ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის წარდგენისა და წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელიც KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ. მათ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და კუთვნილი ჯილდოები – კომპიუტერები გადასცეს.
გიორგი ხუბუამ დამსწრე საზოგადოებას ახალი ინიციატივა – საბავშვო უნივერსიტეტის კონცეფცია გააცნო და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საბავშვო უნივერსიტეტი იმერეთის რეგიონის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-9 – მე-12 კლასების მოსწავლეებს შაბათ-კვირას ლექციებს შესთავაზებს.
სალექციო კურსებს სხვადასხვა შემეცნებით და სამეცნიერო თემებზე წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, ფორმალურ განათლებასთან ერთად, უმაღლესი განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცნობიერება. ეს გამოცდილება მოსწავლეებს მომავალი პროფესიის არჩევის გადაწყვეტილების პროცესში დაეხმარებათ.