წიგნების მაღაზია Book City, 25 მარტს, ნიკა სამუშიას მასპინძლობდა. შეხვედრის მიზეზი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის შემოქმედება გახლავთ. სწორედ ამ დღეს, მსოფლიოში ტოლკინის კითხვის დღე აღინიშნება, საქართველო აღნიშნულ ტრადიციას, წელს, პირველად შეუერთდა. ტოლკინის შემოქმედების მოყვარულთათვის ეს ნამდვილი საჩუქარია.
როგორც გაირკვა, ნიკა სამუშიას სათარჯიმნო პრაქტიკის დაწყება ტოლკინის შემოქმედებისადმი სიყვარულს გამოუწვევია. მისი პირველი თარგმანი ხომ „ჰობიტი“ გახლავთ.
„უკვე თითქმის 10 წელია, 25 მარტს აღინიშნება ტოლკინის კითხვის დღე, ანუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ტოლკინის შემოქმედების მოყვარულები იკრიბებიან და კითხულობენ ნაწყვეტებს ტოლკინის ნაწარმოებებიდან. პირველად ტარდება ასეთი ღონისძიება საქართველოში. მაღაზია Book City-იმ გამოიჩინა ეს ინიციატივა, დაგვიკავშირდნენ და შევიკრიბეთ დღეს საკმაოდ ბევრი ადამიანი. თარგმნა ტოლკინის შემოქმდების სიყვარულის გამო დავიწყე. პირველი ნაწარმოები, რომელიც ვთარგმნე ეს იყო ჰობიტი. რასაკვირველია, ჩემთვის პირადად, განსაკუთრებულია ტოლკინი. დიდი სიყვარულით ვუდგები ხოლმე მისი ნაწარმოების თარგმნას”, – აღნიშნა ნიკა სამუშიამ.
მთარგმნელი ნიკა სამუშია უახლოეს მომავალში ტოლკინის მითოლოგიური ჟანრის წიგნის, „სილმარილიუნის“ თარგმნას აპირებს.
„ახლაც ვთარგმნი ტოლკინის, „სილმარილიუნს“, რომელსაც უკვე კარგა ხანია ქართველი მკითხველიც ელოდება“
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ტოლკინის ქართულად თარგმნილი წიგნების შინაარსობრივი მხარიდან გამომდინარე, ძირითად აუდიტორიას, ახალგაზრდები შეადგენდნენ.
გიორგი ურუშაძე