თეატრალური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU), ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი – ეს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია, სადაც სტუდენტების ნაწილი ღამეებს ათევს და საპროტესტო აქციებზე დაკავებული სტუდენტებისა თუ სხვა მოქალაქეების პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტს გამოხატავს.
ყველაზე ხანგრძლივია (17 დეკემბრიდან) შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების უვადო პროტესტი. მათი მოთხოვნებია: უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შალუტაშვილის გადადგომა, საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი სპარლამენტო არჩევნები და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული სტუდენტები და სხვა თანამოქალაქეები.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მოითხოვენ, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს უნივერსიტეტის 4 სტუდენტი და დეკანი. მათი თქმით, დაკავებულები უკანონო პატიმრები არიან.
სტუდენტები პროტესტის გაგრძელებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გეგმავენ. მათ დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის ფოიე და ღამეს იქ ათევენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, გაფიცულია 80-მდე სტუდენტი.
15 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, თემურ კეჟერაძემ თანამდებობა დატოვა.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში ღამის თევით გამოხატავს პროტესტს. როგორც ისინი STUDINFO.GE-სთან ამბობენ, 17 იანვარი უწყვეტი, ოცდაოთხსაათიანი პროტესტის მესამე დღეა:
“SEU-ს სტუდენტების გარკვეული ნაწილი არის გაფიცული. დღეს არის გაფიცვის მესამე დღე – უწყვეტი პროტესტი. ჩვენი უნივერსიტეტის მხრიდან მოვითხოვთ, რომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდეს სოლიდარობა საპროტესტო აქციისას დაკავებული SEU-ს სტუდენტის, ირაკლი მიმინოშვილის მიმართ. ეს დღეებია უშედეგოდ ვითხოვთ რექტორთან, ბატონ გია კავთელიშვილთან შეხვედრას. გაფიცული სტუდენტები ვითხოვთ, ხელახალ არჩევნებს და ვუცხადებთ სოლიდარობას რეჟიმის ყველა პატიმარს”.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს,მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ “მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე”.
საპროტესტო აქციები ქვეყანაში 50 დღეზე მეტია გრძელდება და ამ დროის განმავლობაში არაერთი ადამიანია დაკავებული.