საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სასწავლო წელი 16 სექტემბერს განაახლა. 20 სექტემბერს უკვე გამოქვეყნდა 2024/2025 სასწავლო წელს სტუდენტებისთვის განკუთვნილი კულტურული ღონისძიებების სია, რომელიც ასე გამოიყურება:
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილება სტუდენტებს სთავაზობს შემოქმედებით კოლექტივებში ჩართვას და მთელი სასწავლო წლის მანძილზე საუნივერსიტეტო ოლიმპიადებში მონაწილეობას.
როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ბადრი ლებანიძე განმარტავს, ახალ სასწავლო წელს სტუდენტური ოლიმპიადა უნივერსიტეტის ცამეტივე ფაკულტეტზე გაიმართება, ხოლო შემოქმედებითი კოლექტივები საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე უცხოელი მეცნიერების წინაშე წარადგენენ ფოლკლორულ და კლასიკურ რეპერტუარს.
ბადრი ლებანიძის თქმით, ახალი სასწავლო წელი სტუ-ს შემოქმედებითი კოლექტივებისათვის მნიშვნელოვანი იქნება, მაყურებლისათვის კი საინტერესო.
„2024-25 წლები საიუბილეო თარიღების სიმრავლითაა გამორჩეული. წელს ჩვენს სახელოვან ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მერანს“ 90 წელი უსრულდება, სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა დაარსებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს, 2025 წელს კი, სტუ-ის თეატრი-სტუდია „მოდინახე“ 80 წლისა შესრულდება.
კულტურის განყოფილების გუნდი, ჩვენი უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და თანადგომით, უკვე იწყებს მუშაობას ამ დიდი თარიღების ღირსეულად აღსანიშნავად. წელს ჩვენს სტუდენტებს და სტუ-ს გულშემატკივრებს საინტერესო ღონისძიებები ელით”, – აცხადებს ბადრი ლებანიძე.
ინფორმაციისთვის – 2024/25 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნავს სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დაარსებიდან 80 წლის იუბილეს, ასევე გრანდიოზული კონცერტი მიეძღვნება ანსამბლ „მერანის“ 90 წლის და ვაჟთა კაპელას 60 წლის იუბილეებს.