დედაქალაქში, პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი თბილისის მერიამ დღეიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით გამოაცხადა. თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე, მომზადება/გადამზადებას 1 000-მდე მოქალაქე გაივლის.
„პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ითვალისწინებს 18 წლიდან, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა.
„პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 60-მდე სპეციალობაში, მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კურსების ხანგრძლივობა არის ერთიდან შვიდ თვემდე და სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, ონლაინ და ადგილზე დასწრებით.
პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ განხორციელდება შემდეგ კოლეჯებში: „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“; კოლეჯი „სპექტრი”; პროფესიული კოლეჯი „იკაროსი”; კოლეჯი „მერმისი“; „სქილვილ ედუქეიშენ“; „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“; „პროჯექტ ფოლი პო/Project Folie Po“; „ედუსითი გეო“; „ფანტასმაგორია“; „გირის სპორტის, მას-რესლინგის, ბაგირის გადაწევისა და ქროსფიტის (ძალისმიერი ფიტნესის) თბილისის ფედერაცია; „სქილ ლაბი“.