ჰაინრიხ ბიოლი – კლოუნის თვალთახედვა

ლიტერატურული გვერდი

მას შემდეგ, რაც მარიმ მიმატოვა – ამ ფრაზას უკვე მეორე აბზაცში ხვდები და ყველაფერი, ისევე როგორც ჰანს შნირისთვის, შენთვისაც აქედან იწყება.

მარის შემდეგ შნირისთვის ცხოვრება მექანიკური გახდა. ადამიანის მარტოობა ჰაინრიხ ბიოლიზე კარგად ვინმეს ეჩვენებინა, მე არ წარმიკითხავს. შნირი სრულიად მარტოა, მარის, სამსახურის, თანამოაზარის, მეგობრის, ფულის, ოჯახის გარეშე.

როცა მარტო ვარ და მინდა სამზარეულოში ჩემთვის რამე მოვიმზადო, უსაშველოდ ვიბნევი. მარტოობისგან ხელიდან არაფერი გამომდის.

შნირი კლოუნია, ჩვეულებრივი კლოუნი, მისი თვალთახედვა კიდევ ისეთი ფართოა, ვერავინ გაყვა. მისი შეხედულებები ბევრისთვის გაუგებარია, მაგალითად რატომ არ მოიყვანა ცოლად მარი. მისი კონფლიქტი ოჯახთან, ამ წიგნის მეორე თემაა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებული მოვლენების გავლენა ადამიანებზე კიდევ მესამე საკითხი. ამას სიღარიბე და ის ადამიანური ურთიერთობები ემატება, რაც შნირის მიერ ფულის თხოვნის პროცესში ყველაზე ნათლად ჩანს.

რეალურად ბიოლმა კლოუნის თვალთახედვაში ბევრი თემა მოაქცია და ისე გაშალა, წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ ფიქრი არ გელევა.

“შორიდან მაყურებელი ადამიანი სხვის მდგომარებას უფრო მუქ ან ნათელ ფერებში აღიქვამს, ვიდრე ის, ვისაც უშუალოდ ეხება.”

კრიტიკოსები ხშირად იყენებენ ფრაზას “ძლიერი ტექსტი”, კარგად ვერ ვხვდებოდი ხოლმე რას გულისხმობდნენ რეალურად ამ ფრაზის მიღმა. აი, ახლა შემიძლია ვთქვა რომ ეს “ძლიერი ტექსტია”, რაც ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ კითხვის პროცესში სიტყვის გამოტოვება არ გინდა, ისე ლოგიკურად ებმება წინადადებები ერთმანეთს, არაფერი გეზედმეტება, ისე ინაცვლებს დროში, არ გეუცნაურება, ისე გიყვება გრძნობებზე, გჯერა და ისე იშლება თემა, ყველაფერს იგებ. ეს კი საბოლოო ჯამში გაძლევს შეგრძნებას, რაც მხოლოდ მკითხველმა შეიძლება მიიღოს მხატვრული ტექსტიდან.

ყველაზე ცუდი, რაც მარიმ დატოვა, ეს იყო სუფთა და დალაგებული კარადა.

შნირი მონოგამია და მარის გარდა არავისთან წარმოუდგენია თავი. დილით იღვიძებდა იმისთვის, რომ ენახა, როგორ იცვამდა მარი, ის კიდევ ისე წავიდა სხვასთან, ბარათიც არ დაუტოვებია. კარადაშიც ამაოდ ეძება რაიმე ნივთი. შნირს თუ დავუჯერებთ, ამქვეყნად ცოტა ადამიანი არსებობს, ვისი თანდასწრებითაც ტირილი მოგინდება, ასეთი ერთადერთი ადამიანი შნირისთვის მარი იყო. საერთოდაც ყველაფერი მისით იწყებოდა და მთავრდებოდა. როცა ადამიანი ცხოვრებიდან მიდის, იშვიათად რჩება ხოლმე მისი ადგილი თავისუფალი. მარი სულ აკლდა.

არსებობს განმეორებაზე დაფუძნებული რიტუალური მომენტები. უნდა შეაშფოთო გარდასული წამები, არასოდეს უნდა სცადო მათი განმეორება.

ამ წიგნის კითხვისას სულ ეს მქონდა ჩართული, ეჭვი მაქვს კარლა ბრუნი მთელი მარტის ფონი იქნება ჩემთვის.

იხილეთ ასევე: ლევ ტოლსტოი – რატომ ეტანებიან ადამიანები ალკოჰოლს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები