„საქართველოში ბევრი ვერ იყენებს განათლებას სრულად და ეს იმედგაცრუებას იწვევს“ – მაგისტრობის მსურველები გამოცდიდან

სტუდZona

21-22 ივლისს ათასობით სტუდენტი 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გავიდა. უმეტესობისთვის ეს ფორმალობა არ არის, სტუდენტები ამ გზით ცდილობენ მოიპოვონ აკადემიური უპირატესობა, კარიერული განვითარება ან უცხოეთში სწავლის გაგრძელების შანსი. თუმცა, სტრესი, დასაქმების გაურკვევლობა და ქვეყნის შრომის ბაზრის რეალობა ბევრს აიძულებს ფრთხილი ოპტიმიზმით შეხედოს ამ პროცესს, ნაწილი კი მომავალს ეჭვით უყურებს და არც იმის იმედი აქვს, რომ დიპლომი ნამდვილად რეალურ კარიერულ ბენეფიტად იქცევა.

გამოცდის დასრულების შემდეგ, აპლიკანტების ნაწილს კითხვებით მივმართეთ: რას ელიან მაგისტრატურისგან? დაეხმარება თუ არა მათ ეს ნაბიჯი კარიერულ გზაზე და რას ფიქრობენ მომავალში საზღვარგარეთ განათლების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

„აქაური მაგისტრატურა შეიძლება პლატფორმად გამომადგეს“

ბევრ სტუდენტს სამაგისტრო განათლება არა მხოლოდ ადგილობრივი შრომის ბაზრისთვის, არამედ უცხოეთში წასვლისთვის სჭირდება:

„მოლოდინი მაქვს, რომ ჩავაბარებ და თუ საჭირო გახდა, მაგისტრატურაზე სწავლას აქაც დავიწყებ, სანამ უცხოეთში წავალ. უცხოეთში უფრო მნიშვნელოვანია კვლევითი გამოცდილება, ენის ცოდნა და აქტიურობა. მაგრამ აქაური მაგისტრატურა, შეიძლება, პლატფორმად გამომადგეს, როცა იქ აპლიკაციას შევავსებ“, – ამბობს ერთ-ერთი აპლიკანტი STUDINFO.GE-სთან საუბარში.

გამოკითხული სტუდენტების ნაწილს, მარიამ მდივნიშვილს და აკაკი ლებანიძეს, არ აქვთ მკაფიო გეგმა, მაგრამ სოციალური გარემო მათ უცხოეთში წასვლის იდეის სერიოზულად განხილვას აიძულებს:

„თუ აქ ვერ ვიპოვი კარგ სამუშაოს, ალბათ სხვაგანაც ვცდი ბედს. დიპლომი მაქვს, ენაც ვიცი, ანუ არ გამოვრიცხავ“, – გვეუბნება მარიამი.

„თუ რეალური შანსი იქნება, წავიდოდი ევროპაში სწავლის გაგრძელებისთვის ან დასაქმებისთვის. საქართველოში ბევრი ვერ იყენებს განათლებას სრულად და ეს იმედგაცრუებას იწვევს“, – ამბობს აკაკი.

პესიმისტური განწყობები მაგისტრატურის საფეხურის გავლის შემდეგ, წარმატებულად დასაქმების გარანტიაზე არაერთი გამოსაცდელისგან მოვისმინეთ. ახალგაზრდები არ არიან დარწმუნებული, რომ საერთოდ შეძლებენ დასაქმებას ორწლიანი სწავლის შემდეგ:

„ვფიქრობ, რომ ჩაბარება დიდად არ გამიჭირდება. არ ვარ სრულად მომზადებული, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ტექსტის ანალიზი გადამარჩენს. დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ მაგისტრის ხარისხი დასაქმებაში დამეხმარება. მაგრამ მაინც მგონია, რომ შეიძლება კარიერულად რაღაც ეტაპზე საჭირო გახდეს“, – გვითხრა ერთ-ერთმა გამოცდიდან გამოსულმა.

ბევრ ახალგაზრდას, სამაგისტრო პროგრამა უცხოეთში გასავლის მომზადების ეტაპად მიაჩნია, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ და სოციალურ სფეროებში.

ოპტიმისტურად არის განწყობილი ვანო კაკაშვილი, რომელიც STUDINFO.GE-სთან საუბრისას ასე აფასებს მაგისტრატურაში მიღებული განათლების მნიშვნელობას:

„ეჭვგარეშეა, რომ დამეხმარება სამაგისტრო გამოცდა ჩემს პროფესიაში დასაქმებაში. ცხადია, ყველა აქ მოსული სტუდენტი იბრძვის იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალი აკადემიური ხარისხი ჰქონდეს. ეს დიპლომი ჩვენთვის სარფიანი და ფასეული იქნება. სავსებით შესაძლებელია, უცხოეთში წასვლა და საქმიანობის იქ გაგრძელება, ერთი დიპლომის პირობებშიც მოხდეს. მე ერთ-ერთ ვარიანტად ინგლისურენოვან მედიაფსიქოლოგიაზე ჩაბარებას განვიხილავ და აქედან უფრო მარტივი იქნება გაცვლითი პროგრამებით წასვლა უცხოეთში. თუკი ამის შესაძლებლობა მომეცემა, შეიძლება, ერთ-ერთ უცხო ქვეყანაშიც ამოვყო თავი, თუნდაც სწავლის და მუშაობის მიზნით“.

ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო ბევრი აქვს ნაფიქრი დიტო ბელქანიას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მედიის კვლევების“ ან „მედიაფსიქოლოგიის“ სამაგისტრო პროგრამაზე აპირებს ჩაბარებას:

„ზოგადად, მიმაჩნია, რომ ეროვნული გამოცდები და საერთო სამაგისტრო გამოცდები მნიშვნელოვანი კომპონენტია განათლების სისტემაში და მიუხედავად იმ სტრესისა, რაც მე, ჩემს მეგობრებს და ყველა აბიტურიენტს გვქონდა, ეს გამოცდები სამართლიან პირობებში გვაძლევს თავის გამოვლენის შესაძლებლობას, რაც ერთ-ერთი წინაპირობაა შემდგომში ჩვენი პროფესიული გაზრდისთვის.

რაც შეეხება მაგისტრის დიპლომს, ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკონომიკური და თუნდაც მორალური ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ არათუ მაგისტრის დიპლომი, დოქტორის ხარისხიც კი, ზოგ შემთხვევაში თითქმის არაფერს ნიშნავს. თუმცა, ვფიქრობ, ამის გამო ჩვენ სწავლაზე ხელი არ უნდა ავიღოთ, პირიქით, განსაკუთრებით ახალი თაობა უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცები გამოვასწოროთ და თუ გამოსწორება გვინდა, ეს პროცესი აკადემიური მუშაობის გარეშე არ გამოვა. ამიტომ, ჩემი აზრით, მიუხედავად იმედგაცრუებებისა და სტრესისა, ჩვენ ასეთ გამოცდებზე უნდა გავიდეთ და გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები“.

დიტო უცხოეთში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც გვიზიარებს შეხედულებას:

„უცხოეთში წასვლა ახლაც შესაძლებელია, ჯერ-ჯერობით, სანამ არ არის შეჩერებული Erasmus+ პროგრამები და სანამ ქვეყანაში ევროკავშირთან ურთიერთობა გვაქვს. ბაკალავრიატზე ჩემი არაერთი კურსელი თუ ჯგუფელი იყო მსგავსად წასული უცხოეთში. ორი დიპლომი კი, რა თქმა უნდა, ზრდის ამ შესაძლებლობაში მონაწილეობის შანსს, ვინაიდან მეტად ხარ დაფასებული, როგორც დარგის პროფესიონალი. ბოლონიის პროცესი სანამ მოქმედებს ჩვენთან, საქართველოს განათლების ხარისხი აღიარებულია ევროპაშიც, ამიტომ, ორი დიპლომი შანსებზე მოქმედებს“.

სამაგისტრო განათლება დღეს ბევრისთვის იმედის, მოლოდინისა და სტრატეგიის კომბინაციაა. ზოგისთვის ის კარიერული წინსვლის საშუალებაა, სხვებისთვის – თავდაცვის მექანიზმი – მომავლის არასტაბილური ეკონომიკის წინაშე. საერთო განწყობა კი ასეთია: მიუხედავად ეჭვების, გამოწვევების და იმედგაცრუებისა, ახალ თაობას ჯერ კიდევ სჯერა, რომ სწავლა ცვლილებების ერთადერთი რეალური გზაა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ესაუბრა მარიამ ბარამიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები