ქართველები რომ გულთბილი ხალხი ვართ, გორის უნივერსიტეტის საგამოცდო პერსონალის გაცნობისას საერთოდ დაგავიწყდებათ. მაშინ, როდესაც სტუდენტებს ,,გაჭირვების პერიოდი’’ ადგათ, რატომღაც მათ უფროს ,,მეგობრებს’’ უფრო უმტყუნებთ ხოლმე ნერვები.
აი, მაგალითად:
ჩემი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე (როდესაც საგამოცდო აუდიტორია უნივერსიტეტში გამოკრულს არ ემთხვევა), გადავწყვიტე, აუდიტორიის ნომერი წინასწარ გამერკვია და ამისათვის ე.წ. ,,საგამოცდო ცენტრს’’ მივმართე. აქ, როგორც ყოველთვის, სრული არეულობა იყო და ყურადღებას მხოლოდ ხმამაღალი საუბრით თუ მიიქცევდი. მეც შეძლებისდაგვარად ხმამაღლა დავსვი შეკითხვა (ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე), ორჯერ თუ სამჯერ გამეორების შედეგად, როგორც იქნა, მივიქციე ერთ-ერთი აქ მომუშავე ადამიანის ყურადღება, რომელმაც ჩემს შეკითხვაზე, თუ რომელ აუდიტორიაში ტარდებოდა კონკრეტული საგნის გამოცდა ,,ამომწურავი პასუხი’’ გამცა:
– ბევრგან.
მე ძალას ვიკრებ და ვეკითხები: ჟურნალისტიკის ბავშვებისათვის რომელ აუდიტორიაშია? რაზეც პასუხად ვიღებ, რომ ”აბა რა იცის”. გადაიღალა (რაც ჩემი მოკრძალებული წარმოდგენით, დღის პირველ ნახევარში, მაშინ, როდესაც მუშაობა მაქსიმუმ ერთი ან ორი საათის დაწყებულია, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია).
გაჩენილი პროტესტის გრძნობის მიუხედავად, მივხვდი, რომ მასთან პოლემიკაში შესვლა ძვირფას დროს დამაკარგვინებდა და ამიტომ ალალბედზე დავიწყე ჩემი აუდიტორიის ძიება…
ჩემსავით, ალბათ, სხვა ბევრი გორელი სტუდენტი გიპასუხებთ, რომ ინფორმაციის გაუვრცელებლობა და არაგულთბილი დამოკიდებულება უნივერსიტეტში მომუშავე პერსონალის მხრიდან მათთვისაც არ არის უცხო. მათ გაუღიმარ სახეებს კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ იმ უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვებს რა ვუყოთ, სტუდენტებს რომ პრობლემებს გვიქმნის?!
სოფო თინიკაშვილი