წიგნების თაობა დღეიდან დაიწყო!
გაიარე რეგისტრაცია აქ http://bit.ly/1jKw6Xh
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ პროექტში “წიგნების თაობა“ და გამარჯვების შემთხვევაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მიიღონ 300 ლარიანი სტიპენდია. პროექტი „წიგნების თაობა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის კითხვის პროპაგანდას. პროექტის ფარგლებში დარეგისტრირებული გუნდები ან ინდივიდუალური მოთამაშეები 4 კვირის განმავლობაში (12 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით) საკუთარი რესურსებით ჩაატარებენ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და მისი წიგნების PR კამპანიას.
პროექტში მონაწილეობა
პროექტში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი. სტუდენტებს შეუძლიათ პროექტში მონაწილეობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად (გუნდი შეიძლება შედგებოდეს მაქსიმუმ სამი სტუდენტისგან). თითოეული გუნდის ან ინდივიდუალურად მონაწილე სტუდენტის PR კამპანიას უნდა ჰქონდეს სახელი, მაგალითად: „სანტა–ესპერანსას საზოგადოება“.
რეგისტრაცია
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა მეილზე ([email protected]) უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდნენ გამომცემლობაში და ადგილზე შეავსონ განაცხადი. აპლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე www.sulakauri.ge/app რეგისტრაცია დაიწყება 25 აპრილს და გაგრძელდება 8 მაისამდე.
მიზანი
პროექტში მონაწილე გუნდის მიზანია, მაქსიმალურად დადებითად, ორიგინალურად და კრეატიულად წარმოაჩინოს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და მისი წიგნები, გაზარდოს ცნობადობა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.
საშუალებები
პროექტში მონაწილე გუნდებს უფლება აქვთ გამოიყენონ ნებისმიერი მარკეტინგული ღონისძიება და არხი მიზნის მისაღწევად, მათ შორის: ბლოგი, სოციალური ქსელები (Twitter, Facebook, Tumblr, Pinterest, Goodreads, Instagram), ინტერვიუები ავტორებთან, შეხვედრები მწერლებთან, თემატური კლუბები, ვიდეოები,რადიო, პოსტერები, რეცენზიები, აქციები ბაღებსა და სკოლებში, ჟურნალები, ონლაინ–შეხვედრები.
რეპორტინგი
პროექტის ყველა მონაწილე გუნდი ვალდებულია, დაარეგისტრიროს სპეციალური ბლოგი, რომელზეც განთავსდება ყოველი დაგეგმილი ღონისძიება და შემდეგ განხორციელებული აქტივობის ამსახველი ფოტო, ვიდეო ან ტექსტური მასალა. კვირის ბოლოს ბლოგზე უნდა განთავსდეს გუნდის აქტივობის შემაჯამებელი ანგარიში (რეპორტი). ბლოგი უნდა იყოს დარეგისტრირებული top.ge-ზე და მისი რეიტინგი უნდა იყოს საჯარო.
აუცილებელი პირობა – ყოველი ღონისძიება უნდა ჩატარდეს არა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” სახელით, არამედ გუნდის სახელით.
როგორ დაეხმარება გამომცემლობა გუნდებს?
თითოეულ გუნდს აქვს უფლება, მოძებნოს სპონსორი, გარდა კონკურენტი გამომცემლობისა და წიგნის მაღაზიისა. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ყველა გუნდს გადასცემს 4 წიგნს რომელიმე ღონისძიებაზე გასათამაშებლად ან პრიზად (წიგნებს ყველა გუნდი თავად აირჩევს); სხვადასხვა ღონისძიებისთვის შეთავაზებს ფართს (გამომცემლობის ვერანდა, სანტა ესპერანსა, მწვანე სკოლა); წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გუნდს დაეთმობა თბილისის წიგნის ფესტივალზე სტენდის სცენა; გადაეცემათ კატალოგები თანაბარი რაოდენობით, ფლაერები და შესაძლებლობა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გაათამაშონ ფასდაკლების ბარათები. ყველა ღონისძიების ანონსი გამოცხადდება გამომცემლობის საიტზე და ფეისბუქის გვერდზე. ასევე, გამომცემლობის მარკეტინგის სამსახური უპასუხებს გუნდების ნებისმიერ კითხვას ტელეფონით, მეილით ან პირადად. PR კამპანია უნდა იყოს სამართლიან პრინციპებზე აგებული და არ უნდა შეურაცხყოფდეს კონკურენტ გუნდებს, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და სხვა გამომცემლობების იმიჯს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჟიური იტოვებს გუნდის კონკურსიდან მოხსნის უფლებას. ყოველ ორშაბათს, ყოველკვირეული ანგარიშის (რეპორტის) წარმოდგენის შემდეგ, გუნდები ჟიურის მიერ შეფასდებიან 10 ბალიანი სისტემით 4 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით, ესენია: კრეატიულობა, თანმიმდევრულობა, ორგანიზება/განხორციელება, გამოხმაურება. დაწერილი ქულები საჯარო იქნება მხოლოდ პირველ და მეორე კვირას, მესამე და მეოთხე კვირას მიღებულ ქულებს გუნდები მხოლოდ დაჯილდოებაზე გაიგებენ.პროექტის მსვლელობისას გუნდები მიიღებენ სპეციალურ დავალებებს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც მიიღებენ ბონუსქულებს.
პრიზი
გამარჯვებულ გუნდს დაენიშნება სტიპენდია 300 ლარის ოდენობით ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. სტიპენდია თანაბრად განაწილდება გუნდის წევრებზე.