8 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომების საერთაშორისო აღიარებას საფრთხეს გამოეხმაურა. განცხადებას studinfo.ge უცვლელად გთავაზობთ:
“ბოლო პერიოდში, სამედიცინო განათლების შესახებ მიმდინარე საჯარო დისკუსიების ფონზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თავს ვალდებულად თვლის განაცხადოს, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის (NCEQE, https://eqe.ge) მიერ ავტორიზებული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომების საერთაშორისო აღიარებას საფრთხე არ ემუქრება.
ამ განცხადების საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წელს ცენტრმა გაიარა WFME-ის (https://wfme.org/ საერთაშორისო ექსპერტების შეფასება, რომლებმაც დაადასტურეს რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, რეგულარულად განახლებადი და მსოფლიო ფედერაციის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანილი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დარგობრივი მახასიათებელი, ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ერთობლივ მოთხოვნებთან. შედეგად 2018 წლიდან საქართველოს ეროვნული განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აღიარებული იქნა WFME-ის მიერ, ეს სტატუსი ძალაშია 2028 წლამდე.
WFME-ს მისიაა უზრუნველყოს სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება მთელ მსოფლიოში მის მიერ შემუშავებული გლობალური სტანდარტების (დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების, https://wfme.org/standards) მეშვეობით და WFME-ს მოთხოვნების და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყნებში აკრედიტაციის მიმნიჭებელი სტრუქტურების აღიარება (საქართველოში ეს აღიარება მოიპოვა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა – NCEQE, https://eqe.ge). საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ WFME-სგან მოპოვებული აკრედიტაციის განხორციელების უფლება ნიშნავს იმას, რომ ცენტრის მიერ როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოქმედი უნივერსიტეტებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია მთელს მსოფლიოში იქნება აღიარებული.
WFME-ის აღიარება დამოკიდებულია მხოლოდ სამედიცინო განათლების ხარისხზე და გლობალურ სტანდარტებზე. მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს (არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების) აკრედიტაციის მიმნიჭებელი სტრუქტურები აღიარებულია WFME-ის მიერ, რაც ნიშნავს, რომ მათ მიერ აკრედიტირებული უმაღლესი სამედიცინო განათლების დაწესებულებების კურსდამთავრებულებისთვის გზა ხსნილია საერთაშორისო მასშტაბით შემდგომი მომზადების, ლიცენზირების და პროფესიული საქმიანობისთვის. ამის დამადასტურებელია WFME-ს ვებ გვერდზე განთავსებული რუკა და ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, რომელთა აკრედიტაციის მიმნიჭებელი სტრუქტურული ერთეულები აღიარებული მსოფლიო ფედერაციის მიერ
მაგალითისთვის, ჩამოთვალში არის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა აშშ, სამხერეთ კორეა, იაპონია, სუდანი და სხვ) და არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. იხ. http://wfme.org/news/three-accrediting-agencies-awarded-wfme-recognition-status/?fbclid=IwAR219fIgfI3N0MGXrpjFERRLr-924n4Y1gfkaEYgIdqm5N6s0VLp-vM2-TI.
ლურჯად მონიშნულია ის ქვეყნები, სადაც მააკრედიტებელი სააგენტოები აღიარებულია WFME-ს მიერ.
ამდენად, ვარაუდი, თითქოს WFME-ის აღიარება პირდაპირ მიბმული იყოს პოლიტიკურ მოვლენებზე ან NCEQE-ს რეგისტრაციასთან EQAR-ის მიერ ან ENQA-ს შეფასებასთან, უსაფუძვლოა. საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სამედიცინო განათლების სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომების ლეგიტიმაციას საფრთხე არ ემუქრება და კურსდამთავრებულთა მომავალი კარიერა სრულიად უსაფრთხოა. ცხადია, მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებს უცხოელი სტუდენტებისთვის.
ბმულები დამატებითი ინფორმაციისთვის
ქვემოთ ჩამოთვლილია წყაროები, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ უფრო დეტალური ინფორმაცია WFME-ის აღიარების, NCEQE-ის აკრედიტაციისა და დაკავშირებული პოლიტიკის შესახებ:
1. სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME)
o WFME-ის აღიარების პროგრამა: https://wfme.org/accreditation/recognition-programme/
ამ ბმულზე ნახავთ, როგორ აფასებს WFME აკრედიტაციის ორგანოებს.
o WFME-ის აღიარების მქონე ორგანოების სია: https://wfme.org/accreditation/accrediting-agencies-status/
აქ შეგიძლიათ ნახოთ იმ აკრედიტაციის ორგანოების სია, რომლებიც აღიარებულნი არიან WFME-ის მიერ. მათ შორისაა NCEQE.
2. საქართველოს ეროვნული განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი (NCEQE)
o ოფიციალური ვებგვერდი: https://www.eqe.ge/en
აღნიშნულ საიტზე იხილავთ ინფორმაციას აკრედიტაციის სტანდარტების, ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და მათი აღიარების შესახებ.
3. სამედიცინო კურსდამთავრებულთა უცხოეთის განათლების კომისია (ECFMG)
o ECFMG აკრედიტაციის მოთხოვნები საზღვარგარეთ არსებულ უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლებისთვის: https://www.ecfmg.org/accreditation/
აქ მოცემულია ინფორმაცია, როგორ ცნობს ECFMG WFME-ის მიერ აღიარებულ აკრედიტაციის ორგანოებს, რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს მიიღონ ლიცენზია და განაგრძონ მომზადება აშშ-ში,” – ვკითხულობთ თსსუ-ის ოფიციალურ განცხადებაში.