სასწავლო პროცესის შეჩერება – უნივერსიტეტების პროტესტი

აქტუალური

29 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტების ნაწილმა სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა ან დისტანციურ სწავლაზე გადავიდა. გთავაზობთ მათ სიას და განცხადებებს, რომლებიც უნივერსიტეტების სოციალურ ქსელებში განთავსდა.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის განცხადება:

“სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ.”

BTU-ს განცხადება:

“ვიზიარებთ პოზიციას, რომელიც სტუდენტებმა და ჩვენმა აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა გუნდმა გამოხატა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სტუდენტების ინტერესებისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის გადადების შესახებ,” – წერია BTU-ს განცხადებაში.

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის განცხადება:

“ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელებს, მიგვაჩნია, რომ ევროპული ინტეგრაცია  საქართველოს ისტორიული, უალტერნატივო გზაა. ამ გზის ერთ-

ერთი მკაფიო მაგალითია ჯერ კიდევ 2005 წლიდან ბოლონიის პროცესთან საქართველოს

უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მჭიდრო ინტეგრირება. ამ და სხვა მრავალი

გარემოებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართული თაობათა მრავალწლიანი ძალისხმევა და, შესაბამისად, დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის 78 – ე მუხლი. „საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი

უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული

ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. – აქვეყნებს განცხადებას თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

GIPA-ს განცხადება:

“GIPA, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების იდეის ერთგული უნივერსიტეტი, დღიდან დაარსებისა, მხარს უჭერს ქართველი ერის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

უნივერსიტეტი დროებით აჩერებს სასწავლო პროცესს!” – წერია GIPA-ს ფეისბუკ პოსტში.

თავისუფალი უნივერსიტეტის განცხადება:

“თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის მენეჯმენტი ყოველთვის დარწმუნებული იყო და დღესაც მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება უკიდურესად საზიანოა საქართველოს აწმყოსა და მომავლისათვის. საქართველოს სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისა და ფასეულობებისაკენ ეფუძნება ხალხის ნებას და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წლებია ემსახურება და იცავს დასავლურ ღირებულებებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი, მაშინაც, როდესაც 2013 წელს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუწყვიტეს და ფუნქციონირების უფლება წაართვეს და მაშინაც, როდესაც უნივერსიტეტების დამფუძნებელს, კახა ბენდუქიძეს, ქვეყნის დატოვება მოუწია და ის დევნილობაში გარდაიცვალა.

ვიაზრებთ, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლას სჭირდება ღირებულებების დაცვა, რაც ცოდნას, თანმიმდევრულობასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს,” – ვკითხულობთ თავისუფალი უნივერსიტეტის განცხადებაში.

ალტერბრიჯის უნივერსიტეტის განცხადება:

“ალტერბრიჯი იყო, არის და იქნება საქართველოს ევროპული განვითარების მხარდამჭერი!!!

ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების მისიაა, შევუქმნათ ადამიანებს პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი, საუკეთესო შესაძლებლობები!

ამიტომაც, ალტერბრიჯი დგას თავისი სტუდენტების და ევროპული მომავლის მხარეს!

ჩვენ ვართ ხიდი ევროპისკენ!” – წერია ალტერბრიჯის უნივერსიტეტის განცხადებაში.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეიდან ერთი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს, 29 ნოემბერს განუცხადეს, ინფორმაცია სწავლების დასწრებითი ფორმის დისტანციურით შეცვლის შესახებ, ადმინისტრაციის მიერ თითოეულ სტუდენტს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა.

“სტუდენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, უნივერსიტეტი გადადის დისტანციური სწავლების რეჟიმში 7 დეკემბრამდე”, – აღნიშნულია თეტრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წერილში.

თეატრალური უნივერსიტეტი რუსთაველის გამზირის #19-შია განთავსებული და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაკავება მიმდინარეობდა. თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ “მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე”. 28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო.

ინფორმაცია განახლებადია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები