ცნობილია რას ითვალისწინებს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა 2025 წელს

ინფორმერი

ახალგაზრდების მხარდაჭერის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა პრემიერ-მინისტრის ბრძანებით უკვე დამტკიცდა და ახალგაზრდების სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას ითვალისწინებს.

მათ შორის არის: 1.სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა და 2.სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

STUDINFO.GE დეტალურად გაგაცნობთ რას ითვალისწინებს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა 2025 წელს:

ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ამ კატეგორიის ახალგაზრდების დამოუკიდებელ ცხოვრებას უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობით. ახალგაზრდა მომავალი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფილია სტაბილური, უსაფრთხო საცხოვრებლით, აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროფესიული/უმაღლესი განათლება, შეძლოს კარიერული განვითარება, რათა კონკურენტუნარიანი გახდეს შრომის ბაზარზე.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-იდან 21 წლამდე (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ახალგაზრდები (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი სკოლა-პანსიონი, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრები, მინდობით აღსაზრდელები, რომელიც არის იმ უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელიც არ მდებარეობს მინდობით აღმზრდელის საცხოვრებელ ქალაქში) ახალგაზრდა.

2. ამასთან, მოსარგებლეს:
ა) რომელსაც არ შესრულებია 21 წელი და დაასრულა სწავლა, მომსახურება უგრძელდება არაუმეტეს 3 თვის ვადისა; ბ) რომელსაც შეუსრულდა 21 წელი და არ დაუსრულებია სწავლა, მომსახურება უგრძელდება ბაკალავრიატის დასრულების თვის ჩათვლით (არაუმეტეს ერთ სასწავლებელში (არაუმეტეს 2 სასწავლო კურსისა) უწყვეტად 4 სასწავლო წლისა, უმაღლესი/პროფესიული სასწავლებლის სასწავლო კურსის ხანგრძლივობის გათვალისწინებით).

3. ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი ენიჭება მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მოსარგებლებს.

4. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის ახალგაზრდა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში იმყოფებოდა მინიმუმ 1 (ერთი) წლის განმავლობაში და მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 24 თვეზე მეტი; ბ) არ არსებობს ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობა (უსახლკარობა, საფრთხის შემცველი საცხოვრისი, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებული მშობლები/ოჯახის წევრი, ოჯახში ძალადობა და სხვ); გ) აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები და განათლების მიღების მოტივაცია. აქვს ქვეპროგრამაში ჩართვაზე ზრუნვის სააგენტოს უფლებამოსილი პირის – სოციალური მუშაკის და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ადმინისტრაციის რეკომენდაცია შესაბამისი ფორმით, რომელიც მტკიცდება ზრუნვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; დ) არის უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, ან არის აბიტურიენტი (აქვს შესაბამისი დოკუმენტი ან/და სოციალური მუშაკის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ მოსარგებლი ემზადება უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლში ჩასაბარებლად).

ქვეპროგრამის ღონისძიებები

1. ქვეპროგრამის ღონისძიებებია:

ა) უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ერთ ოთახში) ერთად არა უმეტეს 3 მოსარგებლისათვის, ხოლო ერთ შენობაში არაუმეტეს 6 მოსარგებლისა; ბ) 25 მოსარგებლეზე ერთი მომსახურების სოციალური მუშაკის/ახალგაზრდული მუშაკის/სოციალური პედაგოგის მომსახურებით უზრუნველყოფა; გ) საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება; დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლება; ე) სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა; ვ) მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება, ნებელობითი ფუნქციების, კომუნიკაციის უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობა; ზ) პროფესიული კონსულტირება, კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს ძიებისა და დასაქმების უნარების განვითარების (CV-ის და სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრებისთვის მომზადება) ხელშეწყობა; თ) დროის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის დაგეგმვის ტექნიკის სწავლება; ი) მოსარგებლის ჩართულობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური გეგმის მომზადება; კ) წახალისების მექანიზმის დანერგვა; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა; მ) ყოველდღიური ხარჯებისათვის ჯიბის ფულით (ახალგაზრდის მიერ კვების, ტრანსპორტირების, ჰიგიენური საშუალებებისა და ყოველდღიური საჭიროებებით დაკმაყოფილების მიზნით) უზრუნველყოფა; ნ) ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; ო) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოყოფილი საცხოვრებლის ინვენტარითა და ტექნიკით უზრუნველყოფა; პ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომუნალური ხარჯებით უზრუნველყოფა.

2. მოსარგებლის მომსახურების ადგილზე არყოფნის შემთხვევაში (დასასვენებლად ქალაქგარეთ გასვლა, ექსკურსია და სხვ.) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის მიერ:

ა) მოსარგებლის სამგზავრო ხარჯებით უზრუნველყოფას;
ბ) დასვენებისათვის/ქალაქგარეთ გასვლისათვის საჭირო ხარჯებით, მათ შორის, კვების, ყოველდღიური და საცხოვრებლის დაქირავებისათვის თანხით უზრუნველყოფას.

კომპონენტში მოსარგებლის ჩართვის პროცედურა

1. ქვეპროგრამაში ჩარიცხვის/ამორიცხვის/ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭო, სოციალური მუშაკის დასკვნისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.

2. მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვისთანავე ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება 6 თვის ვადით, სადაც გაწერილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციისა და მოსარგებლის მოვალეობები, ასევე, ქვეპროგრამით სარგებლობის დამატებითი პირობები. ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს ზრუნვის სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მოსარგებლისათვის მომსახურების:
ა) მიწოდება წყდება შემდეგ შემთხვევებში:
ა.ა) მიაღწია ქვეპროგრამით განსაზღვრულ ზღვრულ ასაკს;
ა.ბ) საკუთარი სურვილით წყვეტს ხელშეკრულებას;
ა.გ) გაუჩინარების შემთხვევაში (არაუმეტეს 20 დღისა);
ა.დ) შექმნა ოჯახი;
ა.ე) შეუჩერდა (ერთ სემესტრზე მეტი ვადით)/შეუწყდა სტუდენტის სტატუსი შეწყვეტის სემესტრის თვის დასრულებისთანავე;
ა.ვ) დაარღვია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მიმწოდებელი ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას მომსახურების მიწოდების შეწყვეტის თაობაზე;
ა.ზ) თუ მოსარგებლმა თვითნებურად დატოვა მომსახურება, უარს აცხადებს დაბრუნებაზე და გასულია 2 თვე;
ა.თ) არსებობს სხვა გარემოება (მაგ.: სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა და სხვ.).
ბ) ანაზღაურების გაცემა ჩერდება შემდეგ შემთხვევებში:
ბ.ა) თუ მოსარგებლემ თვითნებურად დატოვა მომსახურება ზედიზედ 14 დღეზე მეტი ვადით და უარს აცხადებს დაბრუნებაზე;
ბ.ბ) თუ მოსარგებლე საზღვარგარეთ იქნა გაყვანილი სასწავლებლად ან სამკურნალოდ 2 კვირაზე მეტი ვადით;
ბ.გ) თუ მოსარგებლე სხვადასხვა მიზეზით არ იმყოფება მომსახურებაში 2 კვირა და არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლები;
ბ.დ) თუ მოსარგებლე იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ – „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ მომსახურების დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსარგებლის დაკავების შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოში ინფორმაციის მიღებისთანავე, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას, მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, მეურვეობა-მზრუნველობის საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე აჩერებს მომსახურების ანაზღაურების გაცემას, სოციალური მუშაკის დასკვნის წარდგენის თარიღიდან.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისას მოსარგებლის მომსახურებაში დაბრუნების შემთხვევაში, აღდგება მომსახურების ანაზღაურების გაცემა, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე (წარდგენის თარიღიდან), მურვეობა-მზრუნველობის საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად.

6. შეჩერების პერიოდში მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა არ გაიცემა. აღდგენის შემთხვევაში, შეჩერების პერიოდში მიუღებელი თანხა გაცემას არ ექვემდებარება.

7. მოსარგებლისათვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 14 დღის გამავლობაში.

8. მომსახურება წყდება მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან.

ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 210 000 ლარით.
2. მომსახურებაში მოსარგებლის დაფინანსების ოდენობა შშმ პირისათვის (ახალგაზრდისათვის) შეადგენს თვეში 900 ლარს, ხოლო შშმ სტატუსის არმქონე პირისათვის – თვეში 750ლარს.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის მიმღებია სამინისტროს მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული ორგანიზაცია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის წესი და პირობები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მოსარგებლის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე).

ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის მიერ თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 30 ლარზე – შშმ პირის შემთხვევაში, 25 ლარზე – შშმ სტატუსის არმქონე პირის შემთხვევაში. მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

6. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

რაც შეეხება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამასთან დაკავშირებულ დეტალებს, იხილეთ დანართის ქვეთავი სახელწოდებით: სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები