„ხვალ, დღის 11 საათზე ორჰან ფამუქი თბილისში იქნება“ – ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გვატყობინებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, რომელიც, თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად, ნობელიანტი თურქი მწერლის საქართველოში ვიზიტს უწევს ორგანიზებას.
როგორც ცნობილია, ხვალვე, 16:30 წუთზე ორჰან ფამუქი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კამპუსში სტუდენტებთან გამართავს პრესკონფერენციას. წაიკითხავს მცირე ლექციას და შემდეგ უპასუხებს აუდიტორიას შეკითხვებზე. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოების ნაწილს მიეცემა საშუალება, მიიღოს მწერლის ავტოგრაფი.
13 მარტს, რუსთაველის თეატრში ღონისძიების ჩატარებამდე, ორჰან ფამუქი თბილისს დაათვალიერებს. მკითხველთან შეხვედრა კი 19:00 საათისთვისაა დაგეგმილი. საღამოს კითხვა-პასუხის ფორმატში გაუძღვება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინა მამულაშვილი.
14 მარტს, მცხეთის დათვალიერების შემდეგ, მწერალი თბილისს დატოვებს.
სტუდინფო შეხვედრის დეტალებს აუცილებლად გაგაცნობთ.
სალომე უსტარაშვილი