„შავფაროსნებს“ საქართველოს მხარდაჭერა სჭირდებათ

კულტურა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“  ქართულ კულტურას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალზე Natale di Roma-ზე წარადგენენ.

Natale di Roma რომის დაარსებას ეძღვნება და იტალიაში რამდენიმე ათეული წელია საზეიმოდ აღინიშნება.

9-21 აპრილს, „შავფაროსნები“ Natale di Roma–ზე  ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულებას წარადგენენ;  ფესტივალის მაყურებელს ისინი  საქართველოს საბრძოლო ისტორიას,  ქართულ ისტორიულ იარაღს,  ქართულ სამოსსა და ანსამბლ „ჩვენებურებთან“  ერთად შესრულებულ  ქართულ სიმღერას გააცნობენ. „შავფაროსნების” მიერ წელს ფესტივალზე  მებრძოლი ქართველი ქალის სახეც იქნება წარმოდგენილი, რადგანაც  რომაელი ისტორიკოსების ცნობით,   საქართველოში ლაშქრობისას პომპეუსს მამაკაცებთან ერთად ქართველი ქალებიც ებრძოდნენ.

NATALE DI ROMA –ზე  იმ ქვეყნებს იწვევენ, რომლებთანაც რომის იმპერიას ისტორიული კავშირი ჰქონდა. 2012 წელს, „შავფაროსნების“ წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, „შავფაროსნები“  Natale di Roma–ს მუდმივი  მონაწილეების სიაში მოხვდნენ.

პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამიდან „ქართული სეზონი“.

პროექტი ინიცირებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის „შავფაროსნები“ დირექტორის ირაკლი ქოქოსაძის მიერ.

გთავაზობთ ბატონი ირაკლის უცვლელ განცხადებას მისი Facebook გვერდიდან:

„SOS!!!! 
ვრჩებით უსპონსოროდ!!!
შეგახსნებეთ ჩემო მეგობრებო, რომ 18 აპრილს მივფრინავთ რომში, სადაც წარმოვადგენთ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას და კიდევ ერთხელ გავაოცებთ, ისედაც არაერთეხელ გაოცებულ ევროპას ჩვენი კულტურით…ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მერიის კულტურული ღონისძიებათა ცენტრს და კულტურის სამინისტროს, სასტუმროს და ფრენის დაფინანსებისთვის. დაგვრჩა სულ რაღაც 5600 ევრო იმისთვის, რომ პროექტი შედგეს… თამამად მინდა განვაცხადო, სპონსორ კომპანიას ვთავაზობთ იდეალურ სასპონსორო შეთავაზებას და აღნიშნული თანხით ისეთ რეკლამის გაკეთებას, რასაც მინიმუმ ოთხამაგი თანხის სანაცვლოდ მიიღებდა…
მირჩიეთ კომპანიები და ურჩიეთ კომაპნიებს ჩვენი თავი…
უღრმესი მადლობა წინასწარ!“

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები