საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის, უახლოეს მომავალში ევროპული ახალგაზრდული ბარათი – ე.წ. „შესაძლებლობების ქარდი“ გახდება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ბარათების გაცემა მიმდინარე წლის შემოდგომიდან უნდა დაიწყოს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბარათი მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას უზრუნველყოფს და მის მფლობელებს ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ სერვისზე ფასდაკლებას სთავაზობს.
„სულ მალე, საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი – ე.წ. შესაძლებლობების ქარდი, რომელიც ევროპის მასშტაბით აქტიურად გამოიყენება და აერთიანებს 9 მილიონამდე ახალგაზრდას. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია“, – განაცხადა კალაძემ.