მას შემდეგ, რაც 2006 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა საქართველოს შრომის კოდექსი, მასში დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ცვლილებები, მხოლოდ ახლა, 7 წლის შემდეგ დაიწყო და ძალაში ჯერაც არ შესულა. ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის თანამხად:
1. „დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო- 477 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში- 140 კალენდარული დღე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.’’
29-ე მუხლის მიხედვით კი, აღნიშნული 126 დღე ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600 ლარით. აღნიშნული თანხა, რომ გადავიყვანოთ თვიურ ანაზღაურებაზე, თვეში გამოდის დაახლოებით 143 ლარი.
შრომის კოდექსი კერძო სექტორებთან ერთად, სახელმწიფო უნივერსიტეტებზეც ვრცელდება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკრეტული შვებულება ამავე პრინციპით ხორციელდება: კადრები გადიან შვებულებაში და ანაზღაურების სახით იღებენ სახელმწიფოს მიერ ერთჯერადად ჩარიცხულ 600 ლარს. თუ რამდენად არის საკმარისი 4 თვის განმავლობაში 600 ლარი, ეს საკითხის მეორე მხარეა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ საჭიროების მიუხედავად, დეკრეტულ შვებულებას ვერ იღებს: „მითხრეს, რომ შვებულება მხოლოდ ერთჯერადად, 600 ლარით ამინაზღაურდება. 600 ლარზე ვერ ვიქნები, ამიტომაც ვხსნი 2 კვირიან ბიულეტინს.’’ იმის გათვალისწინებით, რომ ნათიას კიდევ ორი შვილი ჰყავს, შვებულება თვეში 143 ლარით, ვერ დაფარავს მის ხარჯებს.
ამავე უნივერსიტეტის კიდევ ერთი ლექტორი, ნანიკო გილაური, 10 დღეში დეკრეტულ შვებულებას იღებს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ანაზღაურების საკითხის გარკვევის პროცესშია. გარდა სახელმწიფოს მიერ ჩარიცხული 600 ლარისა, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურებას მისცემენ თუ არა, ეს ჯერ არ იცის.
დეკრეტულ შვებულებას ევროპულ ქვეყნებში დიდ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, შვედეთში 16 თვიან ანაზღაურებად შვებულებას სახელმწიფო და დამსაქმებელი ინაწილებენ. საქართველოში კი ამის ვალდებულება დამსაქმებელს არ აკისრია.
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიო ჩაჩავა: „ დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებელს დამატებითი ანაზღაურება მისცეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში ეს პირობა გათვალისწინებული აქვს. თუ არა, ეს უბრალოდ დამსაქმებლის კეთილი ნებაა. თუ კეთილი ნება ან ხელშეკრულების პირობა დაუშვებს ანაზღაურებას, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, როგორც წესი, მაინც გაიცემა’’.
ამავე ფაკულტეტის დოქტორანტი, ზაქარია შველიძე ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა დამსაქმებელი დასაქმებულს უნაზღაურებს ე.წ. სხვაობას: „ მაგალითად, დასაქმებულს ხელფასი აქვს თვეში 500 ლარი. 4თვეში (126 დღეში) ხომ უნდა აიღოს 2 000 ლარი, აქედან 600 ლარს აანაზღაურებს სახელმწიფო, დარჩენილ 1400-ს კი დამსაქმებელი’’.
თსუ-ს კი „კეთილი ნება’’ ან ხელშეკრულებაში ასეთი პირობა, მსგავსს არაფერს ავალდებულებს. უნივერსიტეტის მთავარი ბუღალტერი, ლია გვალაძე, ამბობს, რომ ბიუჯეტიდან ამისთვის თანხა გამოყოფილი არ არის და არც არასდროს ყოფილა. მსგავსი შემთხვევა, რომ უნივერსიტეტს თავისი კადრის დეკრეტული შვებულება თავად აენაზღაურებინოს, არ ყოფილა.
2014 წლის 1 იანვრიდან შრომის კოდექსის 27-ე და 29-ე მუხლებში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის. კერძოდ კი, ზემოაღნიშნული დეკრეტული შვებულების 477 დღე 730 კალენდარულ დღემდე იზრდება, ანაზღაურებადი 126 დღე კი – 180 დღემდე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 დღემდე. რაც შეეხება ანაზღაურებას, ის 600 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება.
ის, რომ ასანაზღაურებელი თანხა 1000 ლარამდე გაიზარდა, ცხადია, მისასალმებელია. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ დეკრეტული შვებულებით სრულფასოვნად მხოლოდ მაშინ ისარგებლებს დასაქმებული, თუ სახელმწიფო და დამსაქმებელი(ერთობლივად) მას ხელფასის ოდენობამდე შეუვსებენ ანაზღაურებას.
შეტანილი ცვლილებები კი ამჯერადაც არავითარ ვალდებულებას ანაზღაურების თაობაზე, დამსაქმებელს არ აკისრებს. თსუ-ს ბიუჯეტი ამჯერადაც „თავისუფალია’’ ასეთი გადასახადებისგან.
მოამზადა მარიამ დემეტრაშვილმა