კონკურსი „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ – პირობები და ფულადი პრიზები ნომინაციების მიხედვით

სტუდZona

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოაცხადა კონკურსი – „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება, განაცხადების წარმოდგენის გზით, შეუძლია 18-დან 35 წლის ჩათვლით ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ახალგაზრდის / ახალგაზრდების ჯგუფის / ახალგაზრდული ორგანიზაციის უშუალო განაცხადით, ისე სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ან/და არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის წარდგინებით.

კონკურსი სამ ნომინაციაში გაიმართება:

1. საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა;
2. საუკეთესო სამშვიდობო იდეა;
3. საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი.

ნომინაცია N1 – საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას:

– საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოების ქართველ და აფხაზ / ქართველ და ოს წევრებს შორის კონტაქტების განმტკიცებისა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის ინიციატივ(ებ)ში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

ნომინაცია N2 – საუკეთესო სამშვიდობო იდეა

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

– საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოების ქართველ და აფხაზ / ქართველ და ოს წევრებს შორის მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის საუკეთესო ინიციატივის/საპროექტო იდეის წარმოდგენა;

– წარმოდგენილი ინიციატივის ინოვაციურობის და განხორციელების შესაძლებლობის დასაბუთება;

– ინიციატივით გათვალისწინებული აქტივობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში, ადგილობრივი პარტნიორ(ებ)ის / პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის მითითება, ასეთის არსებობას.

ნომინაცია N3 – საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

– კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მშვიდობის მშენებლობის, ქართულ-აფხაზური / ქართულ-ოსური საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის თემაზე კვლევითი, სამეცნიერო ან/და აკადემიური ხასიათის ნაშრომის მომზადება, სადაც ნათლად არის გამოკვეთილი სამშვიდობო გზავნილი;

– განხორციელებული აკადემიური ხასიათის საქმიანობის შედეგად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოების ქართველ-აფხაზ / ქართველ – ოს წევრებს შორის მშვიდობის მშენებლობის ან/და ნდობის აღდგენის იდეის ხელშეწყობა / პოპულარიზაცია.

სამივე ნომინაციის შემთხვევაში კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად პირობებს:

– განხორციელებული / განსახორციელებელი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მიზნებთან, ასევე აღნიშნულ სფეროში მოქმედ სტრატეგიულ დოკუმენტებთან;

– კონკურსის მიზნებისთვის, ნდობის აღდგენის იდეა / საქმიანობა უნდა გულისხმობდეს საოკუპაციო ხაზებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრების, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად მაცხოვრებელი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლე პირების ჩართულობას / დაახლოებას;

– მშვიდობის მშენებლობის / ნდობის აღდგენის იდეა, საქმიანობა ან ამ თემისადმი მიძღვნილი ნაშრომი უნდა ეხებოდეს მხოლოდ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ურთიერთობების თემას.

კონკურსის შედეგად თითოეულ ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულს 𝟑 𝟎𝟎𝟎 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო გადაეცემა.

დაინტერესების შემთხვევაში, განაცხადის გაგზავნა 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ.

იხილეთ: კონკურსის პირობები დეტალურად

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები