რა პრივილეგიებით ისარგებლებენ „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ მფლობელი საქართველოს მოქალაქეები – დეტალები

სტუდZona

თბილისის მერიის ინიციატივით, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები „ევროპული ახალგაზრდული ბარათით“ ისარგებლებენ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვა, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებასა და 9.3 მილიონ ახალგაზრდას აერთიანებს, მიმდინარე წლის შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი.
„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პრეზენტაცია დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გამართა.

პრეზენტაციაზე მიწვეულ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია ბარათის შესახებ მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ მიაწოდა.

ბარათის შესახებ

„ევროპის ახალგაზრდული ბარათი“ 1986 წლიდან მოქმედებს და იმართება ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის მიერ, რომელიც ბრიუსელში დაფუძნებულ არაკომერციულ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს.

ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან. მას ორმოცივე ქვეყანაში ჰყავს პარტნიორები, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნული ბარათის გავრცელებას და მართვას ექსკლუზიური უფლებით. ახალგაზრდული ბარათის მართვისთვის მუნიციპალიტეტს გააჩნია მუნიციპალური ორგანიზაცია „სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი“, რომელიც განახორციელებს მის მართვას საქართველოში.

ბარათის გამოყენება

ის ახალგაზრდები, ვინც უკვე სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით, ვისაც უკვე აქვს ციფრული საბანკო ბარათი, პარალელურად ადვილად შეძლებენ ისარგებლონ ევროპული ახალგაზრდული ბარათის ფასდაკლებებით, ბენეფიტებით და სიკეთეებით. პროგრამაში მონაწლეობისთვის მთავარია მოქალაქეებს ჰქონდეთ ინიციატივა და სურვილი. აღნიშნული ბარათების გაცემა დაიწყება მიმდინარე წლის შემოდგომიდან, „საქართველოს ბანკთან“ ერთად. გარდა ამისა, ევროპელი ვიზიტორები შეძლებენ, ისარგებლონ ფასდაკლებებით საქართველოში, ხოლო ქართველი ახალგაზრდები ფასდაკლებებს მიიღებენ ევროპაში.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ფასდაკლებები ეხება მოგზაურობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო მომსახურებებს (flixbus, flixtrein, Iberia airways, Airalo), კვების ობიექტებს, მუსიკალურ ფესტივალებს, წიგნებისა და სხვადასხვა ნაწარმის მაღაზიებს, სასტუმროებს, გასართობ პარკებს.

ფასდაკლებების გარდა, პროგრამა შექმნის საგანმანათლებლო, მოხალისეობრივ აქტივობებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ევროპული პროექტები, გათამაშებები, ონლაინ აქტივობები და სხვა.

„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პროგრამისთვის უკვე შექმნილია ვებგვერდი eyc.ge და მობილური აპლიკაცია, სადაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფასდაკლებისა და მათი მიღების გზების შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული.

საქართველოში ასოციაციის ექსკლუზიურ პარტნიორია თბილისის მერია. მუნიციპალიტეტის მერიისა და „საქართველოს ბანკის“ კოლაბორაციით, პროგრამის ბენეფიციარები შემოდგომიდან შეძლებენ, „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ უპირატესობები ინტერნეტბანკშივე მიიღონ და საბანკო სერვისები ევროპულ შესაძლებლობებთან, ერთ სივრცეში გააერთიანონ.

დედაქალაქის მერია მოუწოდებს ქართულ კომპანიებს, რომ დღეიდან უკვე შეუძლიათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და გახდნენ პროექტის პარტნიორები: „რა თქმა უნდა, პროექტში ჩართულია მუნიციპალური და სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო კომპანიები, ორგანიზაციები, რომლებიც სპორტულ, საგანმანათლებლო, სახელოვნებო სერვისებს სთავაზობენ საზოგადოებას. ასევე, ჩართულია მულტიფუნქციური ცენტრები, თეატრები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კულტურის სამინისტროსთან, რომ მუზეუმები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალგაზრდებისთვის და ევროპელი ვიზიტორებისთვის და გავხდეთ იმ ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი, რომელზეც წლების განმავლობაში ძალიან დიდი მოთხოვნა იყო თავად ახალგაზრდებისგან“, – განაცხადა ირაკლი გვილავამ პრეზენტაციაზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები