ნოდარ ბოკერია გაეროში: „დავაარსოთ ციფრული უნივერსიტეტი, რომელიც იმუშავებს ნებისმიერ კონტინენტზე და მისცემს ახალგაზრდებს განათლების მიღების შესაძლებლობას“

სტუდენტური პრობლემები

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-3 კომიტეტის დღის წესრიგით გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში ნოდარ ბოკერია, რომელიც, 2024 წლის მარტში, ამ პოზიციაზე სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად შეირჩა.

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი სიტყვით გამოსვლისას შეეხო იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას დღეს ახალგაზრდობა.

,,როგორც გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენლების, ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობაა, ვიფიქროთ გლობალურად და მივხედოთ საზღვრებს მიღმა არსებულ პრობლემებს. ამიტომ, დღეს მსურს ვისაუბრო კრიტიკულ საკითხზე, რომელიც ჩვენს ირგვლივ გლობალური პანდემიის მსგავსად ვრცელდება — განათლების ნაკლებობაზე.

ნებისმიერი ქვეყნის ზრდისა და განვითარების ფუნდამენტური საყრდენი დღეს უპრეცედენტო გლობალური გამოწვევებით ირღვევა, როგორებიცაა – კლიმატის ცვლილება, მიმდინარე კონფლიქტები და მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ გამოწვევებს შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეთ მომავალი თაობებისთვის მთელ მსოფლიოში. UNICEF-ის მიხედვით, მსოფლიოში 260 მილიონი ბავშვი სკოლაში არ დადის, და კიდევ უამრავი ხარისხიან განათლებაზე წვდომის გარეშეა. ამის გამო, ქვეყნები კარგავენ იმ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც შეიძლება ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესზე იყოს პასუხისმგებელი, რაც ხელს უწყობს უთანასწორობის მზარდი უფსკრულის გაღრმავებას ქვეყნებს შორის.

საქართველოში ჩვენ ვდგავართ მსგავსი გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. თუმცა, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა მორგებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თუნდაც იმ სოფლებში, სადაც მხოლოდ და-ძმანი დადიან სკოლაში და მშობლები მასწავლებლები არიან, სპეციალური პროგრამები არსებობს, რომლებიც მათ ხელს უწყობს სწავლაში”- აღნიშნა ნოდარ ბოკერიამ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. 

,,სამწუხაროდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ბავშვები, რუსეთის მხრიდან ამ რეგიონების უკანონო ოკუპაციის გამო, დისკრიმინაციისა და  ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის წინაშე დგანან, რაც ათასობით ბავშვს თავისი მშობლიური ენის შესწავლის უფლებას ართმევს,” – აღნიშნა მან. 

ნოდარ ბოკერია ციფრული უნივერსიტეტის დაარსების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც იმუშავებს ნებისმიერ კონტინენტზე და ახალგაზრდებს განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

,,მსურს, ინიციატივით გამოვიდე და გაეროსა და მსოფლიოს მოვუწოდო: დავაარსოთ ციფრული უნივერსიტეტი, რომელიც იმუშავებს ნებისმიერ კონტინენტზე და მისცემს ახალგაზრდებს განათლების მიღების შესაძლებლობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ვთავაზობ, ამ ინოვაციური უნივერსიტეტის ცენტრი საქართველოში იყოს განთავსებული. ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და გამორჩეული ევრო-ატლანტიკური ღირებულებები მას იდეალურ ცენტრად აქცევს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლისთვის. შეზღუდული დროის გამო, ვერ ვახერხებ ამ ინიციატივის განხორციელების დეტალებისა და სარგებლის განხილვას. ამიტომ, მოკრძალებით ვთხოვ გაეროს გენერალურ მდივანს, გამოყოს დრო ჩემთვის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ ინიციატივით და მოგვცეს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ამ უნივერსალურად მნიშვნელოვან იდეაზე, რომელიც მილიონობით ბავშვის ცხოვრებას შეცვლის. თუ გაერო მზად არის მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობა ჩავრთო ამ საკითხში და შევუწყო ხელი თანამშრომლობას,” – განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები