2024 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სესახებ, სადაც საუბარია რუსთავში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებაზე. როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, პროგრამის განმახორციელებელი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურია.
პროგრამა უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტების (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი, რეზიდენტი) სასწავლო წლის საფასურის ნაწილობრივ ან სრულ დაფარვას. სტუდენტების დაფინანსება განსაზღვრულია აკადემიური მოსწრების მიხედვით და მოიცავს რამდენიმე კატეგორიას.
ვინ დაფინანსდება და რა ოდენობით:
- ბაკალავრები: დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია აკადემიურ მოსწრებაზე, 81-90 ქულის ფარგლებში – 800 ლარი, 90-95 ქულამდე – 1000 ლარი, ხოლო 95-100 ქულამდე – 1200 ლარი.
- მაგისტრანტები და დოქტორანტები: დაფინანსება 85-100 ქულების ფარგლებში განისაზღვრება და არ აღემატება 500 ლარს ერთ სასწავლო წელს.
- რეზიდენტები: დაფინანსება 1500 ლარამდე, პირველი სემესტრიდან.
- ყოფილი სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გამოსული პირები: დაფინანსება არა უმეტეს 1200 ლარისა.
მუნიციპალიტეტისათვის მიმართვისას სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ რეგისტრაცია ქალაქ რუსთავში და უწყვეტი ბინადრობა 2 წლის განმავლობაში. აღიარება შეეხება მხოლოდ მათ, ვინც რეგისტრირებულია ქალაქ რუსთავში, ან რომელთაც აქვთ დევნილის სტატუსი.