2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
უფრო კონკრეტულად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA – 2.7-4.0). ამასთან, უწყებები, სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებსაც განსაზღვრავენ.
კონკურსი ორეტაპიანია – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს მიენიჭებათ.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ვებგვერდ www.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეეძლებათ.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
გაითვალისწინეთ: იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირში სტაჟირება – საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected].