5 დეკემბერს 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან სტუდენტების საპროტესტო აქცია იგეგმება. სტუდენტების განცხადებით, ისინი თსუ-ის სამართლის სტუდენტის დაკავებას გააპროტესტებენ. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” დამფუნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე 4 ნოემბერს დააკავეს.
“ხვალ 5 დეკემბერს, 11სთ-ზე გელოდებით თსუ-ს მეორე კორპუსთან. დააკავეს ზვიადი ცეცხლაძე, თსუ-ს სამართლის სტუდენტი, სრულიად უსაფუძვლოდ. ამ უსამართლობაზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება. ხვალ შეიძლება თქვენ იყოთ შემდეგი, ამიტომ სანამ დროა გამოდით და იბრძოლეთ თქვენივე თავისუფლებისთვის,” – წერენ სტუდენტები თსუ-ის ფეისბუკ ჯგუფში.
ზვიად ცეცხლაძის დაკავების დეტალებს “დაფიონის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს:
“დაკავებამდე ზვიად ცეცხლაძე იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან უნივერსიტეტიდან მეგობარი გააცილა თემქამდე, სადაც მოხდა მისი უკანონო დაკავება. სავარაუდოდ, პოლიციის მანქანაში მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა. შემდგომ იგი მიიყვანეს საკუთარ ბინაში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა. ადვოკატი მასთან მხოლოდ დაკავების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეუშვეს. როგორც კადრებიდან ჩანს, მისი სახლიდან ამოღებულ იქნა პირბადეები, აირწინაღები, ტანსაცმელი, პულივიზატორები და ა.შ.
პოლიცია მას 225-ე მუხლით ედავება, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას.
ამჟამად გადაყვანილია გულუას 10 ნომერში, მთავარ სამმართველოში, მასთან იმყოფება ადვოკატი.
სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ინფორმაცია განახლებადია,” – ვკითხულობთ “დაფიონის” განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ “მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე”. შემდეგ დღეებში, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო.