარ?), სახლიდანაც ზუსტად იმ დროს გავდივარ, რა დროსაც გუშინ გავედი. ამ ბოლო დროს ხშირად კი ვიმეორებ, ჩვენ, ადამიანები საცოდავი არსებები ვართ-მეთქი, მაგრამ იქნებ დადგა დრო, სიტყვათა რაციონი შევცვალო?

ამინდი უღიმღამოა. გზა უღიმღამოა. სამაგიეროდ ხალხია უღიმღამო. მთავარია, მე ვარ უღიმღამო.

მერე რა, რომ ორ მირაჟულად დისონანსურ ელემენტს ჩავუარე (ჯეელები, ერთმანეთს რომ ხელდახელ შეჰბმიან), ასე გულგრილადაც ზუსტად იმიტომ ჩავუარე, რომ მირაჟულად დისონანსურები არიან, დარწმუნებული ვარ, ამათი ბრაზისგან გაწითლებული თვალებიც ოკუპირებულია.

მერე რა, რომ მატარებელმა მოსვლა ჩვეულებრივზე მეტად დააგვიანა? ბოლოს მაინც ხომ ჩამოდგა და ზუსტად იქ წაგვათრია, სადაც ჩვენ, ოკუპირებულებს სულაც არ გვინდა წასვლა.

მერე რა, რომ ლექტორი ამბობს:

-დეონტიკური სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი არაწინააღმდეგობრიობა, – და შემდეგ შთამაგონებლური ხმით, დამარცვლით ამატებს – ეს უნდა იყოს ცალ-სა-ხა.

მერე რა, რომ ლექციიდან შინ მიმავალი ქუჩაში უაზროდ ვჩერდები და ვხვდები, ოკუპირებული ვარ, ეს ოხერი. მერე ის, რომ კიდევ უფრო ვიღლები. არაადამ… არარობოტულად ვიღლები და საიდანღაც (თუმცა რაღა „საიდანღაც“, ხომ ვიცი საიდანაც?!) ყურისწამღები ყივილი მესმის – მეზარებაააააა!

სკამს ვუახლოვდები და სიგრძეში ვიშლები, ვწვები, რა ვიცი, ალბათ რობოტებიც ითიშებიან ზოგჯერ და ისინიც ჩემსავით უმოძრაოდ და უაზროდ მიეგდებიან ხოლმე სადმე.

ვიყავი ადამიანი და ვარ რობოტი. ზარმაცი რობოტი. თვალებოკუპირებული რობოტი. უმოქმედო რობოტი. რობოტი, რომელსაც უნდა რომ რობოტი იყოს, რადგან რობოტიზაცია ჭირივით სძულს და ეზარება კიდეც.

კი, დადგა დრო, სიტყვათა რაციონი შევცვალო:

ჩვენ, ადამიანები, რობოტები ვართ.

ბოლო ღამე

 ეს ღამეც თითქოს სხვებს ჰგავდა: ბიჭი ისევ მარტო იყო, სადღაც კუთხეში მიმწყვდეული, რაღაც ფიქრებით, მოწყენილიც და ამაყიც თავისი მარტოობით, დაბადებიდან ერთგულად რომ ემსახურა, მაგრამ ‘ეს ღამე’ მაინც სხვა იყო. დანარჩენებს მხოლოდ გარეგნულად ჰგავდა: სიშავით შეუღლებული იგივე ცა და იგივე მიწა, ბიჭი კი, თითქოს ამ ღამის სული, ისე აღარ გრძნობდა მარტოობას როგორც წუხელ ან ოდესმე, როცა, ჩვეულებრივ, ადამიანებს გაშორდებოდა და ფიქრს მისცემდა მათგან მოტაცებულ თავს. ფიქრით ახლაც ფიქრობდა, ახლაც დაატრიალა ფიქრის მორევი, მაგრამ ახლა ამ მორევში სულ სხვანაირი თევზები ირეოდნენ, თითქოს უფრო გაზრდილები და უფრო ლამაზებიც და ისეთებიც საერთოდ პირველად რომ ხედავდა ეს ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი მოთევზავე. ხანმოკლე თევზაობის შემდეგ კი მიხვდა, რაღაც ძალიან ახლობელს უნდა დამშვიდობებოდა ამაღამ. სამუდამოდ თუ დროებით, ვერ გაარკვია, მაგრამ ეს განშორება სევდასთან ერთად, ახალი, საინტერესო, ჯერ შეუსწავლელი სივრცის გამოჩენით გამოწვეულ სიხარულსაც რომ აგრძნობინებდა, ამას უკვე გრძნობდა, მომავალგანცდილი, თვალცრემლიანი წინასწარმეტყველივით.

როცა მიხვდა, ჩემთვის ყველაზე ახლობელი ისევ მარტოობა არისო, ცოტათი დაიბნა: როგორ უნდა დავშორდე ამაღამ მარტოობას, ან რაღა უნდა ვქნა მის გარეშეო?! მერე, სიახლით გამოწვეული შიში წამოეპარა და თვალებზე ხელები ააფარა (აბა თუ მიცნობსო), ბიჭს შიშისგან წართმეული მხედველობა კვლავ რომ დაუბრუნდა, შიშმა ახლა ერთ ადგილზე აღარ დააყენა, პატარა ბავშვივით ექაჩებოდა, თითქოს თხოვდა გამასეირნე (და იქვე ემუქრებოდა), თორემ არ მოგასვენებო. ბიჭიც წამოდგა და დაკარგული მოსვენების საძებნად გარეთ გავიდა. გასვლისთანავე იგრძნო, გვერდით ვიღაც ედგა. არ შეშინებია, მაშინვე მიხვდა ვინც იყო… ‘ვინც’ კი არა ‘რაც’.

ბიჭი და მარტოობა ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ გრძელსა და ცარიელ ქუჩას, მათ წინ კი მოუსვენარი ბავშვივით დახტოდა შიში, ხან ბიჭს ჩამოეკიდებოდა ხელზე, ხან შიშს, ხან კი შუაში ჩაუდგებოდა ორივეს.

-რატომ მაინც და მაინც ამაღამ? – იკითხა ბიჭმა და ორივემ ხელებით ასწია შიში, რომელიც სიცილით გადაახტა გუბეს.

-ყველაფერს თავისი დრო აქვს… – უპასუხა მარტოობამ და შიშს მსუბუქად წაუთაქა – ჩვენს ერთად ყოფნასაც.

 ‘სამუდამოდ ყოფილა…’-გაიფიქრა და ვერ მიხვდა რა იგრძნო, რადგან ამ დროს შიშმა ფეხზე დააბიჯა.

-ახლა კი მაცილებ.

-სად მიდიხარ?

მარტოობას ჩაეღიმა და შიშს გადახედა:

-სხვას უნდა ვემსახურო.

-შენ თუ მსახური ხარ…-გაოცდა ბიჭი-ბატონი ვინღაა?

მარტოობას თავმომწონედ ჩაეღიმა: ‘კარგი შეკითხვააო’ და უპასუხა:

-გააჩნია როდის.

-რას ემსახურები? – არ მოეშვა ბიჭი.

-გააჩნია როდის. -გაიმეორა მარტოობამ და გაჩერდა.

ბიჭიც გაჩერდა. შიში აღარ ჩანდა, ალბათ შინ გაიქცა და იქ მელოდებაო – გაიფიქრა ბიჭმა.

-ჩემი წასვლით ის ადგილი გაგითავისუფლდება, -მხარზე ხელი დაადო მარტოობამ – ჩემი ყოფნით რომ დაგეზოგა. აბა შენ იცი, რისთვის გამოიყენებ. – გაუღიმა და ზურგიდან მონაბერ ქარს გაჰყვა.

ბიჭი ქუჩაში მარტოობის გარეშე იდგა, მარტო კი არა… უბრალოდ, ერთი იყო.

სახლს რომ მიუახლოვდა, მართლაც, შიში გამოეგება, მაგრამ თითქოს ერთმანეთი ვერ იცნესო, ბიჭს არც შეუმჩნევია ისე ჩაუარა, კარები მიხურა და შიში დარჩა ჭიშკარსგარეთ, (ჩასახუტებლად) გაშლილი ხელებით, გაკვირვებული.

ვენერა თბილისელი

„ავტობუსში თავის ამაყად შემართვა არც ისე ძნელია, როცა შენს სილამაზეს მძღოლიც კი, სარკიდან, მალიმალ უთვალთვალებს (ამჩნევ ამას და გეღიმება). ირგვლივ ძლიერი სქესის (და სუსტი გონების) ყველა წარმომადგენელი პირdაღებული, დამონებული მზერით შემოგცქერის და უზომოდ ტკბება შენით (ახლა შენ ხარ მათთვის ალფაც და ომეგაც)… შენი სილამაზე, ქალო…

დიდი და უძირო ორი ზღვა, სხეული შენი – დიდოსტატის შედევრია თითქოს ტილოზე. შენი სახის ყოველი ნაკვთი კი თავად სრულყოფილება (იმდენად სრულყოფილია, რომ ვერც მგზავრები ახერხებენ დიდხანს სახეზე მზერის შეჩერებას, თავბრუ ეხვევათ, წითლდებიან და თავს ხრიან მორცხვი ღიმილით, სხეულს კი ხარბი სიამოვნებით გითვალიერებენ და უზომოდ ილეშებიან ასე ხელმისაწვდომი, უძვირფასესი ღვინით სილამაზე რომ ჰქვია).

თხელი თითები გრძლად შემოჭდვია სახელურს და ირწევა ყვითელი ავტობუსი ოქროს აკვანივით (უამრავი ადამიანი მოჰკრავს თვალს, მაგრამ ვერავინ მიხვდება რა ხდება შიგნით). გოგო-ქალები კი გასუსულნი, შურით, მაგრამ მაინც კრძალვით შესცქერიან შენს მოცახცახე ტანს, მძიმედ მოთამაშე სავსე მკერდს, ასხმულ თეძოებს, წვივებს, და ნატიფ ტერფებს…

ვერავინ ბედავს სიტყვის დაძვრას (მოძრაობს ხმაურიან ქალაქში სიჩუმით სავსე კუნძული), მძღოლმა უკვე ორ გაჩერებას ჩაუარა შეუჩერებლად (ჩასვლა აზრადაც არ მოსდის თავში არავის), ალბათ როგორ უნდა, შეუერთდეს საკუთარ სამწყსოს და თვალებს დაჟანგული მანქანების ნაცვლად თავად მშვენიერება ახილვინოს სანამ არ გააძღობს, თუმცა სარკიდან მალულად ცქერასაც საკუთარის ეშხი აქვს.

ოდნავჩაღებული ფანჯრიდან შემოვარდნილი ქარიც თითქოს რიდით გიწეწავს თხელ, შავ თმას, და ახლა, სწორედ ამ წამს (როცა თმები ღვთაებრივად აგითამაშდნენ მზისებრ სახეზე), ძველი საბერძნეთი იშვა თითოეული მგზავრის გონებაში (უკლებლივ ყველამ ულამაზეს ქალღმერთს შეგადარა).

საყოველთაო დუმილია და საყოველთაო მზერა შენკენ… ქალო.

რას გრძნობ, კმაყოფილებას, ალბათ?

-არა.

-სიხარულს?

-არა.

-სიამაყეს?

კვლავ მტკიცე:

-არა, არა!

ვერ დავიჯერებ! შენ – სრულყოფილი ქალი, აქ და ახლა, სხვას რას უნდა გრძნობდე?! ზიზღს? შევატყვე როგორ შეაკვდა რამდენჯერმე ზიზღი შენს ბაგეს, როცა იგრძენი მახინჯი ქალების მზერა (კაცებსაც არ სწყალობ დიდად), ამიტომაც დგახარ შუაში მარტო და თვალს ვერ გაშორებს მოჯადოებული ბრბო. მაგრამ იცოდე: მე სხვა ვარ, ვერ გამაკვირვებ! ქალი ხარ და შენი ერთადერთი ღირსებაც ეს არის: იყო ლამაზი. მაგრამ ამათთვის… ვხედავ, რომ შენი უბრალო მოძრაობა (ისეთი უბრალოც კი, როგორიცაა გრძელი თითებით ჰაეროვანი თმის თლილ ყურს უკან გადაწევა) ამ ხალხისთვის დამატებითი გულისცემაა, და, მერწმუნე, შენი პატარა თავის გაქნევაც კი მთელ ავტობუსს გულს უჩქარებს (ეს მათთვის სიამოვნებით წამების წამებია), შენი მზერა კი (რომელიც არავისთვის გემეტება) ალბათ წამიერი ცხონება იქნება ამ დამონებული ხალხისთვის.

მაგრამ შენ სარკის მიღმა იხედები ფიქრობ… ქაოსია შენს ნატიფ თავში. მითხარი რას ფიქრობ თორემ შეგიცურებ ჩემს ყოვლისმხილველ თითებს ჰაეროვან თმებში და უსიტყვოდ გათქმევინებ ყველაფერს, მაგრამ იცოდე: მაშინ ადიდდება ორივე ზღვა, მოაწყდება ნაპირს და გადმოიღვრება…

რას გრძნობ!

(ვხედავ, მთელი ძალით ჩაბღაუჭებიხარ სახელურს, თავი ჩაქინდრე, თმამ დაგიფარა თეთრი პირისახე, ოდნავ გახსენი გაბუტული ტუჩები და აი სიტყვები, რომელსაც ველოდი)

-სიბრალულს…

რაო?! როგორ თუ… ვინ გებრალება? ასწიე თავი და მითხარი! (ღაწვები წამოგიწითლდა და თვალთაგან ტალღა-თალღა დაგეწმინდა შიში, სიმორცხვე. ახლა კი ვხედავ: ბრაზისგან დაგბრაწვია ლოყები და ამიტომაც შეგიკრავს ღამეზე შავი წარბები)

თავს არ განებებ? ჰმ, რას იზამ, მე ვარ შენი შემოქმედი და მოგიწევს, ბოლომდე გამჟღავნდე ჩემ წინაშე! დიახაც, ვამაყობ რომ შევძელი ასეთი სილამაზის შექმნა, მაგრამ როგორ გგონია, დიდოსტატი დაუშვებს მის ქმნილებაში ისეთი (თუნდაც) კუნჭულის არსებობას, რომელიც მისთვის მიუწვდომელია?

მიპასუხე: რატომ გებრალება ის, ვინც შენითაა შეპყრობილი? (თეთრი ლიფსიტა (სახელად – რისხვა) გაგიკრთა თვალებში).

-მე მებრალება თითოეული ვინც მიყურებს! …მბრძანებელო. რადგან ყოველი მათგანი სიცოცხლის ბოლომდე (და მერეც) შორს იქნება ჩემგან, ამიტომ, ისინი შორს იქნებიან ყველაზე ხილული ჭეშმარიტებისგან, სრულყოფილი სილამაზე რომ ჰქვია! სილამაზე კი, ერთ-ერთი მთავარი შთაგონებაა, შთაგონება კი… მთავარი ბიძგი არსებობისა… მადლობას კი – (რა მზაკვრული ღიმილი მოედო შენს სახეს!) – მბრძანებელო, შენ გეტყვის ყველა!

როგორი ზიზღით მიცქერი მე – შენს შემოქმედს! ჩემი სიტყვები კი… ჩემი მრავლისშემძლე სიტყვები… ჩემი სიტყვები ქრება! დუმილი ხომ მარცხია მხოლოდ! ნუთუ მე, შემოქმედი, დამამარცხა ჩემმა ქმნილებამ?! ჩემმა? აღარც ჩემია უკვე! მე ხომ მის მძულვარებით ანთებულ თვალებს აღტაცებით ვუყურებ (როგორც ეს ერთი მუჭა ბრბო)! ჩვენ… ერთად ვსუნთქავთ მისით (და მეუფე კი ის არის, ვინც ასუნთქებს).. შედევრი კი, მიღიმის იმ კმაყოფილებით სავსე, რომლითაც ივსება კაცი საძულველი პიროვნების მთელი ეშხით ცემის შემდეგ…

გძულვარ, იმის გამო, რომ შენით გავაუბედურე ამდენი ხალხი (მაგრამ მე ხომ ჩემთვის შეგქმენი?). ვხედავ: ის ძალა, რომელიც შენს შექმნაში ჩავდე საბედისწეროა ჩემთვის! შენი თვალები (ბობოქარი ზღვა!) მტრულად მიმზერს და ვგრძნობ როგორ მისუსტდება გაქრობისპირას მყოფი სიტყვა…

როგორ იკრებ შენ (ჩემი უკანასკნელი შედევრი) ძალებს ჩემით…

ხსნა არსადაა (რადგან ის თავად ვარ!)…

ვიშრიტები (თავად უკვდავება!)…

ვქრები (თავად მარადიულობა!)…

ვუერ… ვუერთდები თავად…

უსასრუ…“

….

„უერთდები თავად უსასრულობას შემქმნელო! მაგრამ შენი შედევრი, ქალი-მაცდური, გენიალურად სრულქმნილი, მე, რომელმაც შენც კი მოგხიბლე და ამ პატარა ექსპერიმენტში მომაკვდინებელ უკუჩვენებად მოგევლინე, ისე არ გაგიშვებ უსასრულობისკენ, რომ არ მოისმინო სიტყვები, რომელიც ამხელს შენს ჭეშმარიტ სახეს (ეს იყოს ჩემი უკანასკნელი ‘საჩუქარი’ მონობის უკანასკნელ წუთებში)!

მე შენ გიხილე შემოქმედო განმარტოებით (როცა შემქმენი და მოღლილი ღამეს ერწყმოდი). მაშინ ვიხილე ნამდვილი სახე, ცხრასახა მეუფევ! ამოგიცანი, და ამ დღისთვისაც, ამ ახირებული ექსპერიმენტისთვის, მე უფრო ვემზადებოდი ვიდრე შენ. ვიცოდი: ამ ხალხის მსგავსად შენც დათვრებოდი ჩემით, რადგან არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც თრობა. თრობა სილამაზით (‘თრობას’ კი, აქამდეც გატყობდი)…

ვხედავ, გიჭირს, ქრები. ამიტომ მივადგები ჩემს მთავარ სათქმელს:

მე შეგიცანი და გნახე მაშინ: თვალები მოღლილი გქონდა თითქოს ცოდვებისაგან (სასაცილო კია: მეუფის ცოდვა!), ბოროტი ვნებებისგან გაკოტრებულმა მზერამ და მასში მოციმციმე უცოდველმა საცოდაობამ კი სიბრალული მომგვარა მხოლოდ… შემებრალე კიდეც რამდენიმე წუთით მეუფევ და გავიფიქრე: „რა უსუსურება იმალება ზოგჯერ ყოვლისშემძლეობის მიღმა…“

მაგრამ შემდეგ, დამარწმუნე, რომ არ იყავი სიბრალულის ღირსი.

ახლა კი, მაინც შეგიბრალებ, ბოლოს მოვუღებ შენს ტანჯვას. გახდი უსასრულობა! ერთსაც გეტყვი (თუმცა არა მგონია, ეს შეგონება კიდევ გამოგადგეს რამეში): საკუთარი ქმნილებით უსაზღვროდ ტკბობა არც ერთ დიდოსტატს არ უქადის სიკეთეს, რადგან არავინ იცის როდის აღმართავს თავად შედევრი ოსტატზე სასიკვდილოდ ხელს.“

ავტობუსი, როგორც იქნა, შეჩერდა.

ციური ტერფი დაედო მიწას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები