გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის შესარჩევად, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო კონკურსს აცხადებს.
სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 29 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება და არ ყოფილა შერჩეული გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად.
კონკურსის მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: თავისუფლად ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი); იცნობდეს საკონკურსო თემატიკას; იცნობდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაეროს წარმოდგენილი სტრუქტურების, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 19 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected].
რა შესაძლებლობები ექნება გამარჯვებულს:
დაფინანსდეს 30 000 ლარით და მიენიჭოს ერთწლიანი მანდატი; გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში; ფორუმზე ისაუბროს ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე; გაეროში, ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეზოლუციისა და დეკლარაციის შემუშავებაში; ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროს ცოდნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსი – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ ნაწილია პროგრამის – „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ. კონკურსის ერთ-ერთი ამოცანაა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევების განსაზღვრა და, ზოგადად, გაეროს დღის წესრიგში საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების დაცვა.
საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე