ირაკლი ღარიბაშვილი თსუ-ში სიტყვით გამოვიდა

უნივერსიტეტების სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. Studinfo.Ge პრემიერის გამოსვლის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ.

„დიდი ხანია მინდოდა თქვენთან შეხვედრა და მიხარია, რომ დღეს ამის საშუალება მომეცა. ეს არის პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი შეხვედრა თქვენთან. ახალგაზრდებთან, სტუდენტობასთან შეხვედრა ყველა ქვეყანაში, ყველა დროში, ყველა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო და ანგარიშგასაწევია, პირადად ჩემთვის კი, ყველაფერთან ერთად, საინტერესოც არის. სულ ცოტა ხნის წინ მეც ამ კედლებში ვსწავლობდი და, უნდა გამოგიტყდეთ, ცოტა ვღელავ კიდეც. სტუდენტები საზოგადოებრივად ყველაზე აქტიური ხალხი ხართ და სამართლიანობის განცდა, ინტერესი, კრიტიკული აზროვნება, უკომპრომისობა ყველაზე მეტად სწორედ თქვენ გახასიათებთ, სტუდენტებს.

მოდით, დღეს გულახდილად ვილაპარაკოთ ყველაფერზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, თქვენს სურვილებსა და პრობლემებზე, განათლებაზე. მე მოვედი, რომ გულწრფელად დაგელაპარაკოთ, გაგაცნოთ ჩემი ხედვა ჩვენს სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე, მოვისმინო თქვენი აზრი და ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს.

ჩვენი ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. თქვენ კარგად იცით, რომ ამ პრობლემების დიდი ნაწილი ჩვენს ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო. მე მგონია, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ერთად უნდა გაუმკლავდეს ყველა პრობლემას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ძალისხმევა ფუჭი იქნება. ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ერთად უნდა ვაშენოთ ქვეყანა. ამისათვის კი საზოგადოების და განსაკუთრებით სტუდენტების ფხიზელი თვალი გვჭირდება.

ვუყურებ დღეს ამ დარბაზს და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ დღეს ყველანი აქ ხართ, რა თქმა უნდა, ვისაც დაიტევდა ეს დარბაზი. თქვენი აქ მოსვლა არავითარ პოლიტიკურ ინტერესებს არ ემსახურება. აქ მოსვლა არავინ დაგაძალათ და არც არავინ აგიკრძალათ. დამთავრდა ის დრო, როცა „სხვები” წყვეტდნენ, ვინ სად წასულიყო და რა ეთქვა. ისინი მათ დავალებებს ასრულებდნენ და ყველამ ვიცით, როგორ ძალადობდნენ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. დღეს ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც ყველაზე კრიტიკული. ყველგან, ყველა დროში ახალგაზრდობა ყველაზე თავისუფალია და ეს თავისუფლება იყო დათრგუნვილი ამ კედლებში. ახალგაზრდებისა და მათი თავისუფლების შეზღუდვა კი, ჩემი აზრით, ნებისმიერი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი უკან არის.

თავისუფლება არის ჩვენი ხალხის მთავარი მონაპოვარი. ჩვენ აღარ დავუშვებთ სტუდენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი იმას, რომ ამ ქვეყანაში ვერც ერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს ადამიანების თავისუფალი ნების დათრგუნვა. ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანი და ადამიანის უფლებები იქნება უმთავრესი.

სულ მალე, როდესაც ამოქმედდება ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვეღარ შეძლებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა.

ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე იმიტომ კი არ ვლაპარაკობთ, რომ ამით ვინმეს წინაშე თავს ვიწონებთ, არამედ იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის ბუნებრივად მიილტვოდა ევროპისკენ – ეს არჩევანი ჩვენს ხალხს დიდი ხანია გაკეთებული აქვს. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს ევროპასთან – ჩვენი კულტურა, ღირებულებები. ევროპისკენ მიისწრაფოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, თაობები ოცნებობდნენ ამაზე. ახლა კი ძალიან ახლოს ვართ ამ ოცნების ასრულებასთან და ჩვენს თაობას, მეც თქვენს თაობას მივაკუთვნებ თავს, წილად გვერგო ბედნიერება, ვიცხოვროთ ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში. სულ რამდენიმე თვეში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშკრულებას და ჩვენ საბოლოოდ გაგვეხსნება კარი ევროპისკენ, ევროკავშირისკენ. იცით, რომ ამ საქმეში მთელი ევროპა და დემოკრატიული სამყარო გვერდში გვიდგას, გვეხმარება. ამის კიდევ ერთი დასტური იყო ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ჯერ ევროპაში და სულ ახლახან – ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მინდა, გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები და ის დამოკიდებულება, რომელიც მე იქ დავინახე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ამერიკელმა კოლეგებმა განსაკუთრებული დახვედრა მოგვიწყვეს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხაზგასმით გამოხატავდნენ პატივისცემას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დელეგაციის მიმართ. იცით, რომ შევხვდით თითქმის ყველა გავლენიან პოლიტიკოსს და პრეზიდენტ ობამას. მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი ობამა სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს.

ამ ვიზიტისას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის სრული ნდობაც შეიძლება ჰქონდეთ, ჩვენს ქვეყანას ისინი უყურებენ როგორც საიმედო პარტნიორსა და ერთგულ მეგობარს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ დაგვეხმარებიან ყველა მიმართულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობით დაწყებული, ეკონომიკური დახმარებით დამთავრებული, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი გულწრფელი მხარდაჭერა, ასეთი გულთბილი მიღება ძალიან დიდი სტიმულია პირადად ჩემთვის და მთელი ჩვენი გუნდისთვის. მათ გვერდში დგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს უსაფრთხოებისათვის და ძალიან დაგვეხმარება ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები სრულად უჭერენ მხარს ჩვენს კონსტრუქციულ დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებით და ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზეც კი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებას და პატივს ვცემთ მათ არჩევანს ააშენონ ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ვგმობთ სახელმწიფო სუვერენიტეტის ნებისმიერ ხელყოფას. ეს არის ჩვენი პოზიცია, მეგობარი ქვეყნის პოზიცია და არ ვაპირებ ახლა ვინმეს გავეჯიბრო მყვირალა განცხადებების გაკეთებაში.

მეგობრებო!

იცით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გულისყურით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რეფორმებს, რომლებსაც ვახორციელებთ და ერთხმად აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიაღწია ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე.

მოდით, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რას მივაღწიეთ დღემდე, რა შედეგი დავდეთ. პირველ რიგში, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გაათავისუფლა სასამართლო; ჩვენ არ ვერევით სასამართლო პროცესებში. სასამართლო გადაწყვეტილება წინასწარ არავინ იცის, ჩვენთვის ყველასთვის ერთნაირად უცნობია, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო – და ამას ყველა ხედავს; მედიასაშუალებები თავისუფლად მუშაობენ, არ არსებობს არც ერთი მაუწყებელი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ჰქონდეს ეჭვი, რომ ის დღევანდელი ხელისუფლების რუპორია; დაცულია კერძო საკუთრება და ბიზნესი; ვუფრთხილდებით პირადი ცხოვრების უფლებას. დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ საკუთარი ხელისუფლების.

ჩვენ აღვკვეთეთ წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბოლომდე რიგზე არ არის. ციხეებში ვითარება უნდა დალაგდეს. ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: სასჯელაღსრულების დაწესებულება თავისუფლების შეზღუდვისთვის არის და არა იმისთვის, რომ პატიმრებს სული ამოხადო, როგორც ეს ხდებოდა სულ ცოტა ხნის წინ. მე შეგნებულად არ მინდა დღეს გავიხსენო ის, რაც ამ სისტემაში ხდებოდა და რამაც საბოლოოდ მთელი საზოგადოება შეძრა და დათრგუნა. ჩვენი ხელისუფლება ამას აღარ დაუშვებს, მაგრამ არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ ციხეებში განუკითხაობასა და უკონტროლობას დავუშვებთ.

წესრიგი გვჭირდება ყველგან და ყველაფერში. ეს ეხება საზოგადოებრივ ცხოვრებასაც. კანონის უზენაესობა, კანონის წინაშე მორჩილებაა მთავარი და არა მორჩილება რომელიმე ხელისუფალის. ამის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი წინსვლა, ჩვენი კეთილდღეობა, საერთოდ, სახელმწიფოს პერსპექტივა, ჩვენი მშვიდი და სტაბილური მომავალი.

ჩვენ კარგად ვიცით, რამხელა მოლოდინია ხალხში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ. ჩვენ ვიკისრეთ ეს პასუხისმგებლობა და, დამერწმუნეთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოლოდინი გავამართლოთ.

ჩვენ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი რეფორმები ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში, სოფლის მეურნეობაში უპრეცედენტო პროგრამა განვახორციელეთ შარშან და ეს წელსაც გრძელდება. უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. თუმცა, ჩვენი გაკეთებული საქმით არ ვტრაბახობთ, არ ვთვლით საჭიროდ ყოველ წუთს შევახსენოთ და გამუდმებით ამაზე ველაპარაკოთ ხალხს, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი მოვალეობაა.

მეგობრებო!

ახლა მინდა გელაპარაკოთ ჩვენი მთავრობის განათლების პოლიტიკაზე – იმაზე, რაც ალბათ, ყველაზე მეტად გაინტერესებთ სტუდენტებს და რაც ძალიან აქტუალურია სახელმწიფოსთვის. განათლებაა ის, რაც საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და პროგრესული ქვეყნების რიგში. ამისათვის გვჭირდება თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი მთელი თაობა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე.

ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ თქვენ, ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლოთ ასეთი განათლების მიღება, ერთი მხრივ, საქართველოში ამაღლდეს განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, მეორე მხრივ კი, წახვიდეთ საზღვარგარეთ, ისწავლოთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს განვითარებას მოახმაროთ.

მინდოდა პირველად თქვენთვის მეთქვა ჩემი ახალი ინიციატივა, რომ მოხდეს ყველა ფინანსური რესურსის აკუმულირება, დამატებითი საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების რესურსების კონსოლიდაცია საერთაშორისო განათლების ცენტრში, რომელიც უშუალოდ პრემიერის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

ცენტრი განახორციელებს იმ პროექტებს, რომელთაც აქამდე განათლების სამინისტრო ახორციელებდა – სახელმწიფო დააფინანსებს საზღვარგარეთ პროფესიული ცოდნის ამაღლების მსურველებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლისთვის.

მინდა გითხრათ, ამ ინიციატივაში, ამ პროექტში ჩადებული იქნება პირობა, რომ საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ სპეციალისტები დაბრუნდებიან საქართველოში და ჩაერთვებიან სახელმწიფოს საქმიანობაში. ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში დაბრუნებული სპეციალისტების დასაქმებას. ჩვენი მიდგომაა, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის ადამიანური რესურსი, რომელიც, პრინციპში, ჩვენი ყველაზე დიდი აქტივია.

მთელი ეს ძალისხმევა გამიზნულია იმისთვის, რომ ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და გამოიმუშაონ უნარები, რაც მომავალში მნიშვნელოვნად განაპირობებს ქართული ინტელექტუალური რესურსის კონკურენტუნარიანობას.

კიდევ ერთი ინიციატივა მინდა შემოგთავაზოთ. იმისათვის, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, ავაშენოთ სტუდენტთა საცხოვრებელი რეგიონებიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის. ამაზე უკვე ვმუშაობთ. ჩვენ გვესმის, რომ ეს წლების განმავლობაში წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას. საერთო საცხოვრებელი იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და შექმნილი იქნება ყველა აუცილებელი პირობა, რათა სტუდენტებს საკუთარი ნიჭის რეალიზაციის საშუალება ჰქონდეთ. არც ერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მის შვილს განათლების პერსპექტივა არ ექნება.

და კიდევ ერთი სიახლე – წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 6 თვის განმავლობაში იმუშაონ სახელმწიფო სტრუქტურებში. სტაჟიორების აყვანა მოხდება აკადემიური მოსწრებისა და რიგითობის მიხედვით. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორი მიიღებს სათანადო სერტიფიკატს.

აი, ეს არის ინიციატივები, რომლებიც მინდოდა დღეს თქვენთვის გამეცნო და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენთვის ეს იქნება დამატებითი სტიმული სწავლის, ცოდნისა და გამოცდილების მიღებისათვის. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს ქვეყანას მისცემს განათლებული და კვალიფიციური სპეციალისტების მთელ თაობას.

დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ამიტომ გთავაზობთ კომუნიკაციის ყველაზე მოხერხებულ საშუალებას – „ფეისბუკზე” ჩემი ოფიციალური გვერდისთვის შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია – „სტუდენტების იდეა პრემიერს”. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაინც მოვახერხებ გავეცნო თქვენს მოსაზრებებს, თქვენს იდეებს და მქონდეს თქვენთან კომუნიკაცია. მოგიწოდებთ, რომ იაქტიუროთ. მერწმუნეთ, რომ ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში თქვენი მონაწილეობა, თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვიქნები, თუ ჩაერთვებით ამ პროექტში, მიიღებთ მონაწილეობას ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე ფორუმებსა და განხილვებში, რომელიც სპეციალურად თქვენთვის, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის გაიხსნება ხვალიდან.

დიდი მადლობა, რომ მოხვედით. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ გამოიჩინეთ ჩემთან შეხვედრის ინტერესი. მე დიდი ინტერესით მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს და ვეცდები ამომწურავად და, რაც მთავარია, სრულიად გულწრფელად გიპასუხოთ ყველა შეკითხვაზე.

გმადლობთ ყურადღებისთვის“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები