„დღეს პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა მეილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა“, – ასეთი ინფორმაცია გაავრცელა დღეს, 10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ.
როგორც ირკვევა, ერთი შინაარსის მეილი ათამდე სტუდენტმა მიიღო, მასში კი თავად სტუდენტების მიერ გავრცელებულ ფოტომასალაზე დაყრდნობით, ასეთი რამ წერია:
“როგორც თქვენთვის ცნობილია,გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი.
“ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 3 სამუშაო დღის ვადაში რექტორთან წერილობითი მიმართვის საფუძველზე (ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: [email protected]) უნივერსიტეტის ადმინისტრაცია”.
გაფიცული და ახლა უკვე სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდასაჭერად, დღეს თეატრალურ უნივერსიტეტთან სოლიდარობის აქცია დაიგეგმა.
დღესვე განმარტება გააკეთა თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განცხადების ფორმით, სადაც წერია: “ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ: რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში. რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად”.
სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, გუშინ, 9 მარტს, ათობით გაფიცული სტუდენტი პოლიციამ 5000-5000 ლარით დააჯარიმა. ასევე, მათ თეატრალური უნივერსიტეტის ტერიტორია დაატოვებინეს: “ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყეს, 9 საათზე ისინი ხსნარების სუნმა გააღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ მათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შესთავაზეს, ადგილს შეიცვლიდნენ, უნივერსიტეტი ამას არ დასთანხმდა და შესთავაზა სალაროს სივრცის დაკავება. ამ შეთავაზებაზე უკვე სტუდენტებმა თქვეს უარი, ფართის სიმცირის და იმის გამო, რომ იქიდან ფოიეში დაბრუნების უფლება აღარ მიეცემოდათ”.